რატომ არის უმაღლესი განათლების რეფორმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკან: არგუმენტები და გამოსავლის გზა

პუბლიკა

ავტორი: თამაზ თოხაძე, ფილოსოფიის დოქტორი

 

საჯარო გამოსვლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხშირად ამბობს, რომ უმაღლესი განათლების ზოგადი რეფორმის წინააღმდეგ „არგუმენტები არ არსებობს“. მე, როგორც ლოგიკისა და კრიტიკული აზროვნების ლექტორი და ფილოსოფიის პროფესორი, სტუდენტებთან ხშირად განვიხილავ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მსჯელობის ცხად არგუმენტად ჩამოყალიბება და მიზეზებსა და დასკვნას შორის მკაფიო კავშირის ჩვენება.

ამ წერილში კომპაქტურად ჩამოვაყალიბებ ძირითად არგუმენტებს, თუ რატომ არის დაგეგმილი ცვლილებები მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკან და ასევე განვიხილავ გავრცელებულ შედავებებს წარმოდგენილ არგუმენტებთან მიმართებით. წერილი ფოკუსირდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ილიაუნის) მიმართ დაწესებულ შეზღუდვებზე, რადგან რეფორმის მიხედვით, სწორედ ეს უნივერსიტეტი ზარალდება განსაკუთრებულად მძიმედ: ბაკალავრის საფეხურზე სტუდენტთა მიღება 4200-დან 300-მდე მცირდება და უნივერსიტეტს ეზღუდება მიღება თითქმის ყველა პროგრამაზე (გარდა პედაგოგიკისა და ABET-აკრედიტებული STEM მიმართულებებისა).

 

არგუმენტი 1: აკადემიური მრავალფეროვნება და კონკურენცია

პირველი არგუმენტი ეხება „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპს, რომელიც განათლების რეფორმის წამყვანი კონცეფციაა.

ერთ ქალაქში (განსაკუთრებით დედაქალაქში) ერთი და იგივე მიმართულების ერთზე მეტი ძლიერი აკადემიური ცენტრი ქმნის ინტელექტუალურ მრავალფეროვნებას და ჯანსაღი კონკურენციის პირობებს. კონკურენცია უნივერსიტეტებსა და დეპარტამენტებს შორის მეტ ბიძგს იძლევა, რომ მათ შექმნან განსხვავებული, გამორჩეული სასწავლო/კვლევითი პროფილები და განაახლონ პროგრამები თანამედროვე სტანდარტების მიხედვით.

„ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მიდგომა ცალსახად ამცირებს ამ მრავალფეროვნებას და კონკურენციის  ჩარჩოს, რაც ხარისხის გაუარესების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ აკადემიური შრომის ბაზარი და პროფესორების არჩევანი.

როცა ქვეყანაში კონკრეტული მიმართულებით პრაქტიკულად ერთი მთავარი საგანმანათლებლო ცენტრი რჩება, პროფესორებისთვის მცირდება არჩევანი, სად და რა პირობებში გააგრძელონ მუშაობა. ეს ზრდის რისკს, რომ ერთ ინსტიტუციას ხისტი ბერკეტები ექნება სამუშაო პირობებზე, აკადემიურ კულტურასა და შიდა პოლიტიკაზე. მრავალცენტრიან სისტემაში კი უნივერსიტეტებს უხდებათ კონკურენცია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ კადრებისთვისაც – რაც საბოლოოდ აძლიერებს აკადემიურ და ზოგად სამუშაო გარემოს.

კონკრეტული მაგალითი რომ განვიხილოთ: თსუ–სა და ილიაუნიში ერთი და იგივე მიმართულებების დარგები ხშირად განსხვავებული ინტენსივობითა და აქცენტებით ისწავლება: მაგალითად, ილიაუნიში ანალიზური ფილოსოფია და ფორმალური ლოგიკა მეტი ინტენსივობით ისწავლება ვიდრე თსუ-ში. ილიაუნის გაუქმება ამ მრავალფეროვნებას და განსხვავებულ სპეციალიზაციას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

 

შედავება 1: „დედა უნივერსიტეტის“ იდეა – ერთი მთავარი ცენტრი სჯობს

პასუხი
„დედა უნივერსიტეტი“ თავისთავად ღირებულებად ვერ გამოდგება, თუ მის შედეგად ვკარგავთ მრავალფეროვნებას, აკადემიურ თავისუფლებასა და ხარისხის ზრდის მექანიზმებს. საერთაშორისო პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ერთ ქალაქში შეიძლება თანაარსებობდეს ერთზე მეტი მსოფლიო დონის ცენტრი ერთსა და იმავე დისციპლინაში – და ეს არა პრობლემა, არამედ სიძლიერეა. მაგალითად, მიუნხენში მათემატიკის ძლიერი დეპარტამენტი აქვს როგორც ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტს, ისე მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს.
მსგავს განსხვავებულ პროფილებს რეალური სარგებელი მოაქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიც: მაგალითად, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მათემატიკური ფილოსოფიის ცენტრი – ძლიერი ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრი, რომელიც მათემატიკასა და ფილოსოფიას შორის თანამშრომლობას აძლიერებს.

შედავება 2: კონკურენცია მაინც იქნება ქალაქებს შორის (თბილისი–ქუთაისი–ბათუმი)

პასუხი
საკითხი არა მხოლოდ კონკურენციის არსებობა/არარსებობაა, არამედ მისი ხარისხი და სიმჭიდროვე. როცა თბილისში ერთ-ერთ დიდ სახელმწიფო უნივერსიტეტს უუქმდება პროგრამების დიდი ნაწილი, კონკურენცია ფორმალურად დარჩება, მაგრამ მნიშვნელოვნად გაღარიბდება.

 

არგუმენტი 2: ამ მასშტაბის ჩარევაზე სახელმწიფოს ეკისრება მძიმე „მტკიცების ტვირთი“

დისკუსიაში მოქმედებს მარტივი პრინციპი: როცა ერთი მხარე აყენებს სადავო მტკიცებას ან ახორციელებს ქმედებას, რომელიც რადიკალურად ცვლის სტატუს-კვოს, სწორედ მას ეკისრება „მტკიცების ტვირთი“ (Onus Probandi).

როდესაც სახელმწიფო გადაწყვეტილება ასე მკვეთრად ზღუდავს ერთ-ერთ უმსხვილეს უნივერსიტეტს (საბაკალავრო პროგრამებზე მიღება 300-მდე ჩამოდის და თითქმის ყველა პროგრამა უქმდება), სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებულად ძლიერი ვალდებულება, რომ საზოგადოებას და აკადემიურ სფეროს დეტალურად აუხსნას:

  • რა კრიტერიუმებით შეირჩა ეს გზა?
  • რა ალტერნატივები განიხილეს და რატომ უარყვეს ისინი?
  • რატომ არის ეს რადიკალური ზომა აუცილებელი და პროპორციული?
  • როგორი იქნება გავლენა სტუდენტებზე, აკადემიურ პერსონალსა და კვლევით პოტენციალზე.

მე, როგორც ფილოსოფიის მიმართულების პროფესორს, არც პირადად და არც საჯარო სივრცეში არ მომისმენია სარწმუნო, შემოწმებადი დასაბუთება, რატომ უნდა გაუქმდეს ფილოსოფიის ფაკულტეტი ილიაუნიში, როდესაც ამ პროგრამამ თავისთვის დამახასიათებელი სწავლების/კვლევის იდენტობა შექმნა და ხშირად იზიდავს სტუდენტებს თსუ-დან. იგივე კითხვა ჩნდება სხვა მიმართულებებზეც.

„დედა უნივერსიტეტის“ ან „ტრადიციის“ არგუმენტები აქ ვერ ფარავს ამ ტვირთს: ტრადიცია ღირებულებაა მაშინ, როცა ის განვითარებასთან, ხარისხთან და მრავალფეროვნებასთან თავსებადია, და არა მაშინ, როცა მისი სახელით სხვა ინსტიტუციის შესაძლებლობებს ვაქრობთ.

