ფაშინიანი: სომხეთის EU-ში ინტეგრაციის გზაზე ყველაზე დიდი პრობლემა EU-საქართველოს გაყინული დიალოგია

პუბლიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა სომხეთის ევროკავშირში გაწევრებასა და საქართველოზე – ფაშინიანის განცხადებით, „EU-საქართველოს გაყინული ურთიერთობა არის სომხეთის EU-ში ინტეგრაციისთვის ყველაზე დიდი ხელისშემშლელი პრობლემა“.

„ევროკავშირი ან მიგვიღებს სრულუფლებიან წევრად, ან –  არა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მესმის – ევროკავშირის გაფართოება და ახალი წევრის მიღება არ არის მარტივი საკითხი; ეს ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილებების თემაა. შესაბამისად, თუ ევროკავშირი სომხეთს სრულუფლებიან წევრად მიიღებს, ეს იქნება შესანიშნავი. თუ არა, ჩვენ მაინც მივიღებთ სარგებელს, რადგან ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.

თუმცა, გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ამ მომენტისთვის სომხეთის ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაყინული პოლიტიკური დიალოგია. საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირისკენ და ჩვენ სომხეთის ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მას შემდეგ მივიღეთ, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა ხელშესახები გახადა. ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს ისევე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, როგორც საქართველოსთვის“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ 2025 წლის მარტში სომხეთმა მიიღო კანონი ევროკავშირში სომხეთის გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ. კანონი 2025 წლის აპრილში შევიდა.

საქართველოს ევროკავშირმა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიანიჭა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „საქართველო წყვეტს გაწევრებაზე მოლაპარაკებებს“.

მის ამ განცხადებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლსაც „ოცნების“ ხელისუფლებამ წყლის ჭავლით და სხვა სპეციალური საშუალებებით და ძალადობით უპასუხა. ფიზიკურად გაუსწორდნენ ასობით ადამიანს, დაპატიმრებულია ათობით დემონსტრანტი. მას შემდეგ საპროტესტო აქციები უწყვეტად გრძელდება, „ქართული ოცნება“ კი რეპრესიულ კანონმდებლობას უფრო და უფრო მეტად ამკაცრებს.

2025 წლის ნოემბერში ევროკომისიამ გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა. მასში საქართველოს უკუსვლა „უპრეცედენტოდ“ არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ „საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზეა დარჩენილი“.