BBC: 2024 წელს დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომისდროინდელი ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“ გამოიყენეს

პუბლიკა

BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი გამოიყენეს. ის წყლის ჭავლში იყო შერეული.

BBC ესაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებს, ექიმებს, ასევე ინფორმატორებს საქართველოს სპეცრაზმიდან და განაცხადა, რომ მტკიცებულებებით დასტურდება იმ ქიმიური აგენტის გამოყენება, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს.

პირველი მსოფლიო ომის დროს „კამიტ​ი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი საფრანგეთმა გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ დოკუმენტაცია ძალზე მწირია, თუმცა მიიჩნევა, რომ ის 1930-იან წლებში ამოიღეს მოხმარებიდან, ვინაიდან მისი მოქმედების ხანგრძლივი ეფექტი შემაშფოთებელი იყო და ჩაანაცვლეს CS გაზით, იგივე ცრემლსადენი გაზით.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომლებიც ქართული სპეცრაზმის მიერ გამოყენებულ წყლის ჭავლში მოჰყვნენ, საუბრობდნენ სიმპტომებზე, რომლებიც ხანგრძლივად, ზოგიერთის შემთხვევაში რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა: თავის ტკივილი, ენერგიის ნაკლებობა, წვა, სუნთქვის გაძნელება და გულისრევა.

„გრძნობ, რომ კანი გეწვის“, – უთხრა BBC-ის პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ. მისივე თქმით, წვის შეგრძნების მოშორება დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებელია.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ BBC-ის განუცხადა, რომ მათი გამოძიების შედეგები „აბსურდულია“ და რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა „სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებებზე“.

ის, რომ წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაწყებისთანავე განაცხადეს როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ექიმებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა. 2024 წლის 30 ნოემბერს ალექსანდრე დარახველიძემაც არ უარყო, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, გარეული იყო სხვა ნივთიერებაც.

„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში გარეული იყოს შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ“, – თქვა მაშინ დარახველიძემ. თუმცა, მისივე მტკიცებით, ყველაფერი კანონიერად მოხდა.

BBC თავისი გამოძიების ფარგლებში ესაუბრა ექიმ კოტე ჩახუნაშვილს, რომელიც თავადაც იყო საპროტესტო აქციაზე და წყლის ჭავლიც მოხვდა.

მისი თქმით, კანი რამდენიმე დღის განმავლობაში ეწვოდა, ხოლო წყლით ამ შეგრძნების მოშორება შეუძლებელი აღმოჩნდა – პირიქით, წყალი აუარესებდა მდგომარეობას.

ჩახუნაშვილმა გადაწყვიტა, მოეკვლია, სხვებსაც ჰქონდათ თუ არა მსგავსი სიმპტომები და სოციალური მედიის დახმარებით გამოკითხვა ჩაატარა. 350 ადამიანიდან, რომლებიც გამოეხმაურა, დაახლოებით ნახევარს ჰქონდა ერთი ან რამდენიმე სიმპტომი 30-ზე მეტი დღის განმავლობაში.

ექიმმა გამოკითხული პირებიდან 69 პირადადაც გასინჯა და აღმოაჩინა, რომ მათი გულის ელექტრულ სიგნალებში აღინიშნებოდა „ანომალიების მნიშვნელოვნად მაღალი გავრცელება“.

BBC ესაუბრა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ყოფილ თანამშრომელსაც, რომლებსაც უწყებაში მაღალი თანამდებობა ეკავათ.

ერთ-ერთია ლაშა შერგელაშვილიგდდ-ის შეიარაღების ყოფილი უფროსი. შერგელაშვილი მიიჩნევს, რომ ეს იგივე ნაერთია, რომლის გამოცდაც მას 2009 წელს სთხოვეს.

მისი თქმით, ამ ნაერთის ეფექტი განსხვავდებოდა ყველა სხვა ეფექტისგან, რომელიც მანამდე განუცდია. ის ახლოს იდგა იმ ადგილთან, სადაც ნაერთი შეასხურეს, რის გამოც სუნთქვა გაუჭირდა, ასევე, მას და მის 15-20 კოლეგას, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ პროდუქტის გამოცდაში, გაუჭირდათ მისი ჩამობანა.

„შევამჩნიეთ, რომ ამ ნაერთის ეფექტი არ ქრებოდა, როგორც ეს ხდება ჩვეულებრივი ცრემლსადენი გაზის შემთხვევაში. მას შემდეგაც კი ვერ ვსუნთქავდით თავისუფლად, რაც სახე ჯერ წყლით, შემდეგ კი სოდისა და წყლის სპეციალური ხსნარით დავიბანეთ“, – ამბობს შერგელაშვილი.

მისი თქმით, გამოცდის შემდეგ მან გამოყენებული ქიმიური ნივთიერების გამოყენებისგან უარის თქმის რეკომენდაცია გასცა, თუმცა, წყლის ჭავლის მანქანები მაინც იყო მისით დატვირთული სულ მცირე 2022 წლამდე, როცა მან სამსახური და ქვეყანა დატოვა.

შერგელაშვილი, რომელიც ახლა უკრაინაშია, BBC-ს ეუბნება, რომ როცა 2024 წლის აქციის დაშლის კადრები ნახა, ეგრევე იეჭვა, რომ საქმე იმავე ნივთიერებასთან ჰქონდა.

ლაშა შერგელაშვილმა არ იცოდა, რა ქვია წყლის ჭავლში გამოყენებულ ნივთიერებას.

მაგრამ BBC-მ შეძლო სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის პროტოკოლის ასლის მოპოვება, რომელიც 2019 წლის დეკემბრით არის დათარიღებული.

პროტოკოლში ნახსენები იყო 2 უსახელო ქიმიური ნივთიერება. ისინი უბრალოდ ნახსენები იყო, როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, მათი შერევის ინსტრუქციებთან ერთად.

BBC წერს, რომ სურდათ, გადაემოწმებინათ, იყო თუ არა პროტოკოლი ავთენტური ამიტომ ის სპეცრაზმის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს აჩვენეს, რომელმაც თქვა, რომ დოკუმენტი მართლაც ნამდვილი ჩანს. მან ასევე ამოიცნო ორივე უსახელო ქიმიკატი, რომლებსაც სავარაუდოდ წყლის ჭავლს ურევდნენ.

BBC-ის თანახმად, UN1710 არის ტრიქლორეთილენის (TCE) კოდი – გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს და რომელიც კარცეროგენად მიიჩნევა.

რაც შეეხება UN3439-ს – მისი იდენტიფიცირება BBC-ს გაცილებით გაურთულდა, რადგან ეს არის ქოლგა კოდი სამრეწველო ქიმიკატების მთელი სპექტრისთვის, რომელთაგანაც ყველა სახიფათოა. თუმცა, ერთადერთი, რომელიც, როგორც BBC-მ აღმოაჩინა, ოდესმე გამოყენებულა არეულობების კონტროლის საშუალებად, არის ბრომბენზილის ციანიდი, ასევე ცნობილი როგორც „კამიტი“, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.

ჩვენ ვთხოვეთ პროფესორ კრისტოფერ ჰოლშტეგეს, მსოფლიოში წამყვან ტოქსიკოლოგიისა და ქიმიური იარაღის ექსპერტს, შეეფასებინა, მიუთითებდა თუ არა ჩვენი მტკიცებულებები იმაზე, რომ „კამიტი“ სავარაუდოდ გამოყენებული აგენტი იყო.

ექიმ კოტე ჩახუნაშვილის კვლევის შედეგების, დაზარალებულთა ჩვენებების, სპეცრაზმის ინვენტარიზაციის პროტოკოლისა და ლაშა შერგელაშვილის ქიმიური ტესტების შესახებ ანგარიშის საფუძველზე, ტოქსიკოლოგმა და ქიმიური იარაღის ექსპერტმა, პროფესორმა კრისტოფერ ჰოლშტეგმა მიიჩნია, რომ კლინიკური დასკვნები ნამდვილად შეესაბამება ბრომბენზილის ციანიდს.

BBC წერს, რომ „კამიტის“ ამერიკული პოლიცია მცირე ხნის განმავლობაში იყენებდა, მაგრამ ცრემლსადენი გაზის გამოგონების შემდეგ მისი გამოყენება შეწყვიტა.

საერთაშორისო სამართლის თანახმად, პოლიციურ ძალებს აქვთ უფლება, გამოიყენონ ქიმიური ნივთიერებები მასების კონტროლისთვის, როცა მათი გამოყენება არის პროპორციული და აქვს მოკლევადიანი ეფექტები.

იარაღის ექსპერტები, რომლებსაც BBC ესაუბრა, ამბობენ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პოლიციისთვის ხელმისაწვდომია მასების კონტროლის უფრო უსაფრთხო საშუალებები, მოძველებული და ძლიერმოქმედი აგენტი შეიძლება ქიმიურ იარაღად იქნას კლასიფიცირებული.

გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ალის ედვარდსი აცხადებს, რომ „დასკვნები შემაშფოთებელია“. მან ადრეც მიმართა „ქართული ოცნების“ მთავრობას საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მხრიდან ძალადობისა და წამების შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით.

ედვარდსის განცხადებით, წყლის ჭავლით ქიმიკატების გამოყენებასთან დაკავშირებული მკაცრი რეგულაციების არარსებობა პრობლემაა.

„შესაძლოა, ეს ნივთიერება ექსპერიმენტულ იარაღად იქნას მიჩნეული. მოსახლეობა არასდროს არ უნდა დაექვემდებაროს ექსპერიმენტებს. ეს სრულად არღვევს ადამიანის უფლებებს“, – თქვა მან.


ის, რომ წყლის ჭავლში გაზს ურევდნენ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც დაადასტურა 2024 წლის 24 ოქტომბერს.

მაშინ „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმავე წლის გაზაფხულზე, რუსული კანონის მიღების დროს გამოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ წყლის ჭავლში ცრემლდენ გაზს ურევდნენ.

თუმცა შსს ირწმუნებოდა, რომ ეს კანონდარღვევა არ არის.

გომელაურმა მაშინ თქვა, რომ „მსგავსი საშუალების გამოყენება აკრძალული არ არის და გამოიყენება ევროპული ქვეყნების პრაქტიკაში“.

„ბრძანება შეიცვალა 2021 წელს და გამოვიყენეთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა, გერმანიის, საფრანგეთის და ა.შ. მისი გამოყენება სპეცდანიშნულების რაზმს არ შეუძლია იმ შემთხევაში, თუ არიან ბავშვები, არასრულწლოვნები, ფეხმძიმე ქალები. შეტევისა და შტურმის დროს კი შესაძლებელია, გამოიყენო გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც. ევროპაში აქციის დასაშლელად იყენებენ საპოლიციო ძაღლებსაც. ადამიანებს ცოცხლად წვავდნენ, პოლიციელებს თავები დაუტეხეს და ეგ შეიძლება?“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა 2024 წლის 24 ოქტომბერს.