ტროტუარზე დგომის გამო სასამართლომ მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

ტროტუარზე დგომის გამო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 5 მოქალაქეს.

დღეს, 23 იანვარს, სასამართლომ 7 მოქალაქის საქმეზე გამოაცხადა გადაწყვეტილება და მათგან ორი, ანი ახმეტელი და ნათია ჭავჭანიძე სამართალდამრღვევებად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა [ასკ-ის 22-ე მუხლი].

  • 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა სანდრო მეგრელიშვილს; [მოსამართლე დავით მაკარაძე]
  • 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა დიმიტრი ჯამბურიას; [მოსამართლე დავით მაკარაძე]
  • 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ლუკა ნაგლიაშვილს; [მოსამართლე დავით მაკარაძე]
  • 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა მიხეილ ზაქარეიშვილს; [მოსამართლე ზვიად ცეკვავა]
  • 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ნუკრი კაკულიას; [მოსამართლე მანუჩარ ცაცუა].

ტროტუარის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა 22 იანვარსაც. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სიტყვერი შენიშვნით გაათავისუფლა აქტივისტი რეზი დუმბაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ პარლამენტის მიმდებარედ ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

„ოცნების“ პარლამენტმა 10 დეკემბერს მიიღო და 12 დეკემბერს ძალაში შევიდა შეკრება-მანიფესტაციების კანონსა და ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები, რომლითაც საფეხმავლო გზაზე პროტესტი შეიზღუდა.

დაუშვებელი გახდა ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს აქციის მონაწილეთა რაოდენობა.  

აუცილებელი გახდა შსს-ს გახდა გაფრთხილება, თუ აქცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობას აფერხებს.

გაფრთხილების მიღების შემდეგ შსს უფლებამოსილია, განიხილოს აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა და გამოსცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითება.

15-დან 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება ხალხის სავალი გზის „ხელოვნურად” გადაკეტვა, პოლიციის „სავალდებულო მითითების” შეუსრულებლობა, გაფრთხილებით არ მიმართვა, გაფრთხილების ვადის დარღვევა.

ეს სამართალდარღვევა გაერთიანდა ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილში, რომელიც აქამდე საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვას და აქციაზე სახის დაფარვას აერთიანებდა.

აღნიშნული მუხლით სახდელდადებული პირის მიერ იმავე სამართალდარღვევის [განმეორებით] ჩადენა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.

კანონის ამოქმედებიდან მალევე ტროტუარზე დგომისთვის შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება ათობით მოქალაქის მიმართ დაიწყო.

მათი ნაწილის საქმე სასამართლომ შეწყვიტა და გამოსაძიებლად შსს-ს გადასცა იმ მიზეზით, რომ ისინი წარსულში უკვე იყვნენ სახდელდადებულები საავტომობილო გზის გადაკეტვის საბაბით.

„შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს“ – აღნიშნეს მოსამართლეებმა.

ტროტუარზე დგომისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ:

  1. გიორგი წულაიას
  2. ანა ბდეიანს
  3. ლიზი უბილავას
  4. ვაჟა გაფრინდაშვილს
  5. კახა მიქაიას
  6. კოკო მიქაიას
  7. დავით ჭკადუას
  8. აფგან სადიგოვს

პროტესტის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა სახალხო დამცველმა.

სარჩელით სადავოდაა გამხდარი აქციებზე სახის დაფარვის ბლანკეტური აკრძალვა, გაზრდილი ჯარიმები და ზოგიერთი დარღვევისთვის გათვალისწინებული უალტერნატივო ადმინისტრაციული პატიმრობა, ასევე გზის გადაკეტვის განმეორებისა და მესამედ პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.