შედავება 3: მწირი რესურსები” და ჭარბი კადრები რაში სჭირდება საქართველოს ამდენი იურისტი ან ფილოსოფოსი?

ეს მოსაზრება განათლების სამთავრობო რეფორმის მხარდასაჭერ ერთ-ერთ მთავარ საბუთად არის მოყვანილი. ამას თან ურთავენ „ბაზრის კვლევის“ შედეგად შემუშავებულ კვოტებს, თუ რომელ პროფესიაზე რამდენი სტუდენტი უნდა მიიღოს უნივერსიტეტმა.

ეს შედავება მცდარია როგორც ფორმალური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით.

დავიწყოთ ფორმალური შეცდომით: დავუშვათ, მართლაც გვყავს იმაზე მეტი იურისტი, ვიდრე ბაზარს სჭირდება და ეს საკითხი დასარეგულირებელია. ეს ასეც რომ იყოს, მოცემული დაშვება მაინც ვერ ასაბუთებს, რომ „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ სწორი პრინციპია, ან რომ ილიაუნისთვის პროგრამების გაუქმება გამართლებული სტრატეგიაა (ამასთან დაკავშირებით, იხილეთ ქვემოთ მოყვანილი მე-3 არგუმენტი).

ანალოგიურად, „მწირი რესურსი“, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი ახსენებს, ვერ დაასაბუთებს, რატომ უნდა იყოს ილიაუნი – უნივერსიტეტი, რომელსაც არაერთი წარმატებული და საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამა აქვს – ამ რეფორმით ყველაზე მეტად დაზარალებული.

რაც შეეხება შინაარსობრივ შეცდომას: ეს პოზიცია ფუნდამენტურად აცდენილია იმას, თუ რა არის უნივერსიტეტის ფუნქცია დემოკრატიულ სახელმწიფოში. უნივერსიტეტის ფუნქცია არ არის მხოლოდ დარგის მომავალი პროფესიონალების მომზადება. აქ რამდენიმე ასპექტია გამოსაყოფი:

როგორც განათლებისა და დემოკრატიის გავლენიანი თეორეტიკოსი, ჯონ დიუი აღნიშნავდა: „ყველაზე დიდი პედაგოგიური შეცდომაა მოსაზრება, თითქოს მოცემულ პერიოდში, მოცემული საგნის შესწავლისას, ინდივიდი მხოლოდ ამ კონკრეტულ საგანს სწავლობს“. ის ზოგადი სტანდარტები და უნარები, რომლებსაც სტუდენტი იძენს, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კონკრეტული დარგობრივი კომპეტენციები.

საუნივერსიტეტო განათლების ძირითადი იდეალი ისაა, რომ სტუდენტს მისცეს როგორც ზოგადი, ისე დარგობრივი უმაღლესი განათლება, რომლის მნიშვნელობა და ღირებულება ბევრად სცილდება ვიწრო პროფესიულ გამოყენებას. წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფო აუცილებლად გულისხმობს მოქალაქეების ინფორმირებულ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესში, უნივერსიტეტი კი დემოკრატიული საზოგადოების არსებითი ინსტიტუტია. მეცნიერული და კრიტიკული აზროვნების სტანდარტების კულტივირება ნებისმიერი საუნივერსიტეტო განათლების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. სტუდენტი სწავლის პერიოდში ასევე უნდა ეუფლებოდეს ცოდნისა და არგუმენტაციის იმ აკადემიურ სტანდარტებს, რომლებიც გაცილებით მაღალია, ვიდრე სასკოლო თუ ყოფითი წარმოდგენები.

ასევე, არსებითად მცდარია ხედვა, თითქოს სტუდენტი აუცილებლად იმ ვიწრო მიმართულებით უნდა დასაქმდეს, რომელიც მისი ძირითადი სპეციალობა იყო. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ფილოსოფიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებს დასაქმების საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვთ ისეთი მრავალმხრივი მიმართულებებით, როგორებიცაა სასკოლო განათლება, ჟურნალისტიკა, პროგრამირება, ბიზნესი, პოლიტიკა და სხვა. შესაბამისად, არგუმენტი, რომ ქვეყანას, მაგალითად, „ამდენი ფილოსოფოსი არ სჭირდება“, სრულიად უადგილოა.

არგუმენტი 3: რატომ ილიაუნი?

აბდუქციური მსჯელობა: როცა მთავრობის მიერ მოცემული ოფიციალური მიზეზები სუსტია, პოლიტიკურ მოტივზე ჩნდება გონივრული ეჭვი

როგორც უკვე აღვნიშნე, პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის არგუმენტები მწირი რესურსებისა თუ ჭარბი კურსდამთავრებულების შესახებ ვერ ასაბუთებს, თუ რატომ უნდა დაზარალდეს ამ რეფორმით ყველაზე მეტად სწორედ ილიაუნი და რატომ უნდა ჩამოერთვას მას თითქმის ყველა პროგრამა.

ლოგიკასა და კრიტიკულ აზროვნებაში ვასწავლით, რომ დედუქციისა და ინდუქციის გარდა არსებობს აბდუქცია — „საუკეთესო ახსნაზე“ დაფუძნებული დასკვნა: როცა რამდენიმე შესაძლო ახსნა გვაქვს, ვირჩევთ იმას, რომელიც მოცემულ ფაქტებს ყველაზე კარგად ხსნის.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბუნებრივად მივდივართ გონივრულ ახსნამდე, რომ ასეთ მძიმე და არაპროპორციულ ზიანის მომტან გადაწყვეტილებას საფუძვლად აქვს არასაგანმანათლებლო, პოლიტიკური მოტივი. ეს ეჭვი უფრო მძაფრდება იმ ფონზე, როცა საჯარო სივრცეში ხშირად ისმის პრეტენზიები ილიაუნის მიმართ „არასასურველი“ პროფესორების ან „მიუღებელი“ გარემოს შესახებ.

ამგვარად, საუკეთესო ახსნა, თუ რატომ დაზარალდა ილიაუნი ამ რეფორმით ყველაზე მეტად, არის ის, რომ ეს უნივერსიტეტი პოლიტიკურად მიუღებელია სახელმწიფოსთვის. ამიტომ, არსებული მტკიცებულებები იქითკენ მიუთითებს, რომ ილიაუნის პროგრამების გაუქმება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არ აქვს დიდი კავშირი განათლებასთან.

რა არის გამოსავალი?

მოყვანილი მიზეზების გამო, ერთადერთი სამართლიანი ნაბიჯი მთავრობის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებაა. თუ განათლების მოდერნიზაციის სურვილი რეალურია, ეს უნდა მოხდეს აკადემიური სფეროს ჩართულობით და არა თვითნებური დირექტივებით.

მაგრამ, თუ მთავრობა უკან არ დაიხევს, რა რჩება აკადემიურ საზოგადოებას? აქ არსებობს მხოლოდ ერთი ეფექტიანი სტრატეგია: კოორდინაცია აკადემიური სფეროს წევრებს შორის და პროტესტის საერთო ფორმაზე შეჯერება. მაგალითად, საქართველოს აკადემიური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი რომ გაიფიცოს და შეწყვიტოს სასწავლო პროცესში მონაწილეობა, ეს იქნება ძლიერი და ეფექტიანი პროტესტის ფორმა, რასაც წარმატების მიღწევის რეალისტური შანსი აქვს. გაფიცვა დასავლურ საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური უფლებების დაცვის ლეგიტიმური და მძლავრი ბერკეტია.

თუ განვიხილავთ მხოლოდ თსუ-სა და ილიაუნის, სადაც ჯამურად 1000-ზე მეტი პროფესორია, და წარმოვიდგენთ სცენარს, სადაც მათი კრიტიკული ნაწილი უარს იტყვის აუდიტორიებში შესვლაზე – ეს იქნება პროტესტის გაცილებით უფრო ეფექტიანი გზა, ვიდრე მრავალათასიანი აქციები ქუჩაში. ახლა მთავარი საკითხია: გვაქვს თუ არა აკადემიურ საზოგადოებას იმის უნარი და ნება, რომ ეს კოლექტიური პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ?