კანადა უკრაინას დამატებით 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობით ეკონომიკურ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.
„დღეს ჩვენ ვაცხადებთ უკრაინისთვის 2.5 მილიარდი დოლარის დამატებით ეკონომიკურ დახმარებას, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსების ხელმისაწვდომობას უკრაინის აღდგენის პროცესის დასაწყებად“, – განაცხადა კარნიმ.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში კიევზე განხორციელებული მასშტაბური რუსული თავდასხმები ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა.
უკრაინის პრეზიდენტისა და კანადის პრემიერის შეხვედრა გუშინ, 27 დეკემბერს გაიმართა.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მარკ კარნის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული დარტყმები აჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მშვიდობა არ სურს.