ირაკლი კობახიძე ფასებთან დაკავშირებით საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო კომისიის ფორმატში საქართველოში მოქმედი საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას კობახიძის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „სასურსათო პროდუქციისგან განსხვავებით, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასები გაცილებით დაბალია, რაც მათ შორის განპირობებულია იმით, რომ აქციზის გადასახადი საქართველოში ევროპულ ქვეყნებში დაწესებულ შესაბამის გადასახადზე დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია, თუმცა ამის მიუხედავად, გარკვეული დისკუსია ფასების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით შესაძლებელია“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა. ვახტანგ იობაშვილმა შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კომპანიების მიმართ კონკრეტული მითითებები არ ყოფილა ფასების კლებასთან დაკავშირებით.

„არანაირი საყვედური არ გამოუთქვამს არავის, პირიქით, ძალიან კმაყოფილები წამოვედით, ძალიან თბილად მიგვიღეს. კავშირის სახელით ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ხელისუფლებას, ეს არის ყურადღება ბიზნესის მიმართ.

ჩვენ დაგვიძახეს, ჩვენ დაგვეკითხნენ, რა რესურსი გაქვთ, რა შეიძლება მოხდეს და ამისდა მიხედვით ვიმსჯელოთო. აი, ეს არის მისასალმებელი და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა პირველ რიგში ჩვენს პრემიერ-მინისტრს და მის ადმინისტრაციას ვუთხრა.

ჩემი მოლოდინი არის ძალიან დადებითი. წინსწრებით, არავინ არ ვიცით, რა იქნება ხვალ, არავინ არ იცის, მსოფლიო სანავთობო ბაზარზე ხვალ, ზეგ და შემდეგ რა იქნება. თუ გავითვალისწინებთ ჩვენ იმას, თუ როგორი დაძაბულია პოლიტიკური ვითარება საერთოდ სანავთობო ქვეყნების ირგვლივ, ასეთ განცხადებას ვფიქრობ, რომ წინსწრებით, არავინ არ გააკეთებს.

მე ძალიან კმაყოფილი წამოვედი იმით, რომ ზუსტად არავის, არც მთავრობიდან, არ უთქვამს, აბა, ვის რამდენი შეგიძლიათ… [ფასის შემცირება]. გვითხრეს, თქვენ თვითონ დაფიქრდით, თქვენ თვითონ დაითვალეთ, რას მიიღებთ, მოსაზრებები ჩამოაყალიბეთ და კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს. ყველამ თავისი მოსაზრება გამოთქვა. [კომპანიებიდან] ყველა დაჰპირდა პრემიერს, რომ ყველა გაივლიდა საფასო პოლიტიკას და მივიღებდით ამ თუ იმ ციფრს, რა შეიძლება შევთავაზოთ”, – განაცხადა იობაშვილმა.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით მომავალ კვირაში „ქართული ოცნების“ პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნება.


„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში ფასები იმაზე მაღალია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.

კობახიძე ამბობს, რომ ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, „რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს“.

„ოცნების“ პრემიერის თქმით, „პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ“.

კობახიძემ თქვა, რომ „ჩნდება ეჭვი, რომ ბაზრის მოთამაშეები კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ“ და სამართალდამცავ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა.