„ეს ხელისუფლება არის დასამხობი” – სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ბაჩო ახალაიას კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების მუხლით ბრალი წარუდგინა.
„2026 წლის 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბაჩანა ახალაიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა წინასასამართლო სხდომა, სადაც ბაჩანა ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას განაცხადა, რომ „ეს ხელისუფლება არი დასამხობი, რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად. ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით. ეს არის ერთადერთი გზა და ჩვენ, მეც თქვენც და ნებისმიერს გვაქს ლეგიტიმური უფლება ამის გაკეთების და ჩვენს შორის ყველაზე კეთილსინდისიერებს გვაქვს ამის ვალდებულება”.
აღნიშნულით ბაჩანა ახალაიამ ჩაიდინა საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ”, – წერია ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შენიშნვა: თავდაპირველად მასალა გამოქვეყნდა სათაურით – „ვთვლი, რომ ივანიშნილი არის დასამხობი – სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზის გამო ბაჩო ახალაიას ბრალი წარედგინა”.
ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობის შემდეგ კი რედაქციამ სათაური დააზუსტა შემდეგნაირად – „ეს ხელისუფლება არის დასამხობი”- სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზის გამო ბაჩო ახალაიას ბრალი წარედგინა.
ბაჩო ახალაია 2025 წლის 25 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. ის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებითაა ბრალდებული.
16 თებერვლის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ სხდომის დახურვა იშუამდგომლა. პროკურორმა როინ ხინთიბიძემ მაშინ განმარტა, რომ სხდომის დახურვის მოტივაცია არის საქმეში მოპოვებული მტკიცებულებები, ასევე ის, რომ საქმეში მონაწილე პირები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, რომელთა სახელები და გვარები საჯაროდ არ უნდა გაცხადდეს.
დაცვის მხარე სხდომის დახურვას არ დაეთანხმა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბრალდებას არ სურს, საზოგადოებამ დაინახოს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე პროკურატურას ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს, შესაბამისად, სხდომის დახურვის მოტივიც ეს არის.
სხდომის დახურვის შუამდგომლობა არ გაიზიარა ბაჩო ახალაიამაც – მან თქვა, რომ დასამალი არაფერი აქვს საზოგადოებისთვის, ამიტომ მოსამართლეს მიმართა, რომ სხდომა გახსნილ რეჟიმში წარემართა.
საბოლოოდ, მოსამართლე ლევან გელოვანმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბაჩო ახალაიას სასამართლო სხდომა დახურა.
საქმე ახლა არსებითი განხილვის ეტაპზეა და დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.