სალომე ზურაბიშვილმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალური დირექტორს, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლეს კომისარს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარს მიმართა საქართველოში 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლის შესახებ.
გაგზავნილი წერილების ფოტოები მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალური დირექტორისთვის გაგზვანილ წერილში ზურაბიშვილი წერს, რომ თუ დადასტურდება ბრომბენზილის ციანიდის გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ასეთი ქცევა საერთაშორისო ნორმების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს, რაც შესაძლოა მოიცავდეს როგორც ქიმიური იარაღის კონვენციის დარღვევას — რომლის მონაწილე სახელმწიფოც არის საქართველო — ისე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა.
„აღნიშნული შეშფოთებების სიმძიმის გათვალისწინებით და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მანდატისა და ტექნიკური უფლებამოსილების სრული პატივისცემით, პატივისცემით გთავაზობთ, რომ OPCW განახორციელოს BBC-ისა და ადგილობრივი წყაროების მიერ წარმოდგენილი დასკვნების წინასწარი ტექნიკური შეფასება; განიხილოს ექსპერტთა მისიის გაგზავნის შესაძლებლობა საქართველოში იმის დასადგენად, გამოიყენეს თუ არა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის კონვენციით აკრძალული აგენტები; და ითანამშრომლოს შესაბამის ორგანოებთან, რათა უზრუნველყოს სრული გამჭვირვალობა 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის ოპერაციების დროს გამოყენებული ნივთიერებების შესახებ“, – წერია წერილში.
ზურაბიშვილი წერს, რომ დარწმუნებულია, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ განხორციელებული მიუკერძოებელი შეფასება — რომელიც დაფუძნებული იქნება სამეცნიერო სიზუსტესა და კონვენციის მიერ დადგენილ მექანიზმებზე — აუცილებელია ფაქტობრივი სიზუსტის დასადგენად, საერთაშორისო ვალდებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად და ქიმიური იარაღის წინააღმდეგ გლობალური ნორმის დასაცავად.
BBC-ის გამოძიების მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წელს აქციების დასაშლელად წყალში ბრომბენზილის ციანიდი გაურია. პირველი მსოფლიო ომის დროინდელი მომწამვლელი ქიმიური იარაღი, რომელსაც „კამიტს“ უწოდებენ.
BBC აცხადებს, რომ მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, მისი ნამდვილობა დაადასტურეს.
დოკუმენტში კი ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:
- ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
- ქიმიური სითხე, კოდით – UN1710. რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება.
დოკუმენტში ამ ნივთიერებების შეზავების წესებიცაა შეტანილი. BBC გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გდდ-ში შეიარაღების უფროსი იყო, ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს. სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ. გამოცდისას აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება. BBC კი აცხადებს, რომ გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.