ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინიფესტივალის ჟიურიმ გამარჯვებულები დაასახელა.
ბედის ირონიით თუ ბერლინალეს ჟიურის თავმჯდომარის, ვიმ ვენდერსის საბედისწერო ფრაზის საწინააღმდეგოდ, პოლიტიკა და კინო ამჯერად ვერაფრით გაიმიჯნა. საერთაშორისო შვიდკაციანმა ჟიურიმ წლევანდელი ფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს დათვი“ საუკეთესო ფილმისთვის, თურქული წარმოშობის გერმანელი რეჟისორის, ილკერ ჩატაკის ფილმს გადასცა.
ფილმი სახელწოდებით „ყვითელი წერილები“ თურქეთში მომუშავე პროფესიონალი მსახიობების თავისუფლებასა და პოლიტიკურ რეპრესიებს ეხება. რეჟისორი და მისი მეუღლე, რომელთაც სპექტაკლის დადგმას ანკარაში გაცხადებული პოლიტიკური მოტივებით უკრძალავენ და დევნიან, იძულებულები არიან ჰამბურგში, ნათესავებთან გადავიდნენ საცხოვრებლად. მთავარი მოტივი რაც ილკერ ჩატაკის ფილმში ნათლად ისმის, ესაა პასუხი შეკითხვაზე – რამდენად ემორჩილება ხელოვანი პოლიტიკურ ზეწოლას და რჩება თუ არა ის საკუთარი შეხედულებების ბოლომდე ერთგული?

აღმოჩნდა, რომ რეჟისორისთვის ეს საკითხი უნივერსალურია და არა მხოლოდ თურქეთის ანტიდემოკრატიულ სისტემას, არამედ გერმანიასაც ეხება. „ფილმში განხილული პრობლემები მხოლოდ ჩვენს პრობლემებადაც ვერ დარჩება. თუ ფხიზლად არ ვიქნებით და ვერ დავიცავთ დემოკრატიას, სასამართლო სისტემას, პრესის თავისუფლებას და ხელოვნების გამოხატვის ენას, ეს ყველას შეეხება“ – განაცხადა ილკერ ჩატაკმა საზეიმო დაჯილდოების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.
პოლიტიკური და რელიგიური მოტივები აშკარად ჩანს ასევე თურქი რეჟისორის, ემინ ალპერის ფილმში „კურტულუში“, რომელიც ჟიურის დიდი პრიზით – „ვერცხლის დათვით“ დაჯილდოვდა. ფილმი თურქეთის ერთ–ერთ პროვინციაში კლანურ დაპირისპირების, რელიგიური შეხედულებებისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს.
სამაგიეროდ, ხელოვნების, არტ–ჰაუზისა და ჯაზი გაცოცხლებისთვის პრიზი საუკეთესო რეჟისორისთვის გადაეცა ამერიკელ რეჟისორს, გრანტ გის ფილმისთვის „ყველა ბილ ევანსის მოყვარულია“, რომელიც სახელოვანი ჯაზმენის, ბილ ევანსის ბიოგრაფიის შავ–თეთრად გაცოცხლების საკმაოდ კარგი მცდელობაა.

„ვერცხლის დათვი“ და დითირამბები საუკეთესო მთავარი როლის შესრულებისთვის ჟიურიმ სანდრა ჰიულერს უძღვნა – ფილმისათვის „როზე“, რომელშიც გერმანული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი კაცად გადაცმულ ქალის როლს ლამის ფიზიკური დამაჯერებლობით თამაშობს.
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლების შესრულებისათვის ჟიურიმ „ვერცხლის დათვი“ გაუნაწილა ანა კოლდერ–მარშალსა და 90 წლის ბრიტანული კინოს ცნობილ ვეტერანს, ტომ კორტნის ფილმში „დედოფალი ზღვაში“. ცოტა ბედის დაცინვას ჰგავდა, რომ ამ ფილმში მთავარ როლს ჟულიეტ ბინოში ასრულებს, თუმცა მეორე პლანის როლები, როგორც ჩანს, ჟიურისთვის გაცილებით შთამბეჭდავი და დამაჯერებელი აღმოჩნდა. საყურადღებოა ისიც, რომ ბერლინალეს საზეიმო დახურვის ცერემონიას ჟულიეტ ბინოში არ დასწრებია.
„ვერცხლის დათვი“ საუკეთესო სცენარისთვის გადეცა ჟენევიევ დულუდ–დე სელის საკმაოდ სუსტ და არაფრით გამორჩეულ ფილმს „ნინა როზა“, რომელიც კანადაში გადახვეწილი ბულგარელი არტ–კრიტიკოსის და დილერის სამშობლოსთან კავშირს ლამის ეთნო–კულტურულ ამბად აქცევს.