კობახიძე: ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა, ამაშია საქმე

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა გარეული, ამაშია საქმე“.

BBC ამბობს ტყუილს. მისივე თქმით, სხვა დანარჩენზე ილაპარაკებს შს სამინისტრო.

BBC-ის მიერ 1 დეკემბერს გამოქვეყნებული გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი „კამიტე“, ანუ ბრომობენზილ ციანიდი გამოიყენეს. ის წყლის ჭავლში იყო შერეული.

BBC-მ მოიპოვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პროტოკოლი, რომელშიც ნახსენები იყო 2 უსახელო ქიმიური ნივთიერება. ისინი უბრალოდ მოხსენებული იყო, როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, მათი შერევის ინსტრუქციებთან ერთად.

BBC-ის თანახმად, UN1710 არის ტრიქლორეთილენის (TCE) კოდი – გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს და რომელიც კარცენოგენად მიიჩნევა.

რაც შეეხება UN3439-ს – მისი იდენტიფიცირება BBC-ს გაცილებით გაურთულდა, რადგან ეს არის ქოლგა კოდი სამრეწველო ქიმიკატების მთელი სპექტრისთვის, რომელთაგანაც ყველა სახიფათოა. თუმცა, ერთადერთი, რომელიც, როგორც BBC-მ აღმოაჩინა, ოდესმე გამოყენებულა არეულობების კონტროლის საშუალებად, არის ბრომბენზილ ციანიდი, ასევე ცნობილი როგორც „კამიტე“, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.

სუსმა BBC-ის სიუჟეტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 319-ე მუხლით, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

უწყებამ განაცხადა, რომ „გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“.