„გვინდა, განათლებამ დაიბრუნოს სოციალური ფუნქცია“ - „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ ხედვა განათლების პოლიტიკაზე

პუბლიკა

დღეს, „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ მიერ ორგანიზებულ ფორუმზე განათლების საკითხების მკვლევარმა გიორგი ჭანტურიამ განათლების პოლიტიკის შესახებ მოძრაობის ხედვა და პრინციპები წარადგინა.

როგორც გიორგი ჭანტურია განმარტავს, მათი ხედვით, განათლების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი დემოკრატიულობის პრინციპია, რაც გულისხმობს არა მხოლოდ გადაწყვეტილებების მიღებას ზემოდან ქვემოთ, არამედ საზოგადოების, პროფესიული ჯგუფებისა და დაინტერესებული მხარეების აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

მისივე თქმით,  საზოგადოება მათთვის არა პასიური მსმენელი, არამედ პარტნიორი და თანამოაზრეა – მათ შორის კრიტიკული დისკუსიების დროსაც.

აღნიშნული ფორუმის მიზანი კი სწორედ განათლების საკითხებზე პირველადი დისკუსიის გახსნა და ფართო საზოგადოების ჩართულობა იყო.

განათლების საკითხებთან დაკავშირებით მოძრაობის ხედვისა და პრინციპების წარდგენისას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცენტრალური თემა იყო საზოგადოებაში განათლების აღქმის ცვლილების აუცილებლობა.

განათლება როგორც სოციალური უფლება და საზოგადოებრივი სიკეთე – როგორც გიორგი ჭანტურია ამბობს, მათი მოძრაობის ხედვა განათლების პოლიტიკის შესახებ მკაფიოდ ეწინააღმდეგებოდა იმ პარადიგმას, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში განათლებას „საბაზრო პროდუქტად განიხილავდა.“

ჭანტურიას შეფასებით, საქართველოში წლების განმავლობაში დომინირებდა მიდგომა, რომლის მიხედვითაც განათლება განიხილებოდა როგორც პროდუქტი, მოსწავლეები და სტუდენტები – მომხმარებლები, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულებები –  სერვისის მიმწოდებლები.

მისი თქმით, ეს მიდგომა ფუნდამენტურად არასწორია და აუცილებელია პარადიგმის შეცვლა: განათლება არ არის პრივილეგია – ის არის უფლება და საზოგადოებრივი სიკეთე.

მან ასევე  ყურადღება გაამახვილა განათლების სოციალურ ფუნქციაზე.

მისივე განმარტებით,  განათლება უნდა იყოს სოციალური ინტეგრაციის სივრცე, სადაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს ხვდებიან. დღეს კი, მისი შეფასებით, განათლება ბიზნესად არის ქცეული, რის შედეგადაც  დასუსტდა სოციალიზაციის კომპონენტი.

გიორგი ჭანტურიამ ასევე ისაუბრა სოციალურ და საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მძიმე სოციალური რეალობის პირობებში.მათ შორისაა სასკოლო კვების პროგრამა, სტუდენტური საცხოვრისები და სოციალური სტიპენდიები.

მისი თქმით, ეს ინიციატივები დასავლურ ქვეყნებში დიდი ხანია ნორმად ითვლება, თუმცა საქართველოში კვლავ „ინოვაციად“ აღიქმება.

საუბრისას მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო განათლების დაფინანსებას. ვინაიდან, მათი ხედვით, არსებული ბიუჯეტი გარკვეული მოკლევადიანი გაუმჯობესებების საშუალებას იძლევა, თუმცა რეალური სისტემური ცვლილებებისთვის არასაკმარისია.

„საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, განათლებაზე უნდა იხარჯებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტის 15–20% ან მშპ-ს 4–6%, მაშინ როცა საქართველო ამ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება“,- ამბობს გიორგი ჭანტურია და განსაკუთრებით მწვავედ აფასებს განათლების სექტორში არსებულ შრომით პირობების.

მისივე თქმით, ბაღების, სკოლებისა და უნივერსიტეტების თანამშრომლების ანაზღაურება შეურაცხმყოფლად დაბალია და ეს პრობლემა ეხება როგორც პედაგოგებს, ისე ადმინისტრაციას, სკოლის დირექტორებსა და უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებს, განსაკუთრებით კი მოწვეულ ლექტორებს.

„შრომითი პირობები – სოციალ დემოკრატებისთვის ეს განსაკუთრებით ცენტრალური კომპონენტია. სამარცხვინო შრომითი პირობებია განათლების სექტორში, ამ სფეროში დასაქმებულთა ანაზღაურება არის ყველაზე დაბალი, ყველა სხვა სექტორთან მიმართებით. მაგალითისთვის, სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე როცა ვლაპარაკობთ ეს ხალხი არის აბსოლუტურად ექსპლუატირებული, იქნებიან ეს ბაღის თანამშრომლები თუ ადმიანისტრაციის წარმომადგენლები, სადაც 300-500 ლარამდე არის მათი ანაზღაურება, ბუნებრივია შეუძლებელია რაიმე განვითარება  გვქონდეს ამ სექტორში თუ ანაზღაურება და შრომითი პირობები არ გაუმჯობესდება.“

ფინანსების ზრდის აუცილებლობას  მოძრაობის წევრები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებითაც ხედავენ.  ვინაიდან არსებული რეალობა აჩვენებს, რომ სკოლების უმრავლესობა ელემენტარულ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს — არ არსებობს სპორტული და ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა, კომპიუტერული კლასები და ხშირად დარღვეულია ჰიგიენური ნორმებიც.

საუბრისას ასევე ყურადღება დაეთმო ადრეული განათლების მნიშვნელობას. მისი თქმით, 3 წლამდე ბავშვები და მათი ოჯახები პრაქტიკულად გამორიცხულია სახელმწიფო პოლიტიკიდან, მაშინ როცა ადრეული განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ბავშვების განვითარებისთვის, ისე ახალგაზრდა ოჯახების მხარდაჭერისთვის.

როგორც გიორგი ჭანტურია ამბობს, განათლების სისტემის მთავარი ამოცანაა ჯანსაღი და თანასწორი საზოგადოების მშენებლობა, რაც შეუძლებელია პარტიული კონტროლისა და პოლიტიზაციის პირობებში.

„ვერაფერი ვერ განხორციელდება თუ ეს პარტიული კონტროლი და განათლების დამორჩილების პოლიტიკა არ დასრულდა.  სწორედ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობა და მონაწილეობა არის ამის დასრულების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა.“

საუბრის დასასრულს გიორგი ჭანტურიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფკავშირული მოძრაობის მნიშვნელობაზე.

მისი შეფასებით, საქართველოში შრომითი პროტესტისა და გაფიცვების წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ძლიერი და დამოუკიდებელი პროფკავშირების არარსებობაა. ვინაიდან, როგორც ის განმარტავს, წლების განმავლობაში პროფესიული კავშირები ან საერთოდ არ იყო წახალისებული, ან მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებოდა, რის გამოც შრომითი უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმები ვერ ჩამოყალიბდა.

სწორედ ამიტომ, მისი თქმით, პროფკავშირული საქმიანობის მხარდაჭერა, ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერება და შესაბამისი ინსტიტუციური გარემოს შექმნა განათლების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია და აუცილებელი პირობაა შრომითი პირობების რეალური გაუმჯობესებისთვის.

როგორც გიორგი ჭანტურიამ თქვა, მათი განათლების მიმართულებით მომუშავე ჯგუფი უკვე დიდი ხანია მუშაობს ვრცელ და უფრო დეტალურ განათლების პროგრამაზე, რომელიც საზოგადოებას ცალკე, განსხვავებულ ფორმატში წარედგინება.