2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) სამართალწარმოებას იწყებს და პროკურატურას შესაბამისი კომუნიკაციით მიმართავს.
1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად, სავარაუდოდ, I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს.
საია აღნიშნავს, რომ დემონსტრანტთა ნაწილი, რომლებმაც წყლის ჭავლის ზემოქმედება განიცადა, მიუთითებდნენ ჯანმრთელობის პრობლემებზე, კერძოდ კანის დამწვრობაზე, მხედველობის გაუარესებაზე, სუნთქვის უკმარისობაზე, ნევროლოგიურ პრობლემებზე, ალერგიულ რეაქციაზე, სმენის გართულებაზე, სახსრების ტკივილზე, ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებულ პრობლემებზე და სხვა.
ორგანიზაციის ცნობით, ამ ეტაპზე სამართლებრივად იცავს 7 დაზარალებულს, რომლებიც სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემაზე საუბრობენ.
„თითოეულ მათგანს აღნიშნული პრობლემები დღემდე აწუხებთ. ისინი აღნიშნულს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან საპროტესტო აქციებზე მათ წინააღმდეგ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს უკავშირებენ“, – აცხადებს საია.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2025 წლის დეკემბრამდე, მიუხედავად მოწოდებებისა, სახელმწიფო არ ასაჯაროებდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა იგი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში. სწორედ ამიტომ, პროკურატურაში გაგზავნილი განცხადებით საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მოთხოვნილია:
- ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
- დაზარალებული პირების გამოკითხვა;
- წყლის ჭავლში ნივთიერებების შერევისა და მისი გამოყენების პრაქტიკის შესაბამისობის შეფასება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულებთან მიმართებით;
- პასუხისმგებელ პირთა გამოსავლენად აუცილებელი ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება;
- იმ 7 პირის დაზარალებულად ცნობა, რომელთაც ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიადგათ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ განაგრძობს ამ საკითხზე სამართლებრივ ადვოკატირებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს.
BBC-ის გამოძიების მიხედვით, მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, რომლის ნამდვილობაც დაადასტურეს.
დოკუმენტში მათ ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:
ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
ქიმიური სითხე, კოდით – UN1710, რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება.
BBC გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა. ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გდდ-ში შეიარაღების უფროსი იყო, ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ.
გამოცდისას შერგელაშვილმა აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება.
BBC-ის განცხადებით, გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.
2025 წლის პირველ დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), ასევე 319-ე მუხლით (უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება).
2025 წლის 6 დეკემბერს სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, რომ 2024 წლის წლის 4-5 დეკემბერს აქციების დაშლის დროს გამოიყენებოდა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომელიც, მისი თქმით, შსს-მ 2007 წლის დეკემბერში შეიძინა, ხოლო 2009 წლის მარტში შეიძინა ტრიქლოროეთილენი.
მაღრაძის თქმით, შსს-მ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში გამხსნელად გამოიყენა „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, თუმცა არ უთქვამს, რა ნივთიერებები გამოიყენეს საპროტესტო აქციების სხვა დღეებში.
საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს დაიწყო. შსს-მ იმავე დღეს დაიწყო დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენება.
15 იანვარს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 14 იანვარს პარტიის სახელით ოფიციალურად მიმართეს BBC-ის.
პაპუაშვილის მტკიცებით, ნოემბერ-დეკემბრის აქციების შესახებ მომზადებულ ფილმში BBC მცდარ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებს.
„ოცნებას“ საჩივრით მოთხოვნილი აქვს ფილმის და მასთან დაკავშირებული მასალების აღება პლატფორმებიდან, ასევე BBC-ის მხრიდან საჯარო და მკაფიო ბოდიშის მოხდა „ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე ვარაუდისა და მტკიცებისთვის – თითქოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს კამიტი; თითქოს სამართალდამცველებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს, როდესაც შეკრების მონაწილეები მათზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ; მტკიცებისთვის, თითქოს „ოცნების“ ინტერესები რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია; თითქოს ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა შეკრებების დაშლის გადაწყვეტილებებში“.