გელაძე BBC-ის გამოძიებაზე: არასდროს საქართველოში შსს-ს არ შეუსყიდია ე.წ. კამიტი

პუბლიკა

„ოცნების“ შს მინისტრი, გელა გელაძე BBC-ის გამოძიებაზე პასუხად ამბობს, რომ არასდროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუსყიდია „კამიტი“. ყოფილი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის კომენტარზე პასუხად გელაძემ თქვა, რომ 2009 წელს რამდენიმე ნივთიერება შეისყიდეს, სხვადასხვა სახის, თუმცა არა „კამიტი“.

გელაძემ არ უპასუხა კითხვას, კონკრეტულად რა ნივთიერებებს იყნებდნენ აქციების დასაშლელად. მან თქვა, რომ ყველა ნივთიერება, რომელსაც იყენებდნენ „კანონიერადაა ნაიყიდი“ სხვადასხვა მსხვილი კომპანიისგან და „აპრობირებულია“ წამყვან ქვეყნებში.

„გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შსს-ს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას, არის სრული აბსურდი, სიცრუე, არანაირი სიმართლე ამას არ შეესაბამება. მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუსყიდია ე.წ. კამიტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება, დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, გამოიკითხება ყველა ადამიანი და აბსოლუტურად ყველაფერს გაეცემა პასუხი.
ბატონი ვახტანგი რასაც გულისხმობდა, 2009 წელს არის შესყიდული სხვადასხვა ნივთიერება. უბრალოდ გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის „კამიტი“.
რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში ბოდიში და იჭორავა და ამაზე რაღაც პროცესები აიგო. მე დარწმუნებით, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ყველა დოკუმენტაცია შეგვიძლია გამოძიებას გადავცეთ, რომ არ არსებობს, საქართველოში არასდროს არ შესყიდულა აღნიშნული ნივთიერება, ე.წ. კამიტი. 2009 წელს იყო რამდენიმე ნივთიერება შესყიდული, სხვადასხვა სახის და არა „კამიტი“.
აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შსს-ს მხრიდან გამოყენებული“, – ამბობს გელა გელაძე.


BBC-ის გამოძიების მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წელს აქციების დასაშლელად წყალში ბრომბენზილის ციანიდი გაურია. პირველი მსოფლიო ომის დროინდელი მომწამვლელი ქიმიური იარაღი, რომელსაც „კამიტს“ უწოდებენ.

BBC აცხადებს, რომ მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, მისი ნამდვილობა დაადასტურეს.
დოკუმენტში კი ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:

  • ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
  • ქიმიური სითხე, კოდით – UN1710. რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება.

დოკუმენტში ამ ნივთიერებების შეზავების წესებიცაა შეტანილი. BBC გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გდდ-ში შეიარაღების უფროსი იყო, ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს. სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ. გამოცდისას აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება. BBC კი აცხადებს, რომ გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.