ვლადიმერ ხუჭუას წარდგინებები საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო

პუბლიკა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინებები საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას IPN ვლადიმერ ხუჭუაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხუჭუას თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის ისტორიაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არსებითად განსახილველად არ მიიღეს მოსამართლის წარდგინებები.

„საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებში 2025 წელს განხორციელებული ცვლილებების (განმეორებისას, ჯარიმის გადაუხდელობის გამო, მოსამართლის ვალდებულება პირს შეუფარდოს მხოლოდ პატიმრობა, არანაკლებ მაქსიმალური ვადის ნახევრისა) კონსტიტუციასთან შეუსაბამობასთან დაკავშირებული მისი წარდგინებების არსებითად განსახილველად არ მიღების თაობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის ისტორიაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირველად არ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული მოსამართლის წარდგინებები იმ საფუძვლით, რომ „სადავო დანაწესი არ წარმოადგენს საქმეზე გამოსაყენებელ კანონს, რომელსაც უნდა დააფუძნოს საქმის განმხილველმა მოსამართლემ დავის სამართლებრივი გადაწყვეტა“, – განაცხადა ხუჭუამ.

მედიის ცნობით, მოსამართლე ფიქრობს, რომ კონსტიტუციური წარდგინებები წარმოადგენს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებებისა და სამოსამართლეო ფიცისადმი ერთგულების აქტს. ის კვლავ გააგრძელებს სამართლიან, მიუკერძოებელ და კანონის საფუძველზე დამყარებულ ჯეროვან მართლმსაჯულებას.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოს  2025 წლის დეკემბერში მიმართა. მოსამართლე მოითხოვდა, საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ეცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წლის ზაფხულში შეტანილი ის ცვლილებები, რომლებიც შეეხებოდა სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისას ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულოდ შეფარდებას და მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შენახვისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვისა და სხვა უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულოდ ჩამორთმევას.

ვლადიმერ ხუჭუამ იმავე პერიოდში მის წარმოებაში არსებული საქმეები შეაჩერა და  წარდგინებებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ის მაშინ მედიასთან ამბობდა, რომ ადამიანი, ვისაც არ აქვს საშუალება გადაიხადოს თანხა, 30-დღიანი პატიმრობისთვისა განწირული. მოსამართლე ფიქრობდა, რომ ეს დაუშვებელია, რადგან არ შეიძლება ადამიანი თავისი ეკონომიკური ან სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებლად პატიმრობაში იყოს.

ვლადიმერ ხუჭუა ის ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საარჩევნო უბნების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი დააკმაყოფილა.