მაკრონი მოუწოდებს ევროპას, დაიწყოს მოქმედება, როგორც მსოფლიო ძალამ 

პუბლიკა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ევროპას, დაიმკვიდროს თავი მსოფლიო ასპარეზზე და აღნიშნა, რომ დადგა დრო, მან დაიწყოს მოქმედება, როგორც „ძალამ“.

მაკრონმა ევროპულ გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კონტინენტს „გამოფხიზლება სჭირდება“.

„მზად ვართ თუ არა, გავხდეთ ძალა? ეს არის კითხვა ეკონომიკისა და ფინანსების, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ჩვენი დემოკრატიული სისტემების სფეროში. სხვა ეპოქაში შეიძლება გვეთქვა, რომ დადგა დრო, ჩვენი უმრავლესობა მოვიპოვოთ“, – თქვა მან.

​მაკრონმა კიდევ ერთხელ გააჟღერა მოწოდება ევროკავშირის მასშტაბით ერთიანი სესხების აღების შესახებ, რათა მოიზიდონ ასობით მილიარდი ევრო, რომელიც აუცილებელია ინდუსტრიული ინვესტიციებისთვის.

„დადგა დრო, ავამოქმედოთ ვალის გაზიარების მექანიზმი ჩვენი მომავალი ხარჯების დასაფინანსებლად: ევრობონდები მომავლისთვის. ჩვენ გვჭირდება დიდი ევროპული პროგრამები საუკეთესო პროექტების დასაფინანსებლად“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი მოწოდებებს წარსულში სკეპტიციზმით ხვხვდებოდნენ გერმანია და სხვა ქვეყნები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საფრანგეთს სურდა, ევროპა იმ ფინანსური ტვირთის გასანაწილებლად გამოეყენებინა, რომელსაც თავად  რეფორმების განუხორციელებლობის გამო ვერ უმკლავდება.

მაკრონმა აღიარა, რომ საფრანგეთს „არასოდეს ჰქონია დაბალანსებული მოდელი, განსხვავებით ჩრდილოეთის ზოგიერთი ეკონომიკებისგან, რომლებიც უფრო მეტად პასუხისმგებლობის გრძნობაზეა აგებული“.

„ჩვენ არასოდეს გაგვიტარებია ისეთი რეფორმები, როგორებიც 2010-იან წლებში პორტუგალიაში, ესპანეთში, იტალიასა და საბერძნეთში დაიწყო და რომლებიც დღეს შედეგს იძლევა“, – თქვა მან.

თუმცა, მისივე განცხადებით, მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე იზრდება მოთხოვნა ერთიან ევროპულ ვალზე, რისი მიწოდებისთვისაც ევროკავშირი ამჟამად მზად არ არის.

„მსოფლიო ბაზრებს სულ უფრო მეტად ეშინიათ ამერიკული დოლარის. მათ ალტერნატივები სურთ. ინვესტორებისთვის ყველა ქვეყნიდან დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო უდიდესი მიზიდულობის ძალაა. ახლა ჩვენ გვაქვს ავტორიტარული რეჟიმი ჩინეთის სახით, ხოლო მეორე მხარეს კი აშშ, რომელიც სულ უფრო მეტად შორდება სამართლებრივი სახელმწიფოს მოდელს“, – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი.

მაკრონის თქმით, 27-წევრიან ევროკავშირს წელიწადში 1,2 ტრილიონი ევრო სჭირდება ისეთ სასიცოცხლო სექტორებში ინვესტირებისთვის, როგორიცაა უსაფრთხოება და თავდაცვა, სუფთა ენერგია და ხელოვნური ინტელექტი.

მან მოუწოდა ევროკავშირს, „დაიცვას“ ეს და სხვა ინდუსტრიები: „ჩინელები ამას აკეთებენ, ამერიკელებიც. ევროპა დღეს ყველაზე ღია ბაზარია მსოფლიოში. ამის ფონზე, მე არ ვამბობ, რომ პროტექციონისტები უნდა ვიყოთ. ეს უფრო თანმიმდევრულობის საკითხია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ უნდა დავუწესოთ ჩვენს მწარმოებლებს ისეთი წესები, რომლებსაც არ ვუწესებთ არაევროპელებს“.

„დღეს ევროპა მასშტაბური გამოწვევის წინაშე დგას არეულობის სამყაროში. კლიმატის ცვლილება ჩქარდება. აშშ, რომელზეც ვფიქრობდით, რომ ჩვენს უსაფრთხოებას სამუდამოდ უზრუნველყოფდა, აღარ არის ამაში დარწმუნებული. რუსეთს ჩვენთვის იაფი ენერგია სამუდამოდ უნდა მოეცა, მაგრამ ეს სამი წლის წინ შეწყდა. ჩინეთი გახდა მეტოქე, რომელიც სულ უფრო სასტიკი ხდება.

დღეს ჩვენ, ევროპელები, მარტო ვართ. მაგრამ ჩვენ ერთმანეთი გვყავს. ჩვენ 450 მილიონი ადამიანი ვართ. ეს უზარმაზარი ძალაა. ჩემთვის [ძალად ქცევა] ევროპული თავგადასავლის კულმინაციაა. ჩვენ გავერთიანდით ომის შესაჩერებლად, გავერთიანდით ბაზრის შესაქმნელად. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვუკრძალავდით საკუთარ თავს ძალაუფლებაზე ფიქრს“, – თქვა ემანუელ მაკრონმა.

კითხვაზე ვაშინგტონთან ბოლო დაპირისპირების შესახებ გრენლანდიის თაობაზე, რომლის ბოლო ეტაპზეც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თითქოს შეწყვიტა დანიის ტერიტორიის ანექსიის მუქარა, მაკრონმა თქვა, რომ ევროპელები არ უნდა მოტყუვდნენ.

„კრიზისის დასასრულს არსებობს ლაჩრული ტენდენცია, რომ მშვიდად ჩამოჯდე და თქვა: „ამოვისუნთქეთ“. არის მუქარა და დაშინება, შემდეგ კი მოულოდნელად ვაშინგტონი უკან იხევს და ხალხს ჰგონია, რომ ყველაფერი დასრულდა. ეს არც ერთი წამით არ დაიჯეროთ ეს არც ერთი წამით“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

12 ივლისს ბრიუსელში ევროპელი ლიდერების არაფორმალური სამიტია დაგეგმილი. ისინი უნდა შეთანხმდნენ იმ გარიგების პირველად ფორმაზე, რომელმაც ბლოკში ეკონომიკურ ზრდას ბიძგი უნდა მისცეს და ერთიანი ბაზრის ჩამოყალიბება დაასრულოს. თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნება, არ გავრცელდება პრესრელიზი ან რამე წერილობითი განცხადება. რეალური მოქმედებები 19-20 მარტს, ევროპული საბჭოს ოფიციალურ სამიტზეა მოსალოდნელი.