CPT-ის ანგარიში: სამ ფსიქიატრიულში უმეტესად გამოიყენებოდა პირველი თაობის ანტიფსიქოზური მედიკამენტი

პუბლიკა

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტის (CPT)  ანგარიში, რომელიც დღეს, 18 თებერვალს გამოქვეყნდა, ეხება ფსიქიატრიულ საავადმყოფოებსაც საქართველოში.

ანგარიშის თანახმად, CPT-ის დელეგაცია პირველად ეწვია თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს (შემდგომში: თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფო) და განახორციელა შემდგომი ვიზიტები ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიულ განყოფილებაში (შემდგომში: ხელვაჩაურის ფსიქიატრიული საავადმყოფო) და ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (შემდგომში: ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფო).

კომიტეტი აღნიშნავს, რომ სამივე მონახულებულ საავადმყოფოში ფიქსაცია (შეკავება), როგორც წესი, გამოიყენებოდა ქიმიურ შეზღუდვასთან კომბინაციაში (სედატიური ან ანტიფსიქოზური მედიკამენტების კუნთშიდა ინექცია), რომელიც პაციენტის დასამშვიდებლად გამოიყენებოდა შეზღუდვის ეპიზოდის დასაწყისში.

თუმცა, ისევე როგორც წარსულში, არც ახლა არცერთ მონახულებულ საავადმყოფოში ქიმიური შეზღუდვის შემთხვევები არ აღირიცხებოდა სპეციალურ ჟურნალში.

ამავე დროს, ანგარიშის მიხედვით, სამივე დაწესებულება დიდწილად ეყრდნობოდა პირველი თაობის ანტიფსიქოზურ საშუალებებს, რომელთა ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.

საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უნდა გადახედოს ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნის პრაქტიკას, რათა ეტაპობრივად შემცირდეს პირველი თაობის ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოწერა და ისინი, საჭიროების შემთხვევაში, ახალი თაობის ანტიფსიქოზური საშუალებებით ჩანაცვლდეს.

ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი წერს, რომ საქართველოს ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლებმა დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ, რომლებიც ფოკუსირებულია გრძელვადიანი პაციენტების დეინსტიტუციონალიზაციასა და თემზე დაფუძნებული ზრუნვის ხელშეწყობაზე.

CPT წერს, რომ სურს, მიიღოს განახლებული ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ დეინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკის განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დელეგაციას არ მიუღია საჩივრები პერსონალის მხრიდან ბოლოდროინდელი ფიზიკური არასათანადო მოპყრობის შესახებ მონახულებულ დაწესებულებებში. პირიქით, პაციენტები ზოგადად დადებითად საუბრობდნენ პერსონალთან ურთიერთობაზე.

თუმცა, ხელვაჩაურისა და თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში იყო პრეტენზიები იმის შესახებ, რომ უმცროსი სამედიცინო პერსონალი (სანიტრები) პაციენტებს უყვიროდნენ და უპატივცემულო ენით მიმართავდნენ.

ერთ შემთხვევაში დელეგაცია თავად გახდა თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სანიტრის მხრიდან მსგავსი ქცევის მომსწრე.

CPT რეკომენდაციას უწევს ამ ორი საავადმყოფოს ხელმძღვანელობას, რეგულარულად მისცენ მითითებები უმცროს სამედიცინო პერსონალს, რომ პაციენტებს უნდა მოეპყრონ ღირსებითა და პატივისცემით, და რომ პაციენტების მიმართ ნებისმიერი ფორმის არასათანადო მოპყრობა, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიუღებელია და შესაბამისად დაისჯება.

კომიტეტი ასევე წერს, რომ აუცილებელია, მათი სამუშაოს რთული ხასიათის გათვალისწინებით, უმცროსი სამედიცინო პერსონალი შეირჩეს ყურადღებით და მათ ჩაუტარდეთ სათანადო მომზადება მოვალეობის შესრულების დაწყებამდე, ისევე როგორც მუდმივი გადამზადება.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ტრენინგებს პაციენტების აგრესიული ქცევის პრევენციასა და მართვაში, მათ შორის სიტყვიერი დეესკალაციის უნარებში. გარდა ამისა, მოვალეობის შესრულებისას სანიტრები უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო პერსონალის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ.

კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, რომ ამ შენიშვნების გათვალისწინებით შემუშავდეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში უმცროსი სამედიცინო პერსონალის შერჩევის, მომზადებისა და ზედამხედველობის პროცედურები.

ვიზიტის დროს მოპოვებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პაციენტებს შორის ძალადობა არ წარმოადგენდა დიდ პრობლემას არცერთ მონახულებულ საავადმყოფოში და პერსონალი ამ მხრივ ფხიზლად იყო.

ამასთან, პაციენტებს შორის დროდადრო ხდებოდა ფიზიკური შელაპარაკებები, რაც გასაკვირი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ განყოფილებებში პერსონალის რაოდენობა ზოგადად დაბალია (რაც ართულებს პაციენტების ზედამხედველობასა და მათთან ურთიერთობას) და პაციენტებისთვის არ არსებობს ორგანიზებული აქტივობები (რამაც ზოგიერთ განყოფილებაში გარკვეულწილად ქაოტური გარემო შექმნა).

რაც შეეხება საცხოვრებელ პირობებს – კომიტეტი წერს, რომ ქუტირის (ყოფილი ხონის) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მატერიალური პირობები CPT-ის წინა ვიზიტების ანგარიშებში მკაცრი კრიტიკის საგანი იყო – დაწესებულების გარკვეულ ნაწილებში არსებული პირობები შეფასებული იყო როგორც „შეუფერებელი სამედიცინო დაწესებულებისთვის“ ან თუნდაც „არაადამიანური და დამამცირებელი“.

შესაბამისად, კომიტეტმა მიმდინარე ვიზიტისას დიდი კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საავადმყოფომ გაიარა ყოვლისმომცველი სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო პროგრამა და გარდაიქმნა დაწესებულებად, რომელიც თავის პაციენტებსა და სოციალური ზრუნვის ბენეფიციარებს სთავაზობს ზოგადად კარგი სტანდარტის საცხოვრებელ პირობებს.

პაციენტების საცხოვრებელი ოთახები მთელ დაწესებულებაში იყო კარგ მდგომარეობაში, სუფთა, კარგად განათებული, საკმარისად გამთბარი და ვენტილირებული. ისინი აღჭურვილი იყო საწოლებით სრული თეთრეულით, საწოლისპირა ტუმბოებით, თაროებითა და ტელევიზორით, ასევე ჰქონდათ ტუალეტი და შხაპი. გარდა ამისა, ყველა განყოფილების დერეფანში ხელმისაწვდომი იყო ინდივიდუალური კარადები, სადაც პაციენტებს შეეძლოთ პირადი ნივთების შენახვა. საავადმყოფოს ასევე ჰქონდა ახალი სამზარეულო და სამრეცხაო.

საავადმყოფოს ფორენზიკულ (სასამართლო ფსიქიატრიულ) განყოფილებებში პაციენტების ოთახების უმეტესობა ოთხსაწოლიანი იყო. თუმცა, დელეგაციამ აღნიშნა, რომ ბევრი ეს ოთახი მხოლოდ 14-დან 15 კვ.მ-მდე იყო (სველი წერტილის გარეშე), იყო სრულად დაკავებული, რაც ქმნიდა ვიწრო საცხოვრებელ სივრცეს.

ამასთან დაკავშირებით, საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ დელეგაციას აცნობა, რომ 2025 წლის დასაწყისში ფსიქიკური აშლილობის მქონე სოციალური ზრუნვის ბენეფიციარებისთვის ახალი ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, საავადმყოფოს დაემატებოდა თავისუფალი ადგილები, რაც შეამცირებდა ფორენზიკულ განყოფილებებში პაციენტთა სიმჭიდროვეს.

CPT-ს სურს მიიღოს დადასტურება, რომ ეს გეგმები განხორციელდა.