ევროკავშირმა და ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ისტორიული შეთანხმება გააფორმეს

პუბლიკა

ევროკავშირმა და ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ისტორიული შეთანხმება გააფორმეს.

დასავლური მედია წერს, რომ შეთანხმებაზე მუშაობა თითქმის 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ინდოეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ანტონიო კოშტა, ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დღეს, 27 იანვარს განაცხადა, რომ ორივე მხარე ცდილობს, დაიზღვიოს თავი აშშ-სთან არასტაბილური ურთიერთობებისგან.

შეთანხმება გზას გაუხსნის ინდოეთს, რათა გახსნას თავისი უდიდესი ბაზარი თავისუფალი ვაჭრობისთვის ევროკავშირთან, რომელიც 27 ქვეყანას აერთიანებს.

„ეს შეთანხმება დიდ შესაძლებლობებს მოუტანს ინდოეთის 1.4 მილიარდ მოსახლეს და მილიონობით ადამიანს ევროპაში“, – განაცხადა მოდიმ.

მისივე თქმით, ეს შეთანხმება გლობალური მშპ-ის 25%-ს და გლობალური ვაჭრობის მესამედს მოიცავს.

რამდენიმე კვირით ადრე ევროკავშირმა შეთანხმება გააფორმა მერკოსურის ქვეყნებთან, რომელიც აერთიანებს შემდეგ ქვეყნებს: არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, ურუგვაი და პარაგვაი.

გასულ კვირას ევროპარლამენტმა აღნიშნული შეთანხმება გაყინა და ევროპულ სასამართლოს გადაუგზავნა, რათა გადამოწმდეს მისი შესაბამისობა ევროკავშირის ძირითად ხელშეკრულებებთან. თუმცა, ევროკომისიას აქვს ბერკეტი, გარიგება მაინც აამოქმედოს იმ არგუმენტით, რომ მას ბლოკის ქვეყნები უჭერენ მხარს.

პარალელურად ინდოეთმა დაასრულა მუშაობა სავაჭრო შეთანხმებებზე ბრიტანეთთან, ახალ ზელანდიასთან და ომანთან.

ტრამპმა ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 50%-იანი ტარიფი დააწესა, ხოლო გასულ წელს ინდოეთ-აშშ-ს სავაჭრო შეთანხმება ჩაიშალა.

26 იანვარს ანტონიო კოშტამ, აშშ-ის ხსენების გარეშე განაცხადა, რომ ეს სავაჭრო გარიგება მსოფლიოს გაგზავნის „მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილს, რომ ინდოეთსა და ევროკავშირს სავაჭრო შეთანხმებების უფრო მეტად სჯერათ, ვიდრე ტარიფების“.

ევროკომისიის განცხადებით, ეტაპობრივი შემცირების შედეგად ტარიფები გაუქმდება ქიმიკატების, მანქანა-დანადგარების, ელექტრომოწყობილობების, ასევე თვითმფრინავებისა და კოსმოსური ხომალდების ექსპორტის უდიდეს ნაწილზე. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე არსებული გადასახადი, რომელიც ამჟამად 110%-ს აღწევს, 10%-მდე შემცირდება 250,000 ავტომობილის კვოტის ფარგლებში. ეს ექვსჯერ აღემატება იმ 37,000-ერთეულიან კვოტას, რომელიც ინდოეთმა გასულ ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით დიდ ბრიტანეთს მიანიჭა.

დელიში განაცხადეს, რომ მათი ექსპორტის თითქმის სრული მოცულობა მიიღებს „პრეფერენციულ წვდომას“ ევროკავშირში, ხოლო ტექსტილის, ტყავის, ზღვის პროდუქტების, ხელნაკეთი ნივთების, ძვირფასი ქვებისა და სამკაულების სექტორებში ტარიფების შემცირება ან სრული გაუქმებაა მოსალოდნელი.

თავის მხრივ, ინდოეთი შეამცირებს ტარიფებს ევროკავშირიდან იმპორტირებულ ღვინოზე, ლუდსა და ზეითუნის ზეთზე. ბრიუსელში აცხადებენ, რომ ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს საინვესტიციო ნაკადებს, გააუმჯობესებს წვდომას ევროპულ ბაზრებზე და გააღრმავებს მიწოდების ჯაჭვების ინტეგრაციას.

დელი და ბრიუსელი ასევე შეთანხმდნენ მობილობის ჩარჩოზე, რომელიც პროფესიონალებისთვის ინდოეთსა და ევროკავშირს შორის მოკლევადიან მოგზაურობაზე არსებულ შეზღუდვებს შეამსუბუქებს.

ინდოეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინდოეთი-ევროკავშირის შეთანხმებას ხელი ოფიციალურად მას შემდეგ მოეწერება, რაც იურიდიული შემოწმება დასრულდება. ამ პროცესს სავარაუდოდ 5-6 თვე დასჭირდება.

„ჩვენ ველით, რომ შეთანხმება ერთ წელიწადში ამოქმედდება“, – განაცხადა ინდოეთის წარმომადგენელმა Reuters-ის ცნობით.