„ბოლომდე ვიბრძოლებ პატიმრების ციხიდან გამოსაყვანად“ - ნიკა გვარამიამ საპატიმრო დატოვა

პუბლიკა

8-თვიანი პატიმრობის შემდეგ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საპატიმრო დატოვა. გვარამიას რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები დახვდნენ.

ნიკა გვარამიას პროკურატურა „ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილი თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებოდა.

საპატიმროს დატოვების შემდეგ ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ციხეში არაერთი ადამიანი ზის „საკუთარი სამშობლოს სიყვარულისთვის ბრძოლის გამო” და იბრძოლებს ციხიდან მათ  გამოსაყვანად.

„შერეული ემოციები მაქვს, რა თქმა უნდა, ყველას ნახვა მიხარია, პირველ რიგში, ჩემი ცოლ-შვილის, მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ ადამიანები იქ რჩებიან კიდევ. არა მხოლოდ ამ ციხეში, არამედ გვერდით, ქალთა ციხეში – უამრავი ადამიანი გლდანის ციხეში, რუსთავში კიდევ საბა [სხვიტარიძე]. უხერხულობა მალე გარდაიქმნება იმად, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ მათი აქედან გამოსაყვანად…

აქ არის ნიკა [მელია], ელენე [ხოშტარია], მიშა [სააკაშვილი], მურთაზი [ზოდელავა], ხაბე [ლევან ხაბეიშვილი], მზია [ამაღლობელი] ბრმავდება გვერდით, ქალთა ციხეში. საბა აწამეს. უამრავი ადამიანი ზის ციხეში ბრძოლისთვის და სამშობლოს სიყვარულისთვის. ეს ქვეყანა ვერასდროს იქნება ისეთი, ვიდრე აქამდე იყო, მათ დაჭერამდე. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ხალხის გარეშეც გამარჯვება გაგვიჭირდება, თუ საერთოდ შესაძლებელია, ამიტომ ძალიან მალე ისინი უნდა გამოვიყვანოთ ციხიდან“, – თქვა გვარამიამ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ისაუბრა ოპოზიციის გაერთიანებაზეც და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ოპოზიციის მოქმედების პლატფორმა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია სიტყვების შინაარსი. მე ვიცი ერთი რამ – ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ ეს შედეგი იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია. ამ ყბადაღებულ სიტყვა „ერთობას“ არ გამოვიყენებ, მე არ ვიცი, ამის უკან, ვინ, როგორ, რას მოიაზრებს, ყველა სხვადასხვა რამეს, ერთ პოლიტიკურ სუბიექტს, სალაპარაკო პლატფორმას თუ ასე შემდეგ. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოქმედების პლატფორმა როგორია. […]

მეც მინდა, რომ ჩვეულებრივი ცხოვრებით ვიცხოვრო, თუნდაც სრულიად არაპოლიტიკურით, მაგრამ, მას მერე, რაც ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი, ნამდვილად ქართული და ევროკავშირის წევრი იმიტომ, რომ ყველამ ბედნიერად ვიცხოვროთ, მათ შორის „ქოცებმაც“, – თქვა გვარამიამ.

მანვე კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან და თქვა, რომ მათ პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს.

„აქ ვინც „ქოცები“ არიან, ახლა თუ უკვე აღარ არიან „ქოცები“, მაგრამ მათი ყოფილი თანამდებობის პირები, პირდაპირ გეტყვით, რაც არ უნდა მოჰყვეს ამ ჩემს ნათქვამს და ვიცი, რომ მოჰყვება, მე ამ ხალხს განვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად. იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმრობა იზომება არა იმით ადამიანმა ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება, ან ჩვენ გვგონია ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა, პოლიტიკური პატიმრობის მთავარი საზომი არის ის, რომ ადამიანს არ ღირსებია და არც ეღირსება ამ ხელისუფლების პირობებში თავისუფალი სასამართლო. აქ მჯდომ „ქოცებსაც“ არ ღირსებიათ თავისუფალი სასამართლო და არც ეღირსებათ, ვიდრე „ქოცები“ არიან ხელისუფლებაში“, – თქვა ნიკა გვარამიამ.


ნიკა გვარამიას თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადახდაზეც უარი თქვა. 2025 წლის 23 ივნისს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება 2 წლით აუკრძალა.

ამავე საქმეზე სასჯელს იხდის „კოალიცია ცვლილებისთვის” კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა მელია. ასევე ირაკლი ოქრუაშვილი.

სასჯელი სრულად მოიხადეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ და გივი თარგამაძემ, ხოლო ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ „ოცნების“ პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ საპატიმრო დროზე ადრე დატოვეს.