რუსეთიდან საქართველოში თაზო მთივლიშვილის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის ექსტრადიცია განხორციელდა

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, რუსეთიდან საქართველოში დამამძიმებელ გარემოებებში თაზო მთივლიშვილის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის, გიორგი პაპაშვილის ექსტრადიცია განხორციელდა.

გამოძიების ვერსიით, 2025 წლის 18 თებერვალს თბილისში, ბეჟან კალანდაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში გიორგი პაპაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს და მასზე იძალადა, რის შედეგადაც თაზო მთივლიშვილმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული და დანაშაულის ადგილზე მყოფი სხვა პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მოგვიანებით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს 3 პირი – ვერიკო კაპანაძე, საბა რობაქიძე და ლუკა გვენერაძე, რომლებიც უკვე მსჯავრდებულები არიან.

„დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ საერთაშორისო ძებნის მიზნით სამართლებრივი პროცედურები მისი მიმალვიდან მალევე დაიწყო და ინტერპოლის წითელი ცირკულარის საფუძველზე 2025 წლის 4 მარტიდან იძებნებოდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინტენსიური საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გ.პ.-ს რუსეთიდან საქართველოში ექსტრადიცია 2026 წლის 2 თებერვალს განხორციელდა“, – აცხადებს პროკურატურა.

უწყების ცნობით, საერთაშორისო ძებნა მიმდინარეობს კიდევ ერთ პირზე.

„განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე სამართალდამცველებმა სამი პირი მალევე დააკავეს, ხოლო ერთ-ერთმა მიმალვა მოახერხა.

სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ორ პირს 4 წლით და 3 თვით, ერთ პირს 5 წლით, ხოლო მიმალვაში მყოფ პირს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მის მიმართ მიმდინარეობს საერთაშორისო ძებნა“, – აცხადებს პროკურატურა.