თბილისის წიგნის ბაზრობა წელს 23-26 აპრილს გაიმართება „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში.
წიგნებთან ერთად, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთები, პოსტერები და ლიტერატურასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქსესუარი.
„წიგნებით თავისუფლებისთვის” – თბილისის წიგნის ბაზრობის მთავარი გზავნილია და წელსაც, სწორედ ამ იდეის გარშემო ერთიანდებიან წიგნის გამომცემლები, გამავრცელებლები და მკითხველები.
გამოფენა-გაყიდვის, ლიტერატურული პროგრამისა და მრავალფეროვანი საბავშვო აქტივობების პარალელურად, პირველად წიგნის ბაზრობის ისტორიაში მოეწყობა ახალგაზრდული სივრცე მოზარდებისთვის: „იკითხე, იფიქრე, გადაამოწმე“. სტენდის მიზანია, წიგნის ფესტივალის სტუმრებს შესთავაზოს გამოცდილება, რომელიც ლიტერატურას, თამაშს, შემოქმედებასა და განათლებას აერთიანებს.
სივრცე ახალგაზრდებს თანამედროვე სამყაროში კითხვის ახლებურად გააზრებაში დაეხმარება.
ლიტერატურული პროგრამა და შემეცნებითი აქტივობები
ოთხი დღის განმავლობაში დაგეგმილი დატვირთული ლიტერატურული პროგრამა ოთხ სხვადასხვა სივრცეში რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს:
- მთავარი სცენა: წიგნის პრეზენტაციები და შეხვედრები ავტორებთან;
- მცირე სცენა: მსახიობები ლიტერატურისთვის, ილიაუნი განათლებისთვის;
- საბავშვო სივრცე: ზღაპრების კითხვა, ვორქშოპები, შემეცნებითი აქტივობები, სამაგიდო თამაშები;
- ახალგაზრდული სივრცე: შემოქმედებითი ვორქშოპები, წერის მასტერკლასები, შემეცნებითი აქტივობები ციფრულ უსაფრთხოებასა და მედიაწიგნიერებაზე.
სადაც სინათლეა – „სინათლე მედია” თბილისის წიგნის ბაზრობაზე
„სინათლე მედია” დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ამჯერად თბილისის წიგნის ბაზრობაზე ინტერაქციულ სივრცეს ქმნის, სადაც არაერთი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი.
სადაც სინათლეა, იქ მკითხველს შეუძლია მედიას პირისპირ შეხვდეს და ჩაერთოს თავისუფალ საუბრებში, ითამაშოს ინტერაქციული თამაშები, გააზიაროს მისთვის მნიშვნელოვანი თემები, რომლის ნახვაც მედიაში სურს, ისაუბროს ღია მიკროფონთან და ადგილზევე გახდეს სინათლე მედიის მხარდამჭერი.
სივრცეში ასევე წარმოდგენილი იქნება სინათლის წევრი მედიების გამორჩეული მასალები და ის მნიშვნელოვანი ამბები, რომლებიც დამოუკიდებელმა მედიამ საზოგადოებამდე მიიტანა.
ილიაუნი განათლების თავისუფლებისთვის
წიგნის ბაზრობის მცირე სცენაზე საქართველოს წიგნის ასოციაცია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ შეხვედრების ციკლს: „ილიაუნი განათლების თავისუფლებისთვის”.
რატომ არის ილიას უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები გამორჩეული, იქნება ეს ფილოსოფია, ლიტერატურათმცოდნეობა, გამოყენებითი ენათმეცნიერება, სამართალი, არქიტექტურა თუ ეკოლოგია. როგორ ასწავლის და რას სთავაზობს ილიაუნი ამ დარგების შესწავლით დაინტერესებულ სტუდენტებს. რატომ უნდა ჰქონდეს განათლებაზე უფლება ყველას, ვისაც ცოდნის შეძენის სურვილი აქვს – ილიაუნის პროფესორები წიგნის ბაზრობის სტუმრებთან ამ თემებზე ისაუბრებენ და შეეხებიან იმ გამოწვევებსაც, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა უმაღლესი განათლების სისტემა მიმდინარე ცვლილებების ფონზე.
თბილისის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის ასოციაცია. ორგანიზაცია 2025 წლის თებერვალში დაარსდა და უკვე 28 დიდ თუ მცირე გამომცემლობასა და წიგნის მაღაზიას აერთიანებს.
დამოუკიდებელი გამომცემლები გაერთიანდნენ უმთავრესი მიზნით — დაიცვან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ხელი შეუწყონ ქვეყანაში წიგნის ინდუსტრიისა და ლიტერატურული პროცესების განვითარებას.