აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: „ირანში, ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში, 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა“

პუბლიკა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანში, ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში, 3 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო 5 მძიმედ დაიჭრა.

„რამდენიმე სხვა პირმა მიიღო მცირე დაზიანებები ნამსხვრევებისგან და ტვინის შერყევა – და ისინი სამსახურში დაბრუნების პროცესში არიან. ძირითადი საბრძოლო ოპერაციები გრძელდება და ჩვენი რეაგირების ძალისხმევაც გრძელდება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გუშინ, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დილიდან დაიწყეს. ისრაელის მთავრობის განცხადებით, ეს იყო „პრევენციული შეტევა“. როგორც მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ირანის მხრიდან არსებობს ბირთვული და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების საფრთხე. ტრამპმა ირანის სარაკეტო უნდუსტრიის სრული განადგურება დაანონსა.

სააგენტო Mehr-ის ცნობით, ირანმა იერიში მიიტანა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ბაჰრეინში, ყატარში, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. რეგიონის ქვეყნებმა ჩაკეტეს საჰაერო სივრცე, ავიაკომპანიებმა კი ფრენები შეაჩერეს. ირანი ადასტურებს აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილს. ირანის სამთავრობო ტელევიზიამ ასევე დაადასტურა თავდაცვის მინისტრის, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის და თავდაცვის საბჭოს მდივნის სიკვდილი.