კვლევა: „ქართული ოცნების“ უმაღლესი განათლების რეფორმა, დიდი ალბათობით, სტუდენტთა მისაღებ კონტინგენტს შეამცირებს

პუბლიკა

განათლების საკითხების მკვლევრებმა ქეთი ცოტნიაშვილმა და ლელა ჩახაიამ მოამზადეს დოკუმენტი, რომელშიც „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციაა გაანალიზებული.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეზღუდავს უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას –  სტუდენტთა მისაღები კონტინგენტი დიდი ალბათობით შემცირდება.

მათი შეფასებით, მიუხედავად მრავალი ბუნდოვანებისა, ოფიციალური პირების მედიაინტერვიუებით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე,  გამოთქვამენ ვარაუდს, რომ რეფორმის შედეგები უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად როგორ შეიცვლება უნივერსიტეტებში სტუდენტთა მისაღები საერთო რაოდენობა. თუმცა უკვე დადასტურებულია, რომ 2026 წლის თებერვლიდან საჯარო უნივერსიტეტებს მიღებაზე კვოტები დაუწესდებათ.

ეს კვოტები შრომის ბაზრის კვლევის შედეგებზე იქნება დაფუძნებული და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რამდენ სტუდენტს მიიღებს თითოეული უნივერსიტეტი.

გამოცხადებულია, რომ ქვეყანაში სტუდენტების საერთო რაოდენობა უნდა შემცირდეს 150 ათასიდან 110 ათასამდე. უცნობია, კონკრეტულად რომელი მონაცემია გამოყენებული „150 ათასის“ საფუძვლად.

დღეს არსებული სურათი ასეთია:

  • აქტიური სტატუსის მქონე ქართველი სტუდენტები – დაახლოებით 154 000
  • ყველა აქტიური სტუდენტი (უცხოელების ჩათვლით) – დაახლოებით 198 000

ამ ფონზე ლოგიკურია ვარაუდი, რომ 110 ათასი ეხება მხოლოდ ქართველ სტუდენტებს.

ერთი შეხედვით, სტუდენტთა რაოდენობის შემცირება შესაძლოა სწავლის ხანგრძლივობის შემცირებით აიხსნას (3 წელი ბაკალავრიატი + 1 წელი მაგისტრატურა).

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ:

  • კანონით ბაკალავრიატის ხანგრძლივობა განისაზღვრა მინიმუმ 3 წლით;
  • დაშვებულია 2-წლიანი მაგისტრატურაც;
  • რეგულირებად მიმართულებებზე (მაგ., მედიცინა, არქიტექტურა) სწავლების ვადა არ მცირდება და კვლავ 5 ან 6 წელია.

ეს კი კვლევის ავტორთა შეფასებით, ნიშნავს, რომ სტუდენტთა რაოდენობის კლება ვერ იქნება მხოლოდ პროგრამების ხანგრძლივობის შემცირების შედეგი.

აქედან გამომდინარე, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ თუ ქართველი სტუდენტების ჯამური რაოდენობა 110 ათასი უნდა იყოს, მისაღები კონტინგენტი, დიდი ალბათობით, შემცირდება.

უფრო მეტიც, მკვლევართა განმარტებით, სტუდენტთა მისაღები კონტინგენტის სავარაუდო შემცირებაზე მიუთითებს „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის” ფორმატის შემოღებაც.

აღნიშნული ფორმატი გულისხმობს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტების გადანაწილებას „ტრადიციული პროფილისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით.“

კვლევის ავტორთა შეფასებით:

  • კონკრეტული მიმართულებების გაუქმება ერთ უნივერსიტეტში არ ნიშნავს, რომ სხვა უნივერსიტეტები შეძლებენ უწინდელი რაოდენობით სტუდენტების მიღებას.
  • განსაკუთრებით რთულია ამ რაოდენობის გადანაწილება თბილისში, სადაც დიდი მიმართულებებზე მაღალი მოთხოვნაა.

შედეგად, როგორც კვლევის ავტორები მიუთითებენ, ფაკულტეტების გაერთიანება ან გაუქმება რეალურად ამცირებს სტუდენტების მიღებას კონკრეტულ აკადემიურ მიმართულებებზე.

მათივე შეფასებით, შემცირებული სტუდენტთა მისაღები კვოტა განსაკუთრებით შეამცირებს უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას მოსწავლეებისთვის, რომლებიც 2028 წელს მე-11 და მე-12 კლასებს ერთდროულად დაამთავრებენ.

„ქართული ოცნება” აპირებს, სკოლაში 12-წლიანი სწავლება 11-წლიანი გახადოს.

შესაბამისად, წინა წლების ტენდენციების გათვალისწინებით, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ 2028 წლისთვის მოსალოდნელია:

  • დაახლოებით 53 600 მეთორმეტეკლასელი
  • დაახლოებით 51 000 მეთერთმეტეკლასელი
  • ჯამში – 100 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

ამავე დროს:

  • უნივერსიტეტებში არსებული ადგილები – დაახლოებით 45 000
  • რომელთაგან ყოველწლიურად ივსება მხოლოდ 31 000-მდე ადგილი

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ 50 ათასზე მეტ ახალგაზრდას 2028 წელს არ ექნება შესაძლებლობა, დაიწყოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, იმ პირობებში, როდესაც მიღების კვოტები არ გაიზრდება.

„ეს არა მხოლოდ ამცირებს ხელმისაწვდომობას, არამედ აჩენს მკვეთრ სოციალურ უთანასწორობას – უნივერსიტეტში მოხვედრის შანსი დამოკიდებული გახდება სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსზე, დამატებით რესურსებსა და საცხოვრებელ ქალაქზე“.

კვლევის ავტორთა შეფასებით, საჯარო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების რაოდენობის შემცირებაზე მეტყველებს წარმოდგენილი დაფინანსების მიდგომა, რომლის მიხედვითაც საჯარო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის საფასურს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში ყოველწლიურად საშუალოდ 24800 სტუდენტი ირიცხება.

მათივე შეფასებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ სტუდენტზე დახარჯული თანხა (2250 ლარი) უცვლელი დარჩება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ყველა ახლად მიღებული სტუდენტის დაფინანსება წელიწადში სახელმწიფოს დაუჯდება დაახლოებით 56 მილიონი ლარი.

ეს თითქმის ორჯერ აღემატება ამჟამად წელიწადში ერთი კოჰორტის სტუდენტების დაფინანსებაზე გამოყოფილ თანხას: მიმდინარე წელს საბაკალავრო და სამაგისტრო სტუდენტურ გრანტებზე, სოციალურ გრანტებსა და პროგრამულ დაფინანსებაზე ჯამურად გამოყოფილია 29.2 მილიონი ლარი. ამასთან, 2026 წლის დამტკიცებულ სახელმწიფო ბიუჯეტში ყველა სტუდენტის დაფინანსებაზე (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) მთლიანად გამოყოფილია 136.9 მილიონი ლარი, რაც თითქმის იგივეა, რაც 2025 წელს გამოყოფილი თანხა (136.2 მილიონი ლარი).

კვლევის ავტორთა შეფასებით, ეს დამატებით ეჭვქვეშ აყენებს მისაღები სტუდენტების რაოდენობის შემცირების გარეშე საჯარო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტის დაფინანსების შესაძლებლობას.

როგორც მკვლევრებმა გაანალიზეს, სტუდენტების დაფინანსებაზე გამოყოფილი თანხის გაზრდის გარეშე ამჟამად გათვალისწინებული თანხა (ერთ სტუდენტზე 2250 ლარის გათვალისწინების პირობებში) საკმარისი იქნება მხოლოდ დაახლოებით 13 000 სტუდენტისთვის.

მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებები ამოქმედდება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მომავალ სასწავლო წელს ჩააბარებენ.

რეფორმის წარდგენის შემდგომ როგორც სატელევიზიო ინტერვიუში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „სპეკულაციებია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკლებ ახალგაზრდას ექნება უნივერსიტეტში ჩაბარების შესაძლებლობა. მისაღები კონტინგენტი, დარჩება იგივე“.

მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ 16 ოქტომბერს წარმოდგენილ და 1 დეკემბერს დამტკიცებულ უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია ავლენს მთელ რიგ ფუნდამენტურ, კონცეპტუალურ და პროცედურულ ხარვეზებს.

მათივე შეფასებით, ეს წინააღმდეგობები აფერხებს უმაღლესი განათლების სისტემის მდგრად განვითარებას, საფრთხეს უქმნის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ინტერესებისა და უფლებების დაცვას, ძირს უთხრის ინსტიტუციურ ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას, ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ვალდებულებებსა და მისწრაფებებს ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით.