12 მარტს 4 ოქტომბრის 10-პირიან საქმეზე ბრალდების მხარემ საქმის მთავარი გამომძიებელი კონსტანტინე კერესელიძე დაკითხა და ამით დაასრულა კიდეც პროკურატურის მტკიცებულებათა კვლევა.
10-პირიან საქმეში, ბრალდებულთა შორის არიან 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებად მიჩნეული პირები – პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე და ასევე, ირაკლი შაიშმელაშვილი.
მთავარ გამომძიებელთან დაცვის მხარის შეკითხვების მთავარი ნაწილი შეეხებოდა საკითხებს – რა და რატომ მიიჩნია გამოძიებამ დანაშაულებრივად და დასტურდება თუ ვერა ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულის შემადგენლობა.
ლაშა ბერიძის ეპიზოდი
მას პროკურატურა ორი მუხლით ედავება:
-
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად;
-
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
ბერიძის წინააღმდეგ საქმეში წარმოდგენილ ვიდეოს შორის არის კადრი, სადაც ის პრეზიდენტის სასახლის ეზოში დგას პაატა ბურჭულაძის გვერდით; ვიდეო თავისუფლების მოედანზე, სადაც ის სცენაზე დგას და ასევე ვიდეო, რომ ის იყო 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.
ბერიძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ გამომძიებელს ჰკითხა, იყო თუ არა მოწოდებები ლაშა ბერიძის მხრიდან, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ – გამომძიებელმა თქვა, რომ ლაშა ბერიძის მხრიდან ამგვარი მოწოდება არ ყოფილა.
ადვოკატი ასევე დაინტერესდა, მოუწოდებდა თუ არა ბერიძე ვინმეს, რომ შესულიყვნენ ადმინისტრაციის ეზოში ან შენობაში? ან რაიმე ჟესტიკულაცია ხომ არ გამოუყენებია მას? გამომძიებელმა აღნიშნა, რომ მათ შორის ლაშა ბერიძემ ხელით ჟესტიკულაციით მოუწოდა ხალხს. გამომძიებელმა დასძინა, რომ ვიდეოს ხმა არ აქვს.
მან მოგვიანებით ზემოთ აღნიშნულს დაამატა სიტყვა – „როგორც მახსოვს”. ადვოკატის შეკითხვაზე, ეს „როგორც მახსოვს” ნიშნავს თუ არა, რომ შეიძლება ცდებოდეს, აღნიშნა, რომ „შეიძლება, ზუსტად არ მახსოვდეს, შეიძლება ვცდები, კი ბატონო, არაა გამორიცხული, მაგრამ როგორც მახსოვს ჟესტიკულაციით უთითებს”.
ადვოკატმა განაგრძო დაკითხვა და დაინტერესდა: ლაშა ბერიძე მოუწოდებდა თუ არა აქციის მონაწილეთა გარკვეულ ჯგუფს პოლიციისთვის გაეწია წინააღმდეგობა. „ეგეთი არ მახსოვს” – იყო პასუხი.
მიუთითებდა თუ არა ლაშა ბერიძე ვინმეს, რომ დაეზიანებინა და გადაენგრია ღობე, ხომ არ მიუთითებდა ვინმეს ქვების შეგროვებაზე, ნივთების დაზიანებაზე, ცეცხლის წაკიდებაზე? გამომძიებლის თქმით, „ლაშა ბერიძის მხრიდან არ ყოფილა ასეთი მოწოდება”.
მთავარმა გამომძიებელმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სასახლის ეზოში შესული ლაშა ბერიძე რამდენიმე წუთის შემდეგ ბრუნდება უკან.
რატომ გამოდის ის სასახლიდან, აიძულა ვინმემ თუ საკუთარი ინიციატივით გამოდის? – ამ შეკითხვაზე გამომძიებელმა აღნიშნა, რომ „შიგნით ეზოში განლაგებულნი იყვნენ სამართალდამცავები, იცავდნენ სასახლის პერიმეტრს, აქედან გამომდინარე, გამოვიდა… ვერ მოახერხა თავის მიზნის სისრულეში მოყვანა. მათი მიზანი იყო, რომ ჩაეგდოთ ხელში პრეზიდენტის სასახლე… სამართალდამცველების მიმართ წინააღმდეგობა არის ისიც, რომ მიგითითებენ – არ შეხვიდე და მაინც აგრძელებ და შედიხარ. ეგეც წინააღმდეგობაა”.
მოწმეს ჰკითხეს, თუმცა ვერ გაიხსენა პასუხი – წიწაკის სპრეით მხედველობაშეზღუდული პაატა ბურჭულაძე გამოჰყავს თუ არა ლაშა ბერიძეს ხელმოკიდებული. მოწმემ აღნიშნა, რომ წინ მოდიოდა ბურჭულაძე, უკან კი მოჰყვებოდა ლაშა ბერიძე. გამოჰყავდა თუ არა ბერიძეს ის ხელკავით, არ ახსოვს.
მერიიდან მიღებული ნებართვა აქციის გამართვაზე
გამომძიებელს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჰკითხა, იყო თუ არა ინფორმირებული, რომ ორგანიზატორთა მხრიდან მიმართული იყო მერიისადმი აქციის გამართვასთან დაკავშირებით. ასევე იყო თუ არა ინფორმირებული, რომ მერიის მხრიდან მიღებული იყო პასუხიც/ნებართვა.
გამომძიებელმა აღნიშნა, რომ არ იცის. ბასილაიას თქმით, ბურჭულაძემ როგორც 4 ოქტომბერს, ასევე 4 ოქტომბრამდეც განაცხადა, რომ მიმართული ჰქონდა მერიისადმი და ეს ინფორმაცია საჯაროდ იყო გავრცელებული. მაშინ, როდესაც გამოძიება ათვალიერებდა კადრებს, ჩანაწერებს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რატომ არ დაინტერესდა და მერიისადმი მიმართვა მტკიცებულების სახით რატომ არ წარმოადგინეს საქმეში.
„აქციის გამართვა დანაშაული ხომ არ არის?! ოღონდ ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს. იმ შემთხვევაში როცა უკვე დანაშაული იქნებოდა ჩადენილი, მაგ შემთხვევაში უკვე…” – აღნიშნა გამომძიებელმა. მისივე თქმით, არც საგამოძიებო ჯგუფში და არც პროკურორის მხრიდან არ ყოფილა ამ საკითხის განხილვა – დაერთოთ თუ არა ეს ინფორმაცია საქმეზე.
ორგანიზება – რაში გამოიხატა ის?
ბასილაიამ თავდაპირველად იკითხა, 4 ოქტომბერს გავრცელებულ ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის ვიდეოში და ხალხის შეკრებაში დანაშაულებრივი რამ დაინახა თუ არა გამოძიებამ?
„მაგ კონკრეტულ ვიდეოში კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედება მათი მხრიდან არ ყოფილა, უბრალოდ დააანონსეს აქცია და დაასახელეს ორგანიზატორების ვინაობა”, – უპასუხა გამომძიებელმა.
ბასილაიამ მას შეკითხვები ასევე დაუსვა ბრალდებულებისთვის ბრალად წარდგენილ 225-ე მუხლზე, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ითვალისწინებს.
მუხლის განმარტება ასეთია – დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.
სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფად მიიჩნევა ჯგუფი, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა.
ბასილაიას შემდგომი შეკითხვები სწორედ აქედან იყო განპირობებული, არსებობდა თუ არა საქმეში მტკიცებულებების ორგანიზების, როლების განაწილების, დაგეგმვის:
„თუ არსებობს იმ ვიდეოს გარდა რაიმე მტკიცებულება, როდესაც პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა ან ხუთივე ერთად ან რამდენიმე ან ცალ-ცალკე წინასწარ ხვდებოდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ, რომ დავიწყოთ რბევა, დავიწყოთ სასახლეში შეჭრა? მსგავსი რამ ხომ არ არის წარმოდგენილი საქმეში, ან ხომ არ არსებობს რაიმე ოპერატიული ინფორმაცია?”, – იკითხა ბასილაიამ.
პროკურატურამ ამ კითხვის განრიდება მოითხოვა.
შემდგომ კი ბასილაიამ გამომძიებელს სთხოვა, მიეთითებინა, რომელ ვიდეოშია ამ ხალხის მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების შესახებ საუბარი. მან ასევე იკითხა, არსებობდა თუ არა რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომ ამ ხალხმა, განცხადების გარდა, არასაჯაროდ, წინასწარ შეთანხმებით, დაგეგმეს, ან რაიმე ინფორმაციები გაცვალეს? გარდა იმისა, რაც ტელევიზიით მოვისმინეთ. ამის მიღმა, არსებობს თუ არა რამე?
„გარდა იმისა, რაც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, ის ვიდეომასალისა, სხვა რა თქმა უნდა არაფერი არაა”, – იყო გამომძიებლის პასუხი.
„გავიგე, რომ სცენიდან რაღაც ითქვა. შემდგომ რაც მოხდა, ამას რაიმე ტიპის ორგანიზებული ფორმა ჰქონდა ან რამე ჯგუფები არსებობდა, ან ვინმე რაიმე როლი გააჩნდა – ამის მტკიცებულება არსებობს?”, – იკითხა ასევე ბასილაიამ.
„კონკრეტული მოწოდება, რომ გამოყოფილიყო მამაკაცური ძალა – ერთ-ერთი ნაწილი იყო ეგეც, რომ მიუთითა მამაკაცურ ძალაზე. რომ წამოსულიყვნენ და მომხდარიყო ძალადობრივი ზემოქმედება…”, – აღნიშნა გამომძიებელმა და დასძინა ისიც, რომ კონკრეტული დავალებების მიცემა [არ არსებობს].
დაცვის მხარემ ასევე იკითხა, გამოძიებამ სცადა თუ არა, გაერკვია, ზოდელავას მიერ სცენიდან გასაჟღერებელი განცხადების შესახებ ინფორმირებული იყო თუ არა მაგალითად ლაშა ბერიძე. გამომძიებლის პასუხი სრულყოფილად აღქმადი არ იყო. თუმცა, გამომდინარე კითხვა-პასუხიდან, შესაძლოა ითქვას, რომ გამოძიებას ეს საკითხი არ შეუსწავლია.
ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მას ასეთი შეკითხვა დაუსვა: თუ მაგალითად აქციის მონაწილემ ან აქციის ორგანიზატორმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი დასაჭერია, და მოუწოდა პოლიციას – დააკავეთ, ჩელიაბინსკად გვაქცია, თქვა, რომ მიტაცებული პარლამენტის გასაღები უნდა დავიბრუნოთ ქართველმა ხალხმა, ეს დანაშაულებრივი ქმედებაა?
გამომძიებელი: თუ სხვა მოქმედება არ მოჰყოლია… ამ შემთხვევაში ამ მოწოდებებს მოჰყვა ჩასვლა და ძალადობა, ღობის გადანგრევა და შეღწევა. მაგის გარეშე არა.
ორგანიზების ნაწილზე დასმული ერთ-ერთი შეკითხვის პასუხად გამომძიებელმა აღნიშნა ისიც, რომ საქმეზე ამოღებულია მობილური ტელეფონები, დანიშნულია საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა – „ამის შემდეგ გაირკვევა, შემავალი-გამავალი [ზარები], სოციალური ქსელი. ამ ეტაპისთვის არ არის მზად”.
ირაკლი შაიშმელაშვილის ეპიზოდი
ირაკლი შაიშმელაშვილს პროკურატურა ბრალს ერთი მუხლით სდებს – მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ; მის წინააღმდეგ საქმეში სამი ვიდეოა.
ადვოკატების შეკითხვები სწორედ ამ ვიდეოებში გაჟღერებულ ფრაზებს შეეხებოდა – რატომ მიიჩნია ისინი გამოძიებამ დანაშაულებრივად.
ადვოკატი: ვიდეოში შაიშმელაშვილს არსად უთქვამს, რომ მოგიწოდებთ კონსტიტუციური წყობის დამხობისკენ… ვიდეოში არ ფიქსირდება კონსტიტუციური წყობის დამხობისკენ მოწოდება – მეთანხმებით?
გამომძიებელი: როგორც მახსოვს, არ ამბობს. [ჰქონდა მოწოდებები, რომ უნდა დასრულებულიყო ხელისუფლება].
ადვოკატი: ვიდეოში არ არის წარმოდგენილი კონკრეტული გეგმა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ – ასეა? გახსენდებათ კონკრეტული გეგმა?
გამომძიებელი: არა
ადვოკატი: ასევე, ვიდეოში არ ჩანს რაიმე ორგანიზებულ ქმედებაზე მოწოდება, ხომ ასეა?
გამომძიებელი: შაიშმელაშვილი ვიდეოში მოუწოდებს ძირითადად სამართალდამცავებს, არ დაემორჩილონ „უკანონო ბრძანებებს“ და გადმოვიდნენ ხალხის მხარეს. გაიხადონ ფორმა და იყვნენ ხალხის მხარეს. მაგასთან დაკავშირებით აქვს ირაკლის მოწოდებები. რაც შეეხება ორგანიზებულობას, მის მიერ ორგანიზებულობაზე საუბრობს ნანა სანდერი, თავის სოციალურ გვერდის ერთ-ერთი პოსტი არის ასეთი, სადაც ამბობს, რომ ირაკლი შაიშმელაშვილს უშუალოდ აქვს კონტაქტი მასთან, პირადად და ის არის ერთ-ერთი ორგანიზატორი…
ადვოკატის შეკითხვაზე, ეს ინფორმაცია გამოძიებამ გადაამოწმა თუ არა – ნამდვილად სწორს ამბობდა თუ არა ეს პირი, გამომძიებელმა აღნიშნა, რომ არა.
„ანუ მხოლოდ ამ პირის ნათქვამზე დაყრდნობით დაიწყეთ გამოძიება და შეეფარდა ირაკლის [პატიმრობა…]” – იყო ადვოკატის რეპლიკა. რაზეც გამომძიებელმა მიუთითა გამოძიებაში არსებულ ვიდეობზე და მასში გაჟღერებულ განცხადებებზე.
გამომძიებელს ასევე ჰკითხეს, ვიდეოს გავრცელების შემდეგ, დაადგინა თუ არა გამოძიებამ, რომ ვინმემ რეალურად განახორციელა რაიმე ქმედება ამ მოწოდების შემდეგ? „არა” – ანიშნებს გამომძიებელი თავის მოძრაობით.
ადვოკატი: „არ გამოიყენოთ ძალა, დადექით ხალხის მხარეს, ესაუბრეთ ხალხს და არა რომელიმე კონკრეტულ პირს“ – აქ ხედავთ რაიმე დანაშაულის ნიშნებს?
გამომძიებელი: კონკრეტულად ეს ფრაზა – „არ გამოიყენოთ ძალა, დადექით ხალხის მხარეს“ შეიძლება არ შეიცავდეს [დანაშაულის ნიშნებს], მაგრამ მანდ იყო სხვა მითითებები, რომ არ შეასრულოთ კონკრეტული მითითებები – გულისხმობს სავარაუდოდ ხელმძღვანელობას – არ წახვიდეთ ხალხის წინააღმდეგ.
ადვოკატი: ეს არის მერე დანაშაული?
ადვოკატი: პოლიციელს რომ მოუწოდებ, ფორმა გაიხადეო და ხალხის მხარეს გადმოდიო…
ადვოკატი: დანაშაულია ეს?
გამომძიებელი: მოწოდებაა.
შოთა: მოწოდებაა – წამოდი დავლიოთაც… პოლიციელს რომ მოუწოდებ, გაიხადე ფორმა, არ დაემორჩილო ამ ნაგვებს, რუსებს – ეს დანაშაულია?…
-
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად;
-
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
-
მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
-
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად;
-
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
-
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.
ირაკლი შაიშმელაშვილს:
- მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ;