საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ „გრანტების შესახებ“ კანონს და თანმდევ კანონპროექტებში ინიციირებულ ცვლილებებს.
ცვლილება შედის გრანტების შესახებ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა და აუდიტის სამსახურის შესახებ კანონებში.
Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი აცხადებს, რომ დაანონსებული ცვლილებები „ძალიან დამაზიანებელია და მიუთითებს საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის შემდგომ გაფართოებაზე“.
„გრანტების შესახებ“ კანონში მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ძალიან დამაზიანებელია და მიუთითებს საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის შემდგომ გაფართოებაზე, რომლის მიზანია გაჩუმება, განსხვავებული აზრის კრიმინალიზაცია და ძალაუფლების განმტკიცება.
ცვლილებები მნიშვნელოვნად აფართოებს გრანტის განმარტებას და მოიცავს ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას, მხარდაჭერას პრაქტიკულად ყველაფრისთვის, რასაც მთავრობა არ ამტკიცებს — პოლიტიკური აქტივიზმიდან დაწყებული, ანალიტიკური მუშაობითა და ექსპერტების რჩევებით დამთავრებული“, – აცხადებს კრივოშეევი.
მისივე თქმით, „კანონის მიღების შემთხვევაში, „გრანტებს“ მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ დაუშვებენ და ყველას, ვინც მას მიიღებს, დაკავების საფრთხე დაემუქრება“.
„ეს სხვა არაფერია, თუ არა აშკარა მცდელობა, საქართველოში, ფაქტობრივად, კრიმინალიზებულად გამოცხადდეს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებასთან, პოლიტიკურ ოპოზიციასა და ხელისუფლების კონტროლის გარეშე საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობასთან.
უცხოური დაფინანსების მოძიება, გამოყენება და მიღება სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის ცენტრალური ნაწილია და საერთაშორისო სამართლით დაცულ უფლებას წარმოადგენს.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ეს საკანონმდებლო წინადადებები და ქვეყნის კანონმდებლობა სრულად შეუსაბამოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს“, – ამბობს კრივოშეევი.
„ქართული ოცნება“ გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებს გეგმავს.
საკანონმდებლო პაკეტით, გათვალისწინებულია ცვლილებები პარტიების კანონშიც და სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში.
პროექტის მიხედვით, გრანტად მიიჩნევა სხვა სახელმწიფოდან, სხვა ქვეყნის მოქალაქისგან მიღებული სახსრები, რომელიც ხმარდება/შეიძლება მოხმარდეს:
- ხელისუფლებაზე ან საზოგადოებაზე ზეგავლენის მიზნით ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ;
- ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
გრანტად ასევე მიიჩნევა:
- პოლიტიკური ინტერესების შესასრულებლად გაწეული ტექნიკური დახმარება – უსასყიდლოდ ან ანაზღაურების სანაცვლოდ;
- სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობისთვის გადაცემული სახსრები.
ამ გრანტების მიღებას საქართველოს მთავრობის ან უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება.
ზოგიერთ შემთხვევაში თანხმობის მისაღებად მთავრობისთვის მიმართვა სავალდებულო იქნება ისეთი გრანტის გამოსაყენებლად, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე იქნა მიღებული.
კანონის მოთხოვნების დარღვევა სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს – სასჯელი ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც.
პარტიების შესახებ კანონში ცვლილებით, ტერმინი „გაცხადებული საარჩევნო მიზანი“ იცვლება ტერმინით – „გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზანი“.
პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო შემოსავალი. 8 წლის ათვლა დაიწყება იმ წლიდან, როცა მან ბოლოს მიიღო ასეთი შემოსავალი.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად მოაზრებულია ორგანიზაცია, მაუწყებელი ან სხვა ტიპის მედიასაშუალება, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.
პარტიის მიერ ნებისმიერი უცხოური სახსრების მიღება გამოიწვევს პარტიის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობას. სასჯელი ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც.
20 000 დაჯარიმდება მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განახორციელებს, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.