საქართველოში მომუშავე ორგანიზაციები მოითხოვენ, „ქართულმა ოცნებამ“ უპასუხოს, რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ.
საქმე ეხება BBC-ის მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი „კამიტი“, ანუ ბრომობენზილ ციანიდი გამოიყენეს. ის წყლის ჭავლში იყო შერეული.
ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ „BBC-ის ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევასთან ერთად, დღის წესრიგში სხვა სამართლებრივი საკითხიც დგება – კერძოდ, დასადგენია, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ზემოთ მითითებული ქიმიური ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდის გამოყენება ხომ არ წარმოადგენს „ქიმიური იარაღის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციით აკრძალულ ქმედებას“.
„უახლოეს დღეებში ჩვენ მივმართავთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში მოვლენილ იქნენ შესაბამისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა ჯგუფები, რათა ამ დანაშაულებრივ სქემას ბოლომდე აეხადოს ფარდა.
ამავდროულად, მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
- უფლებები საქართველო
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- ევროპის ფონდი
- სამოქალაქო იდეა
- EECMD
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- საქართველოს ევროპული ორბიტა
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
- საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- საფარი
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
- თბილისი პრაიდი
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
- ადამიანის უფლებათა ცენტრი.
- საქართველოს მომავლის აკადემია
- მწვანე ალტერნატივა
- დემოკრატიის მცველები
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი