ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის ინფორმაციით, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს გამოძიება ტერორისტული აქტის მცდელობას ედავება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. ადვოკატის განცხადებითვე, ელისაშვილი ბრალს არ აღიარებს.
„მოგვეცა საშუალება გავცნობოდით ბრალის დადგენილებას, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ალექსანდრე ელისაშვილს ედავებიან ტერორიზმს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, 19 323-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს 10-დან 15 წლამდე პატიმრობას. რა თქმა უნდა, ალექსანდრე ელისაშვილი არ აღიარებს ბრალს. ის აღიარებს ქმედებას და არა თუ ბრალს და არა თუ იმ დანაშაულს. ის თვლის, რომ საერთოდ დანაშაული ამ შემთხვევაში მას არ აქვს ჩადენილი და ეს იყო უბრალოდ პროტესტის გამოხატვის ფორმა. რაც შეეხება ტერორიზმს, ეს არის აბსურდული. მანამდე [გამოძიება] იყო დაწყებული 187-ე მუხლის მეორე ნაწილს „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც ითვალისწინებდა 3-დან 6 წლამდე [პატიმრობას], თუმცა როგორც ჩანს არ ეყოთ ეს სანქცია და გადაუკვალიფიცირეს ტერორიზმის მუხლით“, – ამბობს ადვოკატი, გიორგი რეხვიაშვილი.
მისი განცხადებით, ჯერ არ გაცნობია საქმის მასალებს, თუმცა აღნიშნა, რომ მასალებში დევს ვიდეო მტკიცებულებები.
„ამ შემთხვევაში მისი პოზიციაა, რომ უსამართლო სასამართლოსთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა არ არის დანაშაული“, – ამბობს ადვოკატი.
ადვოკატი ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაცვის მხარე გირაოს გამოყენებაზე იშუამდგომლებს.
ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ შენიღბულმა ალეკო ელისაშვილმა ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა და შენობის დაწვა სცადა
„მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – ამბობს შსს.
ადვოკატმა განაცხადა, რომ ბროკილებდადებულ ელისაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე განცხადებით, ელისაშვილი სასამართლოს კანცელარიის შენობაში შესვლის ფაქტს აღიარებს, მანდატურის ცემის და იარაღის გამოყენებით მუქარის ფაქტს კი უარყოფის.