კულტურის სამინისტრო სახელოვნებო უნივერსიტეტებთან სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტებზე მუშაობს - რა წერია სამუშაო ფაილში

პუბლიკა

რა შეიცვლება სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის დაანონსებული განათლების რეფორმის ფარგლებში, შეამცირებს თუ არა გამოცხადებული რეფორმა მისაღები სტუდენტების რაოდენობას და მოუწევთ თუ არა უნივერსიტეტებს პროფესორ-მასწავლებლების ოპტიმიზაციისთვის ნაბიჯების გადადგმა.

განათლების მკვლევართა ნაწილი დაანონსებული ცვლილებებისა და არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე ვარაუდობს, რომ მისაღები სტუდენტების რაოდენობისა და პროფესორ მასწავლებლების შემცირება გარდაუვალია, „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა კი ბოლო გამოსვლისას განაცხადა, რომ მისაღები სტუდენტების კვოტა არ შემცირდება.

„პუბლიკისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროები სახელოვნებო უნივერსიტეტებთან ჩასარიცხი სტუდენტების კვოტებთან დაკავშირებულ საკითხზე მუშაობენ.

სამუშაო პროცესში უნივერსიტეტებმა კულტურის სამინისტროდან მიიღეს სამუშაო ფაილი, რომელშიც თითოეული უნივერსიტეტის მიხედვით ჩასარიცხი სტუდენტების კვოტებია ჩამოთვლილი. „პუბლიკას“ ეს ფაილი წყარომ მიაწოდა და მისი ნამდვილობის დასადასტურებლად  სახელოვნებო უნივერსიტეტის რექტორებსა და კულტურის სამინისტროს დავუკავშირდით.

რა წერია „სამუშაო ფაილში“?

„ეს არის სამუშაო ფაილი, ნუ დაუძახებთ დოკუმენტს“, – გვითხრა სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ, როდესაც ჩვენს ხელთ არსებული ექსელის ფაილი ვაჩვენეთ და აზრი ვკითხეთ.

სამუშაო ფაილში ჩარიცხვებისა და კურსადამთავრებულთა ბოლო წლების საშუალო მონაცემები და ჩარიცხვის კვოტებზე გრაფებია აღნიშნული.

მაგალითად, სამხატვრო აკადემიის გასწვრივ გრაფაში წერია, რომ ჩარიცხვის კვოტა 82-ია; თეატრისა და კინოს ჩარიცხვის კვოტა – 92; კონსერვატორიისაც – 92;

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სახელოვნებო უნივერსიტეტებში ჩასარიცხი სტუდენტების კვოტის სწორედ ასე განსაზღვრას სთავაზობს სამინისტრო უნივერსიტეტებს – ამ შეკითხვის პასუხად ყარამან ქუთათელაძემ გვითხრა, რომ კულტურის სამინისტროსთან სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. მათ გადაუგზავნეს თავიანთი მოსაზრებები და ირაკლი კობახიძემ უკვე დაამშვიდა საზოგადოება, რომ „მისაღები კვოტები არ შემცირდება“.

ყარამან ქუთათელაძის თქმით, სამხატვრო აკადემია ყველა ფაკულტეტზე ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტს იღებს.

მისივე თქმით, მისთვის მთავარი სტუდენტების საუკეთესო ინტერესების დაცვაა; მეთოდოლოგიის შესახებ კითხვებზე პასუხებისთვის კი კულტურის სამინისტროსთან გადაგვამისამართა.

კონსერვატორიაშიც იგივე განგვიცხადეს, რომ კულტურის სამინისტროსთან სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და მეთოდოლოგიაზე კითხვებს ვერ უპასუხებენ.

როგორ შემუშავდა ეს დოკუმენტი, როგორ დაითვალეს  ჩასარიცხი სტუდენტების კვოტა და რა რეჟიმში გრძელდება ამ საკითხზე მუშაობა – ამ კითხვის მივმართეთ კულტურის სამინისტროს. სწორედ იმ დღეს გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ „კვოტების შემცირებას არ გეგმავენ“.

ჩვენს კითხვებზე კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მოგვწერა, რომ „ეს არის სტანდარტული სამუშაო პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჩვენ ვმუშაობთ დარგის სპეციალისტებთან ერთად და საქმიანობას ვახორციელებთ გამჭვირვალედ“. კონკრეტულ შეკითხვებზე კი პასუხი არ მიგვიღია.

სტუდენტთა მისაღები კონტინგენტი დიდი ალბათობით შემცირდება – კვლევა

განათლების საკითხების მკვლევრებმა, ქეთი ცოტნიაშვილმა და ლელა ჩახაიამ, მოამზადეს დოკუმენტი, რომელშიც „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციაა  გაანალიზებული.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეზღუდავს უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობასსტუდენტთა მისაღები კონტინგენტი, დიდი ალბათობით, შემცირდება.

ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად როგორ შეიცვლება უნივერსიტეტებში სტუდენტთა მისაღები საერთო რაოდენობა, თუმცა უკვე დადასტურებულია, რომ 2026 წლის თებერვლიდან საჯარო უნივერსიტეტებს მიღებაზე კვოტები დაუწესდებათ.

მკვლევართა განმარტებით, სტუდენტთა მისაღები კონტინგენტის სავარაუდო შემცირებაზე მიუთითებს „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ ფორმატის შემოღებაც.

აღნიშნული ფორმატი გულისხმობს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტების გადანაწილებას „ტრადიციული პროფილისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით“.

კვლევის ავტორთა შეფასებით:

  • კონკრეტული მიმართულებების გაუქმება ერთ უნივერსიტეტში არ ნიშნავს, რომ სხვა უნივერსიტეტები შეძლებენ უწინდელი რაოდენობით სტუდენტების მიღებას;
  • განსაკუთრებით რთულია ამ რაოდენობის გადანაწილება თბილისში, სადაც დიდ მიმართულებებზე მაღალი მოთხოვნაა.

შედეგად, როგორც კვლევის ავტორები მიუთითებენ, ფაკულტეტების გაერთიანება ან გაუქმება რეალურად ამცირებს სტუდენტების მიღებას კონკრეტულ აკადემიურ მიმართულებებზე.

კვლევის ავტორთა შეფასებით, საჯარო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების რაოდენობის შემცირებაზე მეტყველებს წარმოდგენილი დაფინანსების მიდგომა, რომლის მიხედვითაც, საჯარო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის საფასურს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, საშუალოდ, 24800 სტუდენტი ირიცხება.

მათივე შეფასებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ სტუდენტზე დახარჯული თანხა (2250 ლარი) უცვლელი დარჩება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ყველა ახლად მიღებული სტუდენტის დაფინანსება წელიწადში სახელმწიფოს დაუჯდება, დაახლოებით, 56 მილიონი ლარი.

ეს თითქმის ორჯერ აღემატება ამჟამად წელიწადში ერთი კოჰორტის სტუდენტების დაფინანსებაზე გამოყოფილ თანხას: მიმდინარე წელს საბაკალავრო და სამაგისტრო სტუდენტურ გრანტებზე, სოციალურ გრანტებსა და პროგრამულ დაფინანსებაზე ჯამურად გამოყოფილია 29.2 მილიონი ლარი. ამასთან, 2026 წლის დამტკიცებულ სახელმწიფო ბიუჯეტში ყველა სტუდენტის დაფინანსებაზე (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) მთლიანად გამოყოფილია 136.9 მილიონი ლარი,  თითქმის იგივე, რაც 2025 წელს გამოყოფილი თანხა (136.2 მილიონი ლარი).

კვლევის ავტორთა შეფასებით, ეს დამატებით ეჭვქვეშ აყენებს მისაღები სტუდენტების რაოდენობის შემცირების გარეშე საჯარო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტის დაფინანსების შესაძლებლობას.