კალაძე: თუ პირი მერიისგან იღებს ქირას და უარს ამბობს ავარიული სახლის ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე, ქირა 6 თვით შეუწყდება

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ავარიულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ქირის გაცემის წესში გარკვეული ცვლილებები შედის.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პირი მუნიციპალიტეტისგან იღებს ქირას და ამასთანავე უარს აცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას ქირის მიღება ექვსი თვით შეუწყდება.

„მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა არსებობს ავარიული სახლების ჩანაცვლების კუთხით, სამწუხაროდ, ზოგიერთი მესაკუთრე არაკეთილსინდისიერად იყენებს მერიის ქირების პროგრამას.

ეს ადამიანები უარს აცხადებენ ჩანაცვლების პროგრამებში მონაწილეობაზე, რითაც ასევე აზარალებენ და აზიანებენ სხვა მესაკუთრეების უფლებებს. ამასთან, პარალელურად, წლების განმავლობაში იღებენ ქირას მერიიდან.

ცვლილებების მიხედვით, თუ პირი იღებს ქირას და ამასთანავე გამოვლინდება, რომ იგი უარს აცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას ექვსი თვით შემდეგ შეუწყდება ქირის მიღება და აღუდგება მხოლოდ მას შემდეგ, როცა განაცხადებს თანხმობას ჩანაცვლების პროგრამებში მონაწილეობაზე“, – თქვა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ის პირი, რომელიც უარს იტყვის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე და ამის შემდეგ გაუჩნდება ქირის მიღების საფუძველი, მას არ მიეცემა ქირა მანამ, სანამ არ განაცხადებს თანხმობას ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე.

„მუნიციპალიტეტს მზაობა აქვს, რომ თქვენ გვერდით იყოს. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, ისარგებლეთ აღნიშნული პროგრამით. არ მესმის, რატომ უნდა უხაროდეს ადამიანს ძველ და საფრთხის შემცველ სახლში ცხოვრება. არ ვიცი, მიზანმიმართულად აცხადებს ზოგი უარს, თუ ჩვენი მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სჭირდებათ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. იაქტიურეთ, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა და ძველის ნაცვლად მიიღეთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე გარემონტებილი ბინები, ზუსტად იმ ფართობის, რაც ახლა გაქვთ საკუთრებაში“, – თქვა კახა კალაძემ.