მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი ამბობს, რომ თბილისის აეროპორტში თითქმის 2 საათით დააყოვნეს ისე, რომ მიზეზი არ აუხსნეს — მან გაფრენა ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ „არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება ის საზღვარზე შეაფერხონ“. მოგვიანებით მესაზღვრეებმა მიზეზად „პროგრამული წუნი“ დაუსახელეს.
ლაშა გაბიტაშვილი პარიზში მიფრინავდა. როგორც ამბობს, მას საქართველოს და ისრაელის მოქალაქეობა აქვს. როგორც ყვება, დღეს საპასპორტო კონტროლზე ისრაელის პასპორტი მიაწოდა.
„გამომართვეს პასპორტი, მითხრეს დაგველოდეო. გაგრძელდა ნახევარი საათი, 40 წუთი, ჩემი სახელი გამოაცხადეს, ჩასხდომა მთავრდებოდა. ვეუბნები, ჩემი თვითმფრინავი მიდის და რატომ მტოვებთ, გამარკვიეთ, რა პროცედურას გავდივარ, რა ხდება. მოითმინე, მოითმინეო. გაფრინდა ჩემი თვითმფრინავი“, – თქვა ლაშა გაბიტაშვილმა FB ლაივში, რომელიც აეროპორტიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი გაფრინდა, პასპორტი კიდევ ერთი საათის განმავლობაში არ დაუბრუნეს. გაბიტაშვილმა მომხდარის შესახებ FB პოსტი დაწერა. როგორც ყვება, მესაზღვრეებმა ნახეს, რომ ამ პოსტის კომენტარებში მონიშნა ისრაელის საელჩოც.
„უცებ მოვიდა [მესაზღვრე], საზღრის კვეთა გამაკეთებინა [შტამპი დაარტყა], ისრაელის პასპორტი მომაწოდა და მეუბნება, რომ იცოდე, შენ პრობლემა არ გაქვსო. მე ვუთხარი, პრობლემა როგორ არ მაქვს, საზღვარი ვერ გადავკვეთე და თვითმფრინავი წავიდა. რომ იცოდეო, ეგ იყო პროგრამული წუნიო. როგორ იყო პროგრამული წუნი, როცა ყველამ გაიარა საპასპორტო კონტროლი და მე ვერ გავიარე. როგორ უნდა წავიდე, გამოფენაზე რომ ვიყავი დარეგისტრირებული-მეთქი. სამშაბათს გაფრინდიო. ჩვენი მხრიდან პრობლემა არ გაქვსო. ტკბილად და კარგად გამომიშვეს და დავრჩი თბილისში. 27-ში დაბრუნებას ვაპირებდი, ეგ ბილეთიც ნაყიდი მქონდა.
არსად გაქცევას არ ვაპირებდი, გასაქცევი არ მაქვს, ეგ მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრებს აქვთ. ასეთი უსამართლოა ჩვენი რეჟიმი. კვლავ და კვლავ სისულელეებს აკეთებენ, რომელიც არ უმართლდებათ – ხედავენ, რომ არაფერში დამნაშავე არ ვარ, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება, შემავიწროვონ, მაგრამ აგრძელებენ. ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ რეჟიმი უნდა დასრულდეს“, – თქვა ლაშა გაბიტაშვილმა.
ლაშა გაბიტაშვილს 2025 წლის იანვარში აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ის აბუ-დაბიში „ოცნების“ წევრებთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებული იყო – 12 იანვარს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ის „ქართული ოცნების” წევრებთან მიდის და პროტესტს გამოხატავს.
მეორე დღეს, 13 იანვარს მას ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ფიზიკურად გაუსწორდნენ. გაბიტაშვილის თქმით, სასტუმროში საუზმობდა, როცა მალევე გამოჩნდა ირაკლი ზარქუა. გაბიტაშვილი ამბობს, რომ გაეღიმა, რადგან დაპირისპირების მესამე ეტაპს მოელოდა და ტელეფონის ასაღებად წაიღო ხელი, ამის შემდეგ კი ზარქუამ უთხრა, „რა ტელეფონს იღებო“ და საჭმლიანი თეფში მოუქნია.
2025 წლის თებერვალში, თბილისში დაბრუნების შემდეგ, მას სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს.