„ქართული ოცნების“ პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონთან კონფლიქტში მყოფი 14 წლამდე არასრულწლოვანებისთვის შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივა.
ინიციატივის მიხედვით გათვალისწინებულია კანონთან კონფლიქტში მყოფ 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა გადამისამართებას რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრში, სადაც დაიგეგმება არასრულწლოვანთა ჩართვა სხვადასხვა სერვისსა და პროგრამაში.
ასევე, კანონით განისაზღვრება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელი იქნება 10-დან 14 წლამდე არასრულწლოვანთა მოთავსება „არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში“.
მოქმედი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს მას, ვისაც ჯერ არ შესრულებია 14 წელი.
კანონპროექტის ინიციატორთა განცხადებით, ის, რომ 14 წელს მიუღწეველი პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულზე არ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმი, წაახალისებს კანონსაწინააღმდეგო ქცევას. კანონპროექტის ავტორთა თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე შემუშავდა კანონი.
კანონის მოქმედება გავრცელდება იმ არასრულწლოვანზე, რომელთან მიმართებითაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება და ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია 14 წელი.
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი განიმარტება შემდეგნაირად – არასრულწლოვანი, რომლის მიმართ პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია 14 წელი.