ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს 10 წელი მიესაჯა, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით, ასევე ჩამოერთვა ქონების ნაწილი.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. ბრალდებული სხდომას არ ესწრებოდა.
მინისტრის ყოფილ მოადგილეს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და ფულის გათეთრებას ედავებოდა. მისი საქმე 9 სხვადასხვა ეპიზოდს მოიცავდა.
რომეო მიქაუტაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, თუმცა ამის მიუხედავად პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თაობაზე მიმართა.
საბოლოო სიტყვის დროს თქვა, რომ „მზად არის, აღიაროს არარსებული დანაშაული და აანაზღაუროს არარსებული ზიანი, რათა საქმე სწრაფად დასრულდეს“.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საქმის პროკურორმა, ირაკლი მარშანიამ, განმარტა, რომ რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთვა უძრავი ქონება, მათ შორის, ესპანეთში მდებარე ბინა, 3 ავტომანქანა, ასევე ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები, მონეტები, „ნახიდურჰესში” 15%-იანი წილი.
პროკურორის თქმით, მეორე ინსტანციაში რომეო მიქაუტაძესთან საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად ბრალდების აღიარებაა საჭირო.
„კანონის მიხედვით, საპროცესო შეთანხმება ფორმდება აპელაციაშიც, თუმცა, ისეთი მოცემულობაა, რომ ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, წინა პროცესზე მან გააჟღერა ინფორმაცია, რომ განცხადება შემოიტანა, თუმცა, რეალობა სხვა იყო. ის მთელი 4 საათის განმავლობაში საუბრობდა, რომ ის მართალია. ბუნებრივია, ამ პირობებში საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ ხდება“, – თქვა პროკურორმა.
მიქაუტაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.
„სამწუხაროდ, ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა არა მარტო ბრმაა, ხშირად ყრუც არის იმ ნაწილში, როცა ბრალდებულის და ზოგადად, დაცვის მხარის პოზიციის მოსმენას ეხება საქმე. ხშირად და უმეტესად, მას ესმის მხოლოდ ის არგუმენტები, თუ ამას არგუმენტებს დავარქმევთ, რომელიც ბრალდების მხრიდან ჟღერს“, – განაცხადა ადვოკატმა.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება 4 მუხლით ჰქონდა წარდგენილი: სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 337-ე მუხლით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით.