საგარეო: აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პარსელი ბოჭორიშვილის მოადგილეს შეხვდა

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 იანვარს, ამერიკული მხარის ინიციატივით, „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ალან პარსელს შეხვდა.

უწყების განცხადებით, შეხვედრა შეეხებოდა აშშ-ის მიერ 75 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს.

„შეხვედრისას ამერიკულმა მხარემ მინისტრის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც ეხება კონკრეტული კატეგორიის ვიზების წარმოების დროებით შეჩერების საკითხს.

კერძოდ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, რომ მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო საქმის წარმოების შეჩერება ეხება მხოლოდ საიმიგრაციო ტიპის ვიზებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული არ ვრცელდება ვიზებზე, რომელიც სხვა მიზნებისთვის გაიცემა.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე, განხილულ იქნა როგორც ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხები, ისე რეგიონში მიმდინარე მოვლენები“, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.


14 იანვარს გამოცემა Fox News-მა დაწერა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს.

აშშ-ის საელჩომ საქართველოში 15 იანვარს საიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებითი შეჩერების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა.

საელჩო აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა პოლიტიკისა და რეგულაციის გადახედვის პროცესშია, რათა მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტები არ გახდნენ საჯარო ტვირთი ამერიკელ გადასახადის გადამხდელებისთვის.

განცხადების მიხედვით, დროებითი შეჩერება 2026 წლის 21 იანვრიდან დაიწყება და შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ასევე სხვა ქვეყნებს. განცხადების თანახმად, გაცემული საიმიგრაციო ვიზები არ გაუქმებულა, ხოლო პაუზა არ ვრცელდება ტურისტულ ვიზებზე ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც განაცხადს ისეთ ქვეყანაში წარადგენენ, რომელიც სიაში არ არის.

ამერიკის საელჩომ უპასუხა ხშირად დასმულ შეკითხვებს:

„რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების თარიღს?

საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებს, რომლებიც ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები არიან, შეუძლიათ განაცხადის წარდგენა და გასაუბრებაზე დასწრება. დეპარტამენტი გააგრძელებს გასაუბრების თარიღების ჩანიშვნას, თუმცა პაუზის პერიოდში ამ მოქალაქეებზე საიმიგრაციო ვიზები არ გაიცემა.

არსებობს თუ არა გამონაკლისები?

ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც განაცხადს წარადგენენ იმ ქვეყნის მოქმედი პასპორტით, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სიაში არ შედის, ეს პაუზა არ გავრცელდება.

ექნება თუ არა გავლენა ამ პაუზას ჩემს ამჟამად მოქმედ ვიზაზე?

არა. ამ მითითების ფარგლებში არცერთი საიმიგრაციო ვიზა არ გაუქმებულა. შეერთებულ შტატებში შესვლასთან დაკავშირებული შეკითხვებით, გთხოვთ, მიმართოთ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს (DHS).

ეს პაუზა ვრცელდება თუ არა ტურისტულ ვიზებზე?

არა. ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებზე. ტურისტული ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია“, – წერს ამერიკის საელჩო.