ზურაბ ცეცხლაძე: მოსამართლემ ტროტუარზე დგომის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და შსს-ს დაუბრუნდა

პუბლიკა

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ ტროტუარზე დგომის საქმეზე მოსამართლე ნინო ენუქიძემ მისი ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და შსს-ს დაუბრუნა წარდგინებით, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ცეცხლაძის თქმით, პოლიციამ ოქმი 9 თებერვალს შეადგინა.

ოქმი შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე.

ეს მუხლი აერთიანებს რამდენიმე სახის სამართალდარღვევას, მათ შორისაა:

  • სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;
  • დაბრკოლებების შექმნა ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის;
  • ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა.

სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის მიხედვით, ზემოთ აღნიშნული მუხლების საფუძველზე სახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა [განმეორებით] – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ზურაბ ცეცხლაძემ დაწერა:

„მინდა, მივმართო თვითმარქვია რუსულ რეჟიმს, თქვენი შეშინებული არ გაიშვას. ჩემთვის შვება იქნება ისეთ პირობებში ვიცხოვრო, როგორშიც ცხოვრობს ჩემი შვილი. ციხის არ მეშინია, თქვენ წარმოუდგინეთ და არც სიკვდილის, საკმარისად ვიცხოვრე და ვიბრძოლე ამ ქვეყანაზე. მხოლიდ ის მაწუხებს რომ ჩემს შვილს და მომავალ თაობას ვერ ვუტოვებ ჩემი სამშობლოს გარანტირებულ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.

ერთი წუხილი მაქვს კიდევ და ეს ეხება ჩემს 90 წლის დედას, თუმცა ისეთი ძლიერი ქალია რომ, დარწმუნებული ვარ ღირსეულად გადაიტანს ამ განსაცდელსაც და უპირობოდ ცოცხალი და ჯანმრთელი დამხვდება გარეთ.

სადაც ვიქნები, ყველგან ვიბრძოლებ “ქათული ოცნების” რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ვიდრე ისტორიული სანაგვის კუთვნილება არ გახდება ეს საოკუპაციო რეჟიმი და მისი სულისჩამდგმელი მატყუარა, ფლიდი, ბოროტი, მოღალატე, ფულის მონა, უსამშობლო და უღმერთო მანქურთი ბიძინა ივანიშვილი.

ცეცხლი ოლიგარქიას

ბრძოლა ბოლომდე!

გავიმარჯვებთ სახელოვნად!!!“.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა საფეხმავლო გზაზე აქციის შემზღუდავი კანონპროექტი საბოლოოდ 2025 წლის 10 დეკემბერს მიიღო.

მას შემდეგ ამ მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო ათობით მოქალაქის მიმართ, მათ დიდ ნაწილს სასამართლომ რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.