ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს განახლებადი ენერგიის რეგიონალურ კომპანიას 49 წლით, აღნაგობის უფლებით ონის მუნიციპალიტეტში 7 ჰექტარზე (73 843 კვ.მ) მეტი მიწის ნაკვეთი მდინარე ჯეჯორას მიმდებარედ გადასცა (ბმული 1, ბმული 2)
მთავრობის განკაგულებების მიხედვით, ყოველწლიურად კომპანიამ მიწით სარგებლობისთვის 81 470 ლარი უნდა გადაიხადოს, ხოლო აღნიშნული ქონებას „სორგითი 1 ჰესის” და „სორგითი 2 ჰესის” აშენებისა და ექსპლუატაციაში მისაღებად გამოიყენებს.
ხელშეკრულება, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას, სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შპს განახლებადი ენერგიის რეგიონალურ კომპანიას შორის 2026 წლის 29 იანვარს გაფორმდა.
ტერიტორია ონის მუნიციპალიტეტში, სადაც ელექტროსადგურების მშენებლობა იგეგმება 8 სოფელს მოიცავს. ესენია: ქვედრულა, წედისი, ბაჯიხევი, ირი, ონჭევი, პიპილეთი, წოლა, სორგითი.
საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი 2024-2034 გეგმის მიხედვით, 16 მგვტ-მდე სიმძლავრის ჰესები „სორგითი 1” და „სორგითი 2” ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, 2027 წელს შევა. ამასთან ამავე დოკუმენტში ნახსენებია სორგითი 3 ჰესი, რომლის სავარაუდო ექსპლუატაციის თარიღად 2028 წელი განიხილება. როგორც მთავრობის 2025 წლის 22 აგვისტოთი დათარიღებული განკარგულებით ირკვევა, ეკონომიკის სამინისტრომ მოიწონა „პოტენციურ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად იდენტიფიცირებული „სორგითი 3 ჰესის“ ელექტროსადგურის პროექტის კონცეფცია”.
შპს „ჰიდროენერჯის” კი „სორგითი 3 ჰესის“ ელექტროსადგურის პროექტზე კვლევის მომზადების ჩატარება დაევალა, თუმცა დამატებითი ინფორმაცია სორგითი 3-ის შესახებ ჯერჯერობით, ცნობილი არაა.
შპს განახლებადი ენერგიის რეგიონალურ კომპანიაში 90%-ს ბიზნესმენი და ქართული ხმების ყოფილი სოლისტი დავით უგრელიძე სს „რაჭა გრინ ენერჯით” ფლობს, დანარჩენ 10%-ს კი მაკა საბანაძე.
დავით უგრელიძე წილებს ფლობს რამდენიმე კომპანიაში, მათ შორის, შპს ჰიდროენერჯიში, სადაც მისი მეწილე შპს „ფერის” ყოფილი დირექტორი ლაშა იორდანაშვილია.