მაგთიკომი და მისი შვილობილი კომპანია შპს „დელტა კომმი“ საერთო განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ „ენერგო-პრო ჯორჯია“ წინაასახალწლო პერიოდში ხელოვნურად ქმნის დაბრკოლებებს საკუთარ ქსელში (ელექტრომომარაგების ბოძებზე) დაშვებაზე, რაც გამოიხატა გარკვეული შეზღუდვების დაწესებაში.
მაგთიკომის განმარტებით, შეზღუდვა „თავდაპირველად შეეხო ახალი აბონენტების ჩართვას, ხოლო შემდგომ უკვე მომსახურების პროცესში გამოვლენილი დაზიანებების აღდგენისათვის დაშვების შერჩევითი და დროში გაჭიანურებული „სამუშაო“ პროცესის დადგენას“.
„იმისათვის, რომ აბონენტებს მივაწოდოთ ფიქსირებული ინტერნეტისა და ტელევიზიის მომსახურება, ჩვენ მიერ რეგიონებში გამოყენებულია სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტრომომარაგების ბოძები. ბუნებრივია, აღნიშნულზე არსებობს შესაბამისი ხელშეკრულება და ჩვენ ჯეროვნად ვასრულებთ მის პირობებს, მათ შორის, ვიხდით შეთანხმებულ საფასურს.
წინასაახალწლო პერიოდში სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ გადაწყვიტა, რომ ხელოვნურად შექმნას დაბრკოლებები საკუთარ ქსელში (ელექტრომომარაგების ბოძებზე) დაშვებაზე, რაც გამოიხატა გარკვეული შეზღუდვების დაწესებაში, კერძოდ, შეზღუდვა თავდაპირველად შეეხო ახალი აბონენტების ჩართვას, ხოლო შემდგომ უკვე მომსახურების პროცესში გამოვლენილი დაზიანებების აღდგენისათვის დაშვების შერჩევითი და დროში გაჭიანურებული „სამუშაო” პროცესის დადგენას.
ხელოვნური შეზღუდვების შედეგად დღეს მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვახორციელოთ ახალი აბონენტის ჩართვა ან სერვისზე დაფიქსირებული დაზიანების აღდგენა, თუ ამისათვის აუცილებელია სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ელექტრომომარაგების ბოძზე დაშვება.
ახალი წლის პერიოდში შეზღუდვების დაწესება ხელოვნურად ამძაფრებს მოსახლეობის უკმაყოფილებას. შესაბამისად, სრულიად მიზანმიმართულად ხდება ნეგატიური განწყობების შექმნა. მოვუწოდებთ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, ნუ დატოვებს მოსახლეობას ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.