პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს შესაძლოა ახალი ბრალი წაუყენოს – ამის შესახებ ელისაშვილის ადვოკატებმა მედიას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადეს.
მათი თქმით, გუშინ ალეკო ელისაშვილს გამოძიებამ სისხლის სამართლის სხვა საქმეზე, პოლიციის პატაკის საფუძველზე, სუნის ნიმუში აუღო.
საუბარია ერთი წლის წინ, 2025 წლის მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებაზე.
„ერთი წლის წინ სასამართლო არქივში მომხდარი ხანძრის საქმეზე ალეკო ელისაშვილისგან სუნის ნიმუში აიღეს. პროკურატურა ცდილობს, გააჩინოს ეჭვი, თითქოს ის სხვა საქმეებშიც ეჭვმიტანილია“, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
მისივე თქმით, ერთი წლის წინ უცნობმა პირმა სასამართლოს არქივში ცეცხლი გააჩინა და გამოძიება ამ საქმეზე 187-ე მუხლით მიდის.
„თვითონ ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ პოლიტიკოსის დემონიზაციისა და დისკრედიტაციის პროცესი გრძელდება“, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
ალეკო ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებიან. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, გასული წლის 29 ნოემბერს ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ელისაშვილი თავის ქმედებას პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთ ფორმას უწოდებს.