შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე არ პასუხობს კითხვას, რა ნივთიერებები გამოიყენა შსს-მ მოქალაქეების წინააღმდეგ 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით.
„როგორც განგიმარტეთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ყველა ის ინფორმაცია, რაც აუცილებელი იყო […]. შესაბამისად, აღნიშნული ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებით საჯაროდ არის ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია და შეგიძლიათ, გამოიყენოთ.
პოლიცია იყენებს – პოლიციის შესახებ კანონით არის განსაზღვული, თავია შესაბამისი.
28 დეკემბრიდან 5 დეკემბრამდე ადგილი ჰქონდა მასობრივ არეულობას. პოლიციამ ჯერ არაერთგზის გააფრთხილა საზოგადოება და ამის შემდეგ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები, რაც არის გათვალისწინებული პოლიციის შესახებ კანონში.
კონკრეტულ ნივთიერებაზე გაგეცით პასუხი არაერთხელ.
სახელმწიფო უსაფრთხოებას წარედგინა ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელი იყო ამ საკითხის გამოსაძიებლად“. – თქვა ალექსანდრე დარახველიძემ. მას არ უპასუხია ჟურნალისტის არაერთი დამაზუსტებელი კითხვისთვის ტრიქლოროეთილენის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით.
დარახველიძემ ასევე არ თქვა, რას ნიშნავს სუსის განცხადება, რომ 2009 წელს შსს-მ შეიძინა ქიმიური ნივთიერება – ტრიქლორეთილენი და რომ საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე, 880 ლიტრის ოდენობით.
6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოადგილე ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციების დაშლის დროს გამოიყენებოდა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც შსს-მ 2007 წლის დეკემბერში შეიძინა, ხოლო 2009 წლის მარტში – ტრიქლოროეთილენი.
მაღრაძის თქმით, შსს-მ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში გამხსნელად გამოიყენა „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი.
არც სუსი და არც შსს, რა ნივთიერებები გამოიყენეს საპროტესტო აქციების სხვა დღეებში – აქციები 28 ნოემბერს დაიწყო. შსს-მ იმავე დღეს დაიწყო დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენება.