„კოალიციამ ცვლილებისთვის“ 9 საერთაშორისო ინსტანციას მიმართა, დაიწყოს გამოძიება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასა და სისტემური წამების ფაქტებთან დაკავშირებით.
როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, საერთაშორისო სტრუქტურებში ინფორმაცია უკვე გადაგზავნილია.
„უკანასკნელი კვირების განმავლობაში კოალიციამ იმუშავა და შეაგროვა ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საერთაშორისო სტრუქტურებში გადაიგზავნოს, სადაც შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნას.
ამ წუთისთვის ჩვენ მიერ მოძიებულია 9 საერთაშორისო სტრუქტურა. ეს დოკუმენტებში ელექტრონული სახით უკვე გადაგზავნილია ამ სტრუქტურებში, ნაწილი დღეს და ნაწილი ხვალ ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში გაიგზავნება“, – თქვა ჯაფარიძემ.
კოალიციის განცხადებით, საერთაშორისო ინსტანციებიდან გაეროს 5 სპეციალური მომხსენებელია.
- გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის შესახებ;
- გაეროს სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლების შესახებ;
- გაეროს სპეციალური მომხსენებელი სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა და ადვოკატთა მდგომარეობის შესახებ;
- გაეროს სპეციალური მომხსენებელს სასამართლოს გარეშე თვითნებური და უკანონო დასჯის შესახებ;
- გაეროს სამუშაო ჯგუფს უკანონო დაკავებების შესახებ.
კოალიციის ინფორმაციით, გაეროს სპეციალურ მომხსენებლებისთვის მიმართვა მოიცავს მოწოდებას, მათი მანდატის ფარგლებში მიმართონ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტსა და გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს.
„კოალიციამ ცვლილებისთვის“ ასევე მიმართვა გააგზავნა შემდეგ ინსტანციებში:
- ევროკავშირის ადამიანის უფლებების სპეციალური წარმომადგენელი;
- ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი;
- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები საქართველოს შესახებ;
- ეუთოს სპეციალური საგამოძიებო მექანიზმი.
კოალიციის განცხადებით, მიმართვები მოიცავს იურიდიულ დასაბუთებასა და სხვადასხვა ტიპის მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც, მათი თქმით, საკმარისია საერთაშორისო გამოძიების დასაწყებად.
1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს.
BBC-ის გამოძიების თანახმად, მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, მისი ნამდვილობა დაადასტურეს. დოკუმენტში მათ ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:
- ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
- ქიმიური სითხე, კოდით – UN1710. რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება. ტრიქლოროეთილენი კარცეროგენია.
ის, რომ წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაწყებისთანავე განაცხადეს როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ექიმებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა. 2024 წლის 30 ნოემბერს შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემაც არ უარყო, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, გარეული იყო „სხვა ნივთიერებაც“.
ის, რომ წყლის ჭავლში გაზს ურევდნენ, 2024 წლის 24 ოქტომბერს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც დაადასტურა.
6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციების დაშლის დროს გამოიყენებოდა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც შსს-მ 2007 წლის დეკემბერში შეიძინა, ხოლო 2009 წლის მარტში შეიძინა ტრიქლოროეთილენი.
სუსის უფროსის პირველი მოადგილის თქმით, შსს-მ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში გამხსნელად გამოიყენა „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი.
ლაშა მაღრაძეს არ უთქვამს, რა ნივთიერებები გამოიყენეს საპროტესტო აქციების სხვა დღეებში – აქციები 28 ნოემბერს დაიწყო. შსს-მ იმავე დღეს დაიწყო დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენება.
მისივე მტკიცებით, შსს-ს არასდროს შეუძენია „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი, შესაბამისად, არც აქციაზე გამოუყენებია.