აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ „კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით”.
„მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის ჩართულობა და რეგიონში მიმდინარე პროცესები.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ,,შუა დერეფანზე” და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე.
ასევე, განხილულ იქნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა და არაღიარების პოლიტიკა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის სურვილი და მზადყოფნა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პიტერ ანდრეოლი 23 მარტს ჩამოვიდა საქართველოში. ის უკვე შეხვდა ეკონომიკის მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტები, აქცენტი გაკეთდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკული ინვესტიციების ჩართულობის შესაძლებლობებსა და სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე.
„მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკულ მხარეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმები და მიმდინარე პროგრესი გააცნო“, – აღნიშნულია სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.
ამერიკულმა დელეგაციამ ადგილზეც დაათვალიერა ანაკლიის ნავსადგურის სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომლებსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც – ნიკა გვარამიას, თინა ბოკუჩავას, ლევან ცუცქირიძეს, ასევე, ლელო-ძლიერი საქართველოს საგარეო მდივანს, გრიგოლ გეგელიას და „გახარია-საქართველოსთვის“ წევრს, ანა ბუჩუკურს.
„დღეს კოლეგებთან ერთად აშშ ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლს შევხვდი და სამი მნიშვნელოვანი საკითხი დავაყენე:
– ვიზები. საქართველოს მოქალაქეებისთვის – როგორც იცით, „ოცნების“ იზოლაციონიზმის, არაკომპეტენტურობისა და კორუმპირებულობის გამო, საქართველო სრულიად მოწყვეტილია მნიშვნელოვან დასავლურ კავშირებსა და შესაძლებლობებს. ამის შედეგია ის, რომ საქართველო იმ ქვეყანათა რიგში აღმოჩნდა, რომლის მოქალაქეებსაც 15,000 დოლარამდე დეპოზიტის გადახდა უწევთ ვიზის მიღების შემთხვევაში. ავუხსენი, რომ საქართველოში, „ოცნების“ დამანგრეველი მმართველობის გამო, თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ვიღაც ემიგრაციაში და ვთხოვე, იქნებ მოიძებნოს შესაძლებლობა ამ ზედმეტად მძიმე ტვირთის შესამსუბუქებლად ან სრულიად გასაუქმებლად ჩვენი მოქალაქეებისთვის. „ოცნება“ რომ არაფერში ვარგა, ვიცით, მაგრამ ჩვენი და ამერიკელი ხალხის მეგობრობა უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი მთავრობა.
– პოლიტპატიმრები. ჩვენი მორალური ვალდებულებაა, არავინ იჯდეს ციხეში იმის გამო, რომ მათი პოზიცია, მოსაზრება ან ქცევა არ მოსწონს რომელიმე პარტიას. ჩვენ შეიძლება ერთმანეთს ვეთანხმებოდეთ ან არა, მაგრამ იმაზე მაინც ვთანხმდებით, რომ კანონი ყველასათვის თანასწორი უნდა იყოს.
გამოვთქვი იმედი და რწმენა, რომ შეერთებული შტატები, ისე როგორც ყოველთვის, სამართლიანობის მხარეს იქნება.
– დემოკრატიული საქართველო საუკეთესო პარტნიორია.
ასევე, გავუზიარე ჩემი შეხედულებები იმაზე, თუ როგორ შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ ქვეყანა განვითარების და გაძლიერების გზაზე, რათა საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება იყოს დაცული, უსაფრთხო და ღირსეული. მადლობა გადავუხადე შეერთებული შტატების მიერ საქართველოსათვის წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერის გამო. ახლა ისევ გზად ვარ და იმერეთში ვბრუნდები“, – დაწერა შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ.