სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის მასალასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში მოსამართლის წინაშე გამოიკითხა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.
მისი თქმით, ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით კითხვები არ დაუსვამთ და ეს გამოძიების ინტერესის საგანი. გიგაურმა თქვა, რომ ჰკითხეს აიღო თუ არა ანაზღაურება BBC-ისთვის კომენტარის მიცემაში:
„გამოკითხვა გაგრძელდა დაახლოებით 15 წუთი, შეიძლება 20-იც. ვისაუბრე იმაზე, თუ ვინ ვარ მე, რა მქვია, სად დავიბადე, რა განათლება მაქვს მიღებული, სად ვმუშაობ ამ პერიოდში. ასევე კითხვები ეხებოდა იმას, ჩემი რომელიმე განათლება უკავშირდება თუ არა სამედიცინო განათლებას, რაც ასე არ არის. შემდეგ საუბარი იყო იმაზე, ავიღე თუ არა ანაზღაურება კომენტარის მიცემაში, რაც ასევე გაუგებარი კითხვა იყო ჩემთვის. და კიდევ ერთხელ ვისაუბრე იმაზე, თუ რას ვფიქრობ „ქართულ ოცნებაზე“; იმ კომენტარებზე, რა კომენტარებსაც ზოგადად ვაკეთებ ხოლმე „ქართული ოცნების“ ქმედებებთან დაკავშირებით. […] მართალი გითხრათ, არ ვიცი რატომ დამიბარეს. ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, საჯაროდაც ვსაუბრობდი და ამავე პოზიციას ვაფიქსირებ აბსოლუტურად ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში. შესაბამისად, რაღაც ახალი, მეც გამიკვირდა, ახალი ვერც მათ ვერ გაიგეს ამ ინტერვიუდან. რაში შეიძლება გამოადგეთ ეს ყველაფერი, არ ვიცი. ერთი კი შემიძლია ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, მე ჩემი პოზიციების დაფიქსირებას გავაგრძელებ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ მედიაში“, – თქვა გიგაურმა.
ამავე საქმესთან დაკავშირებით მოსამართლის წინაშე უკვე გამოკითხეს ექიმები კოტე და დავით ჩახუნაშვილები, ასევე საიას თანამშრომელი თამარ ონიანი და აქციების აქტიური მონაწილე, მიხეილ ზაქარეიშვილი.
BBC-ის გამოძიების მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წელს აქციების დასაშლელად წყალში ბრომბენზილის ციანიდი გაურია. პირველი მსოფლიო ომის დროინდელი მომწამვლელი ქიმიური იარაღი, რომელსაც „კამიტს“ უწოდებენ.
BBC აცხადებს, რომ მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, მისი ნამდვილობა დაადასტურეს. დოკუმენტში კი ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:
- ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
- ქიმიური სითხე, კოდით – UN1710. რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება.
BBC გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გდდ-ში შეიარაღების უფროსი იყო, ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს. სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ. გამოცდისას აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება. BBC კი აცხადებს, რომ გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.
სუსმა BBC-ის მასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. „ოცნების“ შს მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში შსს-ს არასდროს შეუსყიდია „კამიტი“.