როგორ დააარსა გერმანული მხარდაჭერის მქონე უნივერსიტეტმა საქართველოში ნაცისტური გავლენის მქონე კვლევითი ცენტრი

პუბლიკა

ავტორი: რასმუს კანბეკი

ქუთაისის უნივერსიტეტში ამ ცენტრის დაფუძნება აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ ვინ ზედამხედველობს ინსტიტუციას, რომელიც პოზიციონირებს, როგორც გერმანული მხარდაჭერის მქონე პროექტი.

როცა 2026 წლის თებერვლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) წარმოადგინა კურსები „ასტრომეცნიერებებსა“ და „ასტროარქეოლოგიაში“ – დისციპლინებში, რომლებიც ფართოდ არის აღიარებული, როგორც ფსევდომეცნიერული – რეაქცია მყისიერი იყო. პროგრამები სასწრაფოდ ამოიღეს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმიდან, თუმცა საკითხმა რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა.

ამ პროგრამების მიღმა მდგარი „იბერიული კულტურული მემკვიდრეობის კვლევითი ცენტრი“ მუშაობას აგრძელებს. იგი სულ რამდენიმე თვით ადრე დააარსა „იბერიული გემატრიის“ სპეციალისტმა ალეკო (ალიკო) ცინცაძემ და როგორც თავად აცხადებენ, ცენტრი KIU-ს ნაწილია და საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

როგორც საქართველოს განათლების სექტორზე ფოკუსირებული Substack-გვერდისGanatleba-ს სტატიაშია ნათქვამი, გემატრია არის ნუმეროლოგიური სისტემა, რომელიც ასოებსა და სიტყვებს ანიჭებს რიცხვით მნიშვნელობას წმინდა ტექსტებში ფარული ან ეზოთერული ცოდნის გამოსავლენად.

ცენტრის შექმნა 2025 წლის სექტემბერში ფართოდ გააშუქეს პროსამთავრობო მედიებმა. ღონისძიებაზე პაატა ტურავამ, რომელიც იმ დროს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ცენტრი აღწერა, როგორც მნიშვნელოვანი რგოლი ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიინტერდისციპლინური მიდგომების“ დასანერგავად. ტურავამ სიტყვა დაასრულა ფრაზით: „ჩვენ მხოლოდ უნდა ვიამაყოთ, რომ ამ დიდი მეცნიერის, პროფესორ ალიკო ცინცაძის თანამედროვენი ვართ“.

ალეკო ცინცაძე ინტერვიუებში ამბობდა, რომ მისი კვლევა ეყრდნობოდა მესამე რაიხის პერიოდის გერმანული აკადემიური წრეების წყაროებს. ერთ-ერთ პოდკასტში ის აღნიშნავს, რომ იყენებს ჰაინრიხ ჰიმლერის „ესესის“ (SS-ის) ქვედანაყოფის, „ანენერბეს“ (Ahnenerbe) მიერ მომზადებულ ნაშრომებს, რომელიც ნაცისტური გერმანიის რასობრივი იდეოლოგიის ცენტრალურ რგოლად მიიჩნეოდა.

„და მე ახლა ამას [„ანენერბეს“ ნაშრომებს] ძალიან კომფორტულად ვიყენებ: თუ რამე მნიშვნელოვანის შესწორება გვჭირდება, ვეძებ გერმანელი მეცნიერების ნაშრომებში, რადგან გერმანელები მართლაც სჯობნიან ქართველებს [ამ კვლევაში], რადგან მათ ეს ჰიტლერის პერიოდში ბრძანების საფუძველზე შეისწავლეს და მოგვიანებით ინერციით გაგრძელდა. ასე რომ, ყოველივე ამას ძალიან სერიოზული მნიშვნელობა აქვს“.

ალეკო ცინცაძემ ასევე აღიარა, რომ ზოგიერთი კვლევა მასთან ნახევრად ძილის მდგომარეობაში მივიდა და ამასთანავე, ის თავს მე-11 საუკუნის ქართველ მონარქთან, დავით აღმაშენებელთან აიგივებს.

ალიკო ცინცაძე საუბრობს პოდკასტში Justice Expert. კადრი ვიდეოდან.

„[ამან გამოიწვია] ნდობის პრობლემა, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ძალიან ნეგატიური შედეგები როგორც საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, ისე ადგილობრივი სტუდენტების მოსაზიდად“, – უთხრა OC Media-ს აღნიშნული პროგრამების შესახებ საქართველოს Erasmus+ ეროვნული ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლიკა ღლონტმა.

მისივე განცხადებით, KIU-ში ჩაირიცხა იმის ნახევარი რაოდენობა სტუდენტების, რისი მიღებაც შეუძლია სასწავლებელს, „ბოლო მოვლენები კი ადგილობრივ პოტენციურ სტუდენტებს [იქ ჩაბარების] მოტივაციას არ მისცემს“.

გერმანული კავშირი

KIU 2020 წელს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ფონდმა ქართუმ“ დააარსეს. მის გახსნას წინ უძღოდა რამდენიმეწლიანი მოსამზადებელი სამუშაოები, რომელშიც გერმანიის მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) სპეციალისტები, სულ მცირე, 2017 წლიდან იყვნენ ჩართულნი.

სტრატეგიული პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც TUM-ს რამდენიმე საკვანძო პოზიცია უკავია აღმასრულებელ ორგანოებში, კვლავ გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ევროპულმა უნივერსიტეტებმა, მათ შორის გერმანიიდანაც, გამოხატეს შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიერ განათლების სფეროში ინიციირებული მკვეთრი ცვლილებების გამო, რომელიც აღიქმება, როგორც შეტევა აკადემიურ თავისუფლებაზე.

კანონმდებლობა, რომლითაც KIU გათავისუფლდა რეგულარული ზედამხედველობის მექანიზმებისგან და მისი მართვა სპეციალური სამართლებრივი ჩარჩოთი დარეგულირდა,  საქართველომ 2019 წელს, KIU-ს დაარსებამდე მიიღო.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში, რომელიც არ გადის ინსტიტუციური ავტორიზაციის პროცესს და რომლის სასწავლო პროგრამებიც არ ექვემდებარება პროგრამულ აკრედიტაციას“, – განმარტავს ლიკა ღლონტი.

მისივე თქმით, ამ განსაკუთრებული სტატუსის ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ უნივერსიტეტი ივანიშვილის პერსონალური პროექტების ნაწილია.

„[ივანიშვილი] თავს უფლებას აძლევს, აკეთოს ის, რაც სურს „საკუთარ“ უნივერსიტეტში, მის აღმასრულებელ ორგანოებთან ან საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშეც კი“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2024 წლის გამოსაშვებ ცერემონიაზე. ოფიციალური ფოტო.

როგორც ღლონტი განმარტავს, ამის შედეგად ინფორმაციამ ახალი კვლევითი ცენტრის დაარსების შესახებ შესაძლოა, საერთაშორისო პარტნიორების გვერდის ავლით ჩაიაროს. მართლაც, როდესაც OC Media ​TUM-ს დაუკავშირდა, მათ უარი თქვეს კომენტარზე KIU-სთან მიმდინარე თანამშრომლობის ხასიათზე და განაცხადეს, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია ახლად დაარსებული ცენტრის შესახებ.

მათ არ გაუკეთებიათ კომენტარი იმაზე, რომ ცინცაძე ღიად უჭერს მხარს ნაცისტური გერმანიის თეორიების გამოყენებას, რაც გერმანიაში უკიდურესად სენსიტიური თემაა, რადგან იქ მოქმედებს მსოფლიოში ერთ-ერთი მკაცრი სამართლებრივი კონტროლი ნაცისტურ იდეოლოგიასთან აფილირებაზე.

პროგრამის დანერგვა ასევე შეუმჩნეველი დარჩა KIU-ს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთვის, რომელიც პასუხისმგებელია უნივერსიტეტის სასწავლო გეგმის რეკომენდაციებზე.

ვოლფგანგ ჰერმანი — TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი და KIU-ს საპატიო თავმჯდომარე ხელმძღვანელობს საბჭოს, რომელშიც ასევე შედიან TUM-ის კიდევ ორი წარმომადგენელი და სხვა გერმანელი მეცნიერები. ჰერმანმა OC Media-ს უთხრა, რომ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთვის არც იბერიული ცენტრის დაფუძნება და არც ასტრომეცნიერებასთან დაკავშირებული პროგრამების დანერგვა არ წარუდგენიათ.

„კვლევითი ცენტრი არ შედის მრჩეველთა საბჭოს კომპეტენციაში, მიუხედავად ამისა, ჩვენგან დამოუკიდებლად დაარსდა. ჩვენ ახლა ვაპირებთ, უფრო დეტალურად გავეცნოთ ამ ე.წ. ინსტიტუტის შინაარსს“, — განაცხადა ჰერმანმა და დასძინა, რომ მას ცინცაძის შესახებ არასდროს სმენია.

ვოლფგანგ ჰერმანი

„[ცენტრის] ამოქმედების შესახებ არაფერი ვიცოდი“, — ამბობს ჰერმანი — „სიმართლე გითხრათ, მეტი უნდა გავიგო ასტროლინგვისტიკის შესახებ, რადგან ჩემს ცხოვრებაში ეს ადრე არასდროს მსმენია. ჩვენ ძალიან მალე დეტალურად შევისწავლით ამ თეორიას, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ აქ ჰიტლერის რეჟიმით იყოს შთაგონებული. თუმცა ნება მომეცით, შევისწავლო მთლიანი საკითხი [საბოლოო აზრის ჩამოყალიბებამდე]“.

ეს კომენტარები იმის მიუხედავად გაკეთდა, რომ 2025 წლის ოქტომბერში, ჰერმანისა და TUM-ის სხვა წარმომადგენლების ვიზიტის მომდევნო დღეს გამოცხადდა, რომ იბერიული ცენტრის საბაკალავრო პროგრამა გაიხსნებოდა.

„ზოგადად, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია კონტაქტის შენარჩუნება იმ რეგიონებთან, რომლებიც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან, როგორიცაა საქართველო. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობასთან. მათთვის დემოკრატიული ევროპული პერსპექტივის მიცემა გადამწყვეტია მომავალი პოზიტიური განვითარების ხელშესაწყობად“, — უთხრა OC Media-ს TUM-ის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

მიუხედავად იმისა, რომ ასტრომეცნიერებისა და ასტროარქეოლოგიის პროგრამები 26 თებერვალს განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოიღეს, იბერიული კულტურული მემკვიდრეობის კვლევითი ცენტრი კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას KIU-ს ფარგლებში.

KIU-ს მენეჯმენტის გუნდმა კომენტარზე მოთხოვნას არ უპასუხა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.