სამთავრობო, პროპაგანდისტული „იმედი“ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის კომენტარს ავრცელებს. გომელაური ეხმაურება BBC-ის გამოძიებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი გამოიყენეს. ის წყლის ჭავლში იყო შერეული.
გომელაური ამტკიცებს, რომ ნივთიერება შინაგან საქმეთა სამინისტროს ნამდვილად ჰქონდა შეძენილი, თუმცა 2012 წლამდე. მისი თქმით, „მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია“.
„ეს ნივთიერებები რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ნაცებმა კატა გამოთხარეს!“, – ამბობს „იმედის“ ცნობით, გომელაური.
BBC ესაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებს, ექიმებს, ასევე ინფორმატორებს საქართველოს სპეცრაზმიდან და განაცხადა, რომ მტკიცებულებებით დასტურდება იმ ქიმიური აგენტის გამოყენება, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა „კამიტე“ უწოდეს.
პირველი მსოფლიო ომის დროს „კამიტე“ საფრანგეთმა გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ დოკუმენტაცია ძალზე მწირია, თუმცა მიიჩნევა, რომ ის 1930-იან წლებში ამოიღეს მოხმარებიდან, ვინაიდან მისი მოქმედების ხანგრძლივი ეფექტი შემაშფოთებელი იყო და ჩაანაცვლეს CS გაზით, იგივე ცრემლსადენი გაზით.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომლებიც ქართული სპეცრაზმის მიერ გამოყენებულ წყლის ჭავლში მოჰყვნენ, საუბრობდნენ სიმპტომებზე, რომლებიც ხანგრძლივად, ზოგიერთის შემთხვევაში რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა: თავის ტკივილი, ენერგიის ნაკლებობა, წვა, სუნთქვის გაძნელება და გულისრევა.
„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის „დიფ სთეითის მიერ მართული პროპაგანდისტული იარაღი“ უწოდა
„ოცნება“ ამტკიცებს, რომ „BBC ასრულებს ბინძურ დაკვეთებს, ავრცელებს სიცრუეს“, რომ ჟურნალისტური გამოძიების მიზანია, „ჩირქი მოსცხონ საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და რაც მთავარია – საქართველოს სახელმწიფოებრიობას“ და დასძენს, რომ მედიას საერთაშორისო სასამართლოებში უჩივლებს.