დღეს ფლორიდაში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება

პუბლიკა

დღეს ფლორიდაში, პალმ ბიჩში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება, რომელზეც უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე ისაუბრებენ. 

ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარეები განიხილავენ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს, ასევე ისაუბრებენ სამშვიდობო გეგმის განახლებულ ვერსიაზე, რომელიც 20 პუნქტისგან შედგება და რომელსაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-ს, ევროპას და რუსეთს შორის „ძირითადი სამუშაო დოკუმენტი“ უწოდა.

ცნობილია, რომ მოსკოვი, სხვა საკითხებთან ერთად, მთელი დონბასის დათმობას მოითხოვს, კიევი კი ამჟამინდელ საბრძოლო ხაზზე რუკის გაყინვას

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააკონკრეტა, რომ ტრამპთან განიხილავს სწორედ დონბასის რეგიონის ბედს, ასევე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომავალს და სხვა თემებს. 

„მთავარი საკითხია, თუ როგორი უსაფრთხოების გარანტიების მისაცემად არის მზად უკრაინისთვის პრეზიდენტი ტრამპი. მესმის, რომ იურიდიულად სავალდებულო გარანტიები დამოკიდებულია როგორც პრეზიდენტ ტრამპზე, ასევე კონგრესზე. ჩვენ ვაფასებთ გუნდების დისკუსიებსა და ფაქტს, რომ გვაქვს საერთო ხედვა. თუმცა, ეს დამოკიდებული იქნება აშშ-ის პრეზიდენტზე: რის უზრუნველსაყოფად არის მზად, როდის იქნება მზად ამის უზრუნველსაყოფად და რამდენი ხნით. მე უდავოდ მადლიერი ვიქნები თუ მისი გადაწყვეტილება ჩვენ სურვილს დაემთხვევა“, – თქვა ზელენსკიმ.

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, კომპრომისის სახით, „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნა შესთავაზა, თუ უკრაინა დონბასს დატოვებს, თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როგორ იფუნქციონირებს ეს ზონა. 

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა „არ ჩქარობს ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას“. პუტინის თქმით, „თუ კიევს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება არ სურს, რუსეთი თავის მიზნებს სამხედრო გზით მიაღწევს“.

აშშ-ში ჩასვლამდე უკრაინის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, საჭიროა ძლიერი პოზიციები, რათა პუტინმა მანიპულირება და ომის სამართლიანი დასრულების თავიდან არიდება ვერ შეძლოს.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 დეკემბერს საჯაროდ პირველად წარმოადგინა ომის დასრულების 20-პუნქტიანი დოკუმენტი.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დოკუმენტი მოიცავს აშშ-ის და უკრაინის საერთო ღირებულებებს ბევრ სხვადასხვა სფეროში. ზელენსკის თქმით, დოკუმენტში ზოგიერთი საკითხი კვლავ საჭიროებს დამატებით მუშაობას და შეთანხმებას.