პუტინსა და ფაშინიანს შორის მოლაპარაკებები მოსკოვში დაძაბულად წარიმართა

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 1 აპრილს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი საკითხები, ასევე სომხეთის საგარეო ურთიერთობები და ევროკავშირსა და აშშ-სთან მიმდინარე პროექტები. პუტინმა კვლავ იმანიპულირა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ/კუხო) უმოქმედობით 2022 წელს სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმის დროს.

ორი ქვეყნის ლიდერმა გააკეთეს ვრცელი სატელევიზიო განცხადებები, რაც ჯამში დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.

ორივე მხარემ ორმხრივ ურთიერთობებზე დადებით კონტექსტში ისაუბრა; პუტინმა მათ „განსაკუთრებული“ და „საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქვეყანა“ უწოდა, ხოლო ფაშინიანმა ისინი შეაფასა, როგორც „ძალიან ღრმა და სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი“.

პუტინმა ასევე შეაქო ეკონომიკური ურთიერთობები და აღნიშნა, რომ ის „სწრაფი ტემპით ვითარდება“. მან სომხეთის სავაჭრო ბრუნვა აზერბაიჯანისას შეადარა და თქვა, რომ ეს უკანასკნელი, 2025 წლის მონაცემებით 4.9 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო სომხეთის შემთხვევაში – 6.4 მილიარდ დოლარს მიაღწია.

თუმცა, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა 2024 წლის მონაცემს, რომელიც 11 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სავაჭრო ბრუნვის კლება სომხეთის ევროკავშირთან დაახლოებას მიაწერა, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ვარდნის მიზეზი სომხეთიდან რუსული ოქროს რეექსპორტის მკვეთრი შემცირებაა.

შეხვედრის შემდეგ, მომდევნო დღეს, 2 აპრილს, ხუთშაბათს, ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე, ფაშინიანმა ვიზიტი „ძალიან წარმატებულად“ შეაფასა.

„ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ შეთანხმებებს რამდენიმე სფეროში; ფაქტობრივად, ჩვენ დავაფიქსირეთ სპეციფიკური შეთანხმებები ჩვენი დღის წესრიგის ყველა საკითხზე – კულტურის სფეროდან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობამდე“, – განაცხადა ფაშინიანმა.

თუმცა, შეხვედრის შემდეგ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა სომხეთი იმის გამო დაადანაშაულა, რომ ქვეყანა „ძალიან მიუახლოვდა იმ ზღვარს, სადაც  მათ მოუწევთ ამ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობების რესტრუქტურიზაცია“.

ფაშინიანის მოსკოვში ჩასვლისას სომხეთის საელჩოსთან მის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, ხოლო სასტუმროსთან მას მამაკაცი მიუახლოვდა და სთხოვა შვილთან ერთად ფოტო გადაეღო, რათა არასდროს დავიწყებოდათ, ვინ „ჩააბარა“ მთიანი ყარაბაღი.

ევროკავშირი თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი

მოლაპარაკებების დროს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთსა და ევროკავშირს შორის განვითარებად ურთიერთობებს „სრული სიმშვიდით“ უყურებს. ამავდროულად, პუტინმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან (EAEU) საბაჟო კავშირში ერთდროულად ყოფნის შეუძლებლობას.

„ეს უბრალოდ შეუძლებელია. საკითხი პოლიტიკურიც კი არ არის, ის წმინდა ეკონომიკური ხასიათისაა“, – თქვა პუტინმა.

თავის მხრივ, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მათ იციან ამ შეუთავსებლობის შესახებ, „მაგრამ ის, რასაც ისინი აკეთებენ და მათი დღის წესრიგი, ამ მომენტისთვის მაინც, თავსებადია“.

„სანამ არსებობს ამ დღის წესრიგების შეთავსების შესაძლებლობა, ჩვენ გავაგრძელებთ მათ შეთავსებას. ხოლო როდესაც პროცესები მივა იმ წერტილამდე, სადაც გადაწყვეტილების მიღება გახდება საჭირო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ანუ სომხეთის მოქალაქეები, მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან ასევე დაამატა, რომ ამ კონტექსტში სომხეთის ურთიერთობები რუსეთთან „არასდროს დამდგარა და არც დადგება ეჭვქვეშ“.

პუტინმა გაიმეორა მანიპულაცია ОДКБ-ს უმოქმედობასთან დაკავშირებით

სომხეთმა ОДКБ-ში (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) წევრობა 2024 წლის თებერვალში „გაყინა“, მიზეზად კი დაასახელა ალიანსის უარი, დახმარებოდა სომხეთს 2021 და 2022 წლების აზერბაიჯანული თავდასხმების დროს.

თუმცა, პუტინმა ეს ფაშინიანის მთავრობის მიერ 2022 წელს პრაღაში მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებას გადააბრალა. 

ОДКБ-ს (კუხოს) ჩარევა ამ პროცესში, რომელმაც შიდააზერბაიჯანული ხასიათი შეიძინა, აბსოლუტურად არასწორი იქნებოდა, თუ ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად მივიჩნევთ“, – თქვა პუტინმა.

პუტინმა გაიმეორა ის განცხადებები, რომლებიც მანამდე 2024 წელს ყაზახეთში გამართულ ОДКБ-ს სამიტზე გააკეთა (და რომელსაც სომხეთმა ბოიკოტი გამოუცხადა), სადაც ამტკიცებდა, რომ კუხო-ს არანაირი კავშირი არ ჰქონია მთიანი ყარაბაღის მოვლენებთან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სომხეთის წინააღმდეგ აგრესია არ ყოფილა“.

ამ განცხადებამ იმ დროს სომხეთში აღშფოთება გამოიწვია. სომეხმა ფაქტების გადამმოწმებლებმა სწრაფად ამხილეს ის და დაადგინეს, რომ სომხეთმა კუხო-ს დახმარება 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს კი არ სთხოვა, არამედ ალიანსს სამხედრო დახმარების თხოვნით 2022 წლის სექტემბერში, უშუალოდ სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმისას მიმართა.

ოთხშაბათის შეხვედრაზე ფაშინიანმა თქვა, რომ 2022 წელს „კუხო-ს მექანიზმები უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ისინი არ ამოქმედდა და ამან, რა თქმა უნდა, მიგვიყვანა იმ ვითარებამდე, რაც ახლა გვაქვს ორგანიზაციასთან ურთიერთობაში“.

დისკუსია სამველ კარაპეტიანის დაკავების შესახებ

პუტინი ასევე შეეხო პრურუსი სომეხი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის სისხლის სამართლის საქმეს სომხეთის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში. არჩევნები 7 ივნისს არის დანიშნული. 

რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ სომხეთში არსებობს „ბევრი პოლიტიკური ძალა, რომლებსაც პრორუსული პოზიცია აქვთ“ და რუსეთს სურს, რომ მათ „შეძლონ არჩევნების დროს შიდაპოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა“.

„ზოგიერთი, როგორც ვიცი, დაკავებულია, მიუხედავად იმისა, რომ მათ რუსული პასპორტები აქვთ“, – თქვა პუტინმა. მისივე თქმით, რუსეთი არ აპირებს სომხეთის შიდა საქმეებში ჩარევას, „მაგრამ მაინც სურთ, რომ მათ შეძლონ მონაწილეობა ამ შიდაპოლიტიკურ პროცესში“.

სავარაუდოდ, ის გულისხმობდა კარაპეტიანს, რომელიც 2025 წლის დეკემბრიდან შინაპატიმრობაშია. კარაპეტიანს ბრალად ედება სახელმწიფო გადატრიალების მოწოდება. ბრალის წარდგენა მოჰყვა მის მიერ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მხარდასაჭერად გაკეთებულ განცხადებას, 2025 წლის მაისში, როცა მთავრობასა და ეკლესიას შორის  გამწვავებული დაპირისპირება იყო.

„თუ პოლიტიკოსები ვერ შეძლებენ, მაშინ ჩვენ ჩვენებურად მივიღებთ მონაწილეობას ამ ყველაფერში“, – განუცხადა კარაპეტიანმა გამოცემა News.am-ს 2025 წლის ივნისში.

მიუხედავად იმისა, რომ კარაპეტიანი მისი ახლად შექმნილი პარტიიდან „ძლიერი სომხეთი“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელდა, მოქმედი კანონმდებლობით მას ამ პოსტის დაკავება არ შეუძლია.

ფაშინიანმა საპასუხოდ ხაზი გაუსვა სომხეთის დემოკრატიულ ბუნებას, სამოქალაქო თავისუფლებას და აღნიშნა, რომ სომხეთის კანონმდებლობით, „ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებსაც მხოლოდ სომხეთის პასპორტი აქვთ“.

„დიდი პატივისცემის მიუხედავად, რუსული პასპორტის მქონე პირები, სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ვერ გახდებიან ვერც პარლამენტის წევრობის და ვერც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. აქ არანაირი გამონაკლისი არ არსებობს“, – თქვა ფაშინიანმა.

სომხეთის რკინიგზის მენეჯმენტი

2 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ რუსულ მხარესთან შეხვედრისას მათ „დეტალურად განიხილეს“ სომხეთის წინადადება სომხეთის სარკინიგზო ქსელის მართვის უფლების მესამე მხარისთვის გადაცემის შესახებ. 

თებერვალში ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანას, რომელსაც „მეგობრული ურთიერთობა“ აქვს როგორც რუსეთთან, ასევე სომხეთთან, შეუძლია „გამოისყიდოს კონცესიური მართვის უფლება“ სომხეთის რკინიგზაზე, რომელსაც ამჟამად მართავს რუსეთი, 2008 წელს გაფორმებული 30-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე.

ფაშინიანმა მიზეზად დაასახელა სომხეთის მიერ „კონკურენტული უპირატესობის დაკარგვა“ რკინიგზის რუსეთის მიერ მართვის გამო. 2 აპრილს მან აღნიშნა, რომ მხარეები „შეთანხმდნენ ამ საკითხზე დისკუსიების გაგრძელებაზე“. ამავდროულად, ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთს არ აქვს განზრახვა, ცალმხრივად შეწყვიტოს სარკინიგზო კონცესია მოსკოვთან.

თუმცა, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ოვერჩუკმა რუსულ სახელმწიფო მედია TASS-ს განუცხადა, რომ „არანაირი ობიექტური მიზეზი“ არ არსებობს, რომ „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ კონცესია მესამე მხარეზე გაიყიდოს.

„რასაც ჩვენ ვხედავთ, რკინიგზის კონცესიის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, ჯდება სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ გაცხადებულ პოლიტიკურ ლოგიკაში, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოებას,  რომლის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება და რუსეთისადმი მტრულ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად ტრანსფორმირდება“, – განაცხადა ოვერჩუკმა. მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებამ „ტრამპის გზასთან“ დაკავშირებით, რომელიც სომხეთის გავლით აზერბაიჯანს ნახიჩევანის ექსკლავთან აკავშირებს, „რეგიონული ბალანსი დაარღვია“.

ცალკე განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელმაც გამოხატა მოსკოვის მზადყოფნა, სომხეