სააგენტო: ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია ფიქსირდება

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია ფიქსირდება.

სააგენტო ამბობს, რომ ეს მეტეოროლოგიურმა პროცესებმა განაპირობა:

„დღევანდელი მაჩვენებლებით, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია დაფიქსირდა, რაც მეტეოროლოგიურმა პროცესებმა განაპირობა. პირველ დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დაფიქსირდა ნალექი – წვიმის სახით. წვიმასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან, მათ შორის დედაქალაქში, დაფიქსირდა დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა“.

სააგენტო აცხადებს, რომ უდაბნოს მტვრის მასების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე წლის განმავლობაში პერიოდულად ფიქსირდება.

ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა საქართველოში 6 ნოემბრიდან ფიქსირდებოდა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ, ასევე, რეკომენდაციები მიიღოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge „რეკომენდაციების“ ველში.