876-მილიონიანი ახალი სტადიონის ტენდერი შეწყდა

პუბლიკა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ, ამ ეტაპზე, გამარჯვებული კომპანია ვერ გამოავლინა და ტენდერი შეწყდა.

ფონდის განცხადებით, აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ხელახალი გადახედვა, რათა პროცესი მეტად სრულყოფილი და კონკურენტული იყოს.

„იმის გამო, რომ ტენდერის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი აკმაყოფილებდა და მისი შეთავაზება, სხვა მონაწილეთა ფასებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი იყო, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საჭიროდ მიიჩნია პირობების ხელახალი შეფასება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა:

  1. YDA Insaat Sanayi ve Ticaret A.S. and Alkatas Insaat ve Taahhut A.S. and Ilgazlar Insaat Ticaret ve San. A.S. (თურქეთი) 744,934,000 ლარი
  2. შპს „მაქრო ქონსთრაქშენ“ და შპს ,,ინშაათჩი 3“ (საქართველო, აზერბაიჯანი) 789,420,000 ლარი
  3. შპს „ანაგი“ (საქართველო) 850,000,000 ლარი.

სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნები „ანაგმა“ დააკმაყოფილა.

ამის მიუხედავად, დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ სატენდერო კომისიამ დოკუმენტის დამკვეთის მოთხოვნებისა და კრიტერიუმების გადახედვის საჭიროება დაინახა, შესაბამისად, ტენდერის პროცედურები ანულირდა.