ონიანი გამოკითხვაზე: ძირითადი კითხვები ეხებოდა იმ ინტერვიუს შინაარსის დადასტურებას, რომელიც BBC-ს მივეცი

პუბლიკა

BBC-ის საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი, თამარ ონიანი სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

გამოკითხვის შემდეგ მან მედიასთან თქვა, რომ კითხვები ეხებოდა იმ ინტერვიუს შინაარსის დადასტურებას, რომელიც BBC-ის მისცა.

 „ცოტა გაუგებარია, საერთოდ რატომ ვიყავი დაბარებული. იმიტომ რომ, ძირითადი კითხვები დღევანდელ დღეს ეხებოდა, ფაქტობრივად იმ ინტერვიუს შინაარსის დადასტურებას, რომელიც მე BBC-ს მივეცი… კერძოდ, იმას, რომ საზოგადოებისთვის უცნობია, რა საშუალებები იქნა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით საიამ კეთილსინდისიერად, როგორც პროფესიონალურმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის გამოსათხოვი წერილით მიმართა როგორც შსს-ს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხი არ მიგვიღია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრომ გვაცნობა, რომ ისინი არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ქიმიური საშუალებები, რა აქტიური სპეციალური ნივთიერებები იქნა გამოყენებული. ეს ნიშნავს იმას, რომ არც ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რა საშუალებები იქნა გამოყენებული. ამრიგად, საზოგადოებისთვის ეს უცნობია“, – თქვა ონიანმა მედიასთან.

საიამ განაცხადა, რომ ორგანიზაციის თანამშრომლები BBC-თან მიცემულ ინტერვიუში ახმოვანებენ საიას ოფიციალურ პოზიციას, რომელიც ემყარება უფლებების დარღვევის შემთხვევების მონიტორინგს. ორგანიზაციის პოზიციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში საიას თანამშრომლების მოწმის სტატუსით დაბარება აჩენს ძლიერ ეჭვს, რომ მიზანი არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე ზეწოლაა, რომლებიც სისტემურ უფლებადარღვევებზე საუბრობენ.

ამავე საქმესთან დაკავშირებით მოსამართლის წინაშე უკვე გამოკითხეს ექიმები კოტე და დავით ჩახუნაშვილები. მათ გარდა სუსმა არაერთი მოქალაქე დაიბარა. 


BBC-ის გამოძიების მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წელს აქციების დასაშლელად წყალში ბრომბენზილის ციანიდი გაურია. პირველი მსოფლიო ომის დროინდელი მომწამვლელი ქიმიური იარაღი, რომელსაც „კამიტს“ უწოდებენ.

BBC აცხადებს, რომ მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, მისი ნამდვილობა დაადასტურეს. დოკუმენტში კი ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:

  • ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
  • ქიმიური სითხე, კოდით – UN1710. რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება.

BBC გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გდდ-ში შეიარაღების უფროსი იყო, ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს. სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ. გამოცდისას აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება. BBC კი აცხადებს, რომ გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.

სუსმა BBC-ის მასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. „ოცნების“ შს მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში შსს-ს არასდროს შეუსყიდია „კამიტი“.