ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს აღკვეთის სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პუბლიკა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.

პროკურატურა შარაშიძისთვის პატიმრობას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დავით შარაშიძე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა, თუმცა გუშინ, 29 იანვარს ჩოხატაურის საკრებულომ ის თანამდებობიდან გადააყენა „მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე გამოძიების გამო“.

პროკურატურა დავით შარაშიძეს ჯგუფურ ძალადობას ედავება. კერძოდ, გამოძიების ვერსიით,  27 იანვარს, ოზურგეთში, ერთ-ერთ რესტორანში, შარაშიძემ ორ პირთან ერთად ურთიერთშელაპარაკებისას ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადა პოლიციის თანამშრომელზე, რომელიც იმ დროისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობილია, რომ ამ ეტაპზე ორი პირი მიმალვაშია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათი დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.