რას ურევდნენ წყლის ჭავლში? - ერთი წელი პასუხის მოლოდინში

პუბლიკა

დღეს BBC-ზე გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი მანამდე I მსოფლიო ომში იყო გამოყენებული – ის წყლის ჭავლში იყო შერეული. 


BBC აცხადებს, რომ მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, მისი ნამდვილობა დაადასტურეს. დოკუმენტში კი ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს. BBC ესაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებს, ექიმებს, ასევე ინფორმატორებს საქართველოს სპეცრაზმიდან და განაცხადა, რომ მტკიცებულებებით დასტურდება იმ ქიმიური აგენტის გამოყენება, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს.

ქიმიური ნივთიერების წყლის ჭავლში შერევისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ შესაძლო უკანონო გამოყენების შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაციები 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერშივე საუბრობდნენ. 

ამავე პერიოდში ქართული მედიაგამოცემები ცდილობდნენ, შსს-სგან მიეღოთ განმარტება აქციაზე გამოყენებული სპეციალური საშუალებების სახეობებსა და ქიმიური ნივთიერებების ტიპებზე. 

შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ 2024 წლის 30 ნოემბერს, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ არ უარყო, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, წყლის გარდა, გარეული იყო სხვა ნივთიერებაც. 

„ამას ვიყენებთ კანონის შესაბამისად. მთავარი ტესტი არის პროპორციულობა. მას ვიყენებთ საფრთხიდან გამომდინარე, რაც აუცილებელია მოსალოდნელი ზიანის აღსაკვეთად. ამ შემთხვევაში გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, თუმცა ყველა საშუალებაზე კონკრეტულად ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან ეს პროცესი გრძელდებოდა ხანგრძლივად და 12 საათის განმავლობაში ვიყავით მობილიზებული და ვიყენებდით კანონით დადგენილ საშუალებებს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. 

2024 წლის 7 დეკემბერს გავრცელდა პეტიციაც, რომელსაც ხელს 900-მდე ექიმი აწერდა.

განცხადების მიხედვით, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალოვანი სტრუქტურების მიერ მომწამლავი ნივთიერებების გამოყენების შემდეგ კლინიკებს ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი აკითხავდა. 

ექიმები სახელმწიფოსგან გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას მოითხოვდნენ.

2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით საპროტესტო აქციებზე გამოყენებული სპეციალური საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან უფლებადამცველმა ორგანიზაციებმაც გამოითხოვეს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ინფორმაციის მოწოდებაზე დაუსაბუთებელი უარი გვითხრა. 

შსს-ის წერილის თანახმად, შეკრების დროს შემუშავებულ უსაფრთხოების სამოქმედო გეგმაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია საიდუმლოებაზე დაშვების არმქონე პირთათვის“, – ვკითხულობთ ანგარიშში, რომელიც 2025 წლის მაისში გამოქვეყნდა. 

ამავე ანგარიშში აღწერილია დაზარალებულთა ისტორიები სპეციალური საშუალებების გამოყენების შემდეგ. 

ანგარიში ეფუძნება ინფორმაციასა და მტკიცებულებებს, რომლებიც ავტორებმა საჯარო წყაროებიდან, ინტერვიუებიდან და საქმის მასალებიდან მოიპოვეს. 

ინტერვიუ ჩატარდა 117 რესპონდენტთან, რომლებიც 19 ნოემბრიდან 28 იანვრის ჩათვლით საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ ან მიმდინარე პროტესტის კონტექსტში დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობას ან ძალადობას. 

არაერთმა რესპონდენტმა ახსენა, სავარაუდოდ, წყლის ჭავლში გარეული ნივთიერებით გამოწვეული გართულებები:

დაზარალებული 34 წლის ქალი:

„წყლის ჭავლმა გამოიწვია კანის ძლიერი წვა, ქავილი და ალერგიული რეაქცია, რაც მიუთითებდა ქიმიური აგენტების არსებობაზე“.

დაზარალებული 36 წლის ქალი:

„წყლის ჭავლის გაშვების მომენტში, როგორც წესი, არ იყო გამოყენებული ცრემლსადენი გაზი, თუმცა დემონსტრანტებს უკვე აღენიშნებოდათ თვალების წვა და სუნთქვის გაძნელება, რაც ამტკიცებს, რომ წყალში, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი იყო შერეული“. 

დაზარალებული 36 წლის კაცი:

„წყლის ჭავლი იწვევდა თვალების წვას და სუნთქვის გაძნელებას, რაც, შესაძლოა, წყალში შერეული ქიმიური ნივთიერებების შემცველობას უკავშირდებოდეს“.

დაზარალებული 27 წლის ქალი:

„სამართალდამცველებმა განსაკუთრებული რაოდენობით გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, სავარაუდოდ, დანამატებით ქიმიური, რამაც გამოიწვია კანის დამწვრობა, სასუნთქი გზებისა და ფილტვების დაზიანება. სუნთქვა მიჭირდა“.