„ოცნება“ აგრძელებს თავდასხმას დამოუკიდებელ ონლაინ და გამომძიებელ მედიაზე“ - მედიის კოალიცია

პუბლიკა

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება „ქართული ოცნების“ კოორდინირებულ თავდასხმას დამოუკიდებელ მედიაზე და როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოხატავს სრულ სოლიდარობას ჟურნალისტებთან, „რომლებიც ყოველდღიურად უმძიმეს პირობებში ახორციელებენ პროფესიულ მოვალეობას.“

„ქართული ოცნება“ აგრძელებს თავდასხმას დამოუკიდებელ ონლაინ და გამომძიებელ მედიაზე, იყენებს რა კონტროლირებად პროპაგანდისტულ მედიას, რომლებიც საბჭოთა კავშირის ყაიდის მეთოდებით ავრცელებენ ტყუილებს და დეზინფორმაციას გამორჩეული რედაქციებსა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ტელეკომპანია „იმედმა” თავისუფალი ონლაინმედიის წინააღმდეგ ე.წ. „ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა.

ის პროფესიონალ ჟურნალისტებს „აგენტებად“, ხოლო მაღალი პროფესიული სტანდარტით მომუშავე გამოცემებს „ანტიქართულად“ აცხადებს. აბსურდული, ერთმანეთთან შეუთავსებელი და შეთხზული ისტორიების კასკადით ის თავს ესხმის მედიასაშუალებებს, რომელთა პროფესიონალიზმი, მაღალი სანდოობა და რეპუტაცია ეჭვგარეშეა.

მსგავსი შემთხვევები არ არის ერთჯერადი ან შემთხვევითი, ყველა ეს ქმედება მიზანიმართულად და გეგმიურად ხორციელდება უკვე რამდენიმე წელია, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია. ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ „ქართული ოცნებამ“ მიიღო არაერთი რეპრესიული კანონი, უკანონოდ აკავებს ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას და ასამართლებს მათ. დღემდე უკანონო პატიმრობაში იმყოფება მზია ამაღლობელი.

მხოლოდ ბოლო ერთ წელში დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დაფიქსირდა 600-ზე მეტი ინციდენტი, რაც მოიცავდა ფიზიკურ ძალადობას, დაკავებას, მუქარას და დაჯარიმებას. ამის საპირისპიროდ, ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას” ჟურნალისტთა წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში არ მიუცია არცერთი პირი.

…..მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და პატივს სცემს მათ პროფესიულ საქმიანობას. ჩვენ ვდგავართ Sinatle Media • სინათლე მედია გვერდით სამართლიანობის, მედიის თავისუფლებისა და ქვეყნის დემოკრატიული ინტერესების დასაცავად“,- ნათვქამია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ონლაინმედიებს თავს ესხმის, სისხლის სამართლის დანაშაულში ადანაშაულებს და ემუქრება. 

დღევანდელ ბრიფინგზე პაპუაშვილმა თქვა, რომ „ონლაინმედიები გვერდს უვლიან კანონს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია“. მისი თქმით „სამართალდამცავი ორგანოები ამ პროცესებს აკვირდებიან“ და „დანაშაულის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება იქნება“.

პაპუაშვილი მტკიცებულებების გარეშე აჟღერებს ბრალდებას, რომ ონლაინმედიებს ფული საქართველოში კრიპტოვალუტით და ჩემოდნებით შემოაქვთ.

„პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალება „იმედი“ თავისუფალი ონლაინმედიის წარმომადგენლებს „აგენტებად“ და „ანტიქართულ“ გამოცემებად აცხადებს. აბსურდული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, შეთხზული ამბებისა და ტყუილების კასკადით იგი თავს ესხმის გამოცემებს, რომელთა პროფესიონალიზმი, მაღალი სანდოობა და რეპუტაცია არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ.

ხელისუფლებას აწუხებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემებზე დასმული კითხვები, რომლებიც არსებობს კომპანია „Eagle Hills“-ის პროექტსა და უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. მას სურს, მედია ვეღარ აშუქებდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, უწყვეტ პროტესტს, პოლიტიკურ კრიზისს, უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა კორუფციულ სკანდალებს, ადამიანის უფლებების შელახვას, მწვავე სოციალურ პრობლემებს და ა.შ. ამიტომაც ცდილობენ დამოუკიდებელი გამოცემების დისკრედიტაციას და იმგვარი გარემოს შექმნას, რომ ჩვენი არსებობა შეუძლებელი გახდეს.

დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობა – „სინათლე მედიას“ – საზოგადოების მაღალი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამო იქცა „ქართული ოცნების” სამიზნედ.

საზოგადოების მხარდაჭერით, კამპანიის ფარგლებში სამი თვის განმავლობაში 22-მა ონლაინმედიამ უკვე მივიღეთ ჯამში 100 ათას ლარამდე შემოწირულობა. ამ თანხით შევინარჩუნეთ ოფისები და გავწიეთ მასთან დაკავშირებული ხარჯები, გადავიხადეთ ვებგვერდებისთვის საჭირო გადასახადები და ა.შ. სოლიდარობის გამომხატველი თითოეული სიტყვა და მოქალაქეების მიერ გაღებული ყოველი ლარი ჩვენთვის ძვირფასი და იმედისმომცემია.

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო, რომელშიც რუსული დეზინფორმაციული ნარატივები და ადგილობრივი პროპაგანდისტების მიერ სახელდახელოდ შეთხზული აშკარა ტყუილები ერთმანეთშია გადახლართული, ერთიანი განცხადებით მივმართავთ თვითრეგულირების ორგანოს და მოვითხოვთ სიუჟეტში გაჟღერებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას, ასევე მოვითხოვთ პირდაპირ ეთერს, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, ამ აბსურდულ ბრალდებებს ვუპასუხოთ.

ჩვენ, თავისუფალი ჟურნალისტები, ვდგავართ ერთად და განვაგრძობთ პროფესიული მოვალეობის პატიოსნად შესრულებას, რათა საზოგადოებას მივცეთ შესაძლებლობა, ისარგებლოს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უფლებით“,- ნათქვამია დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობის – „სინათლე მედიას“ განცხადებაში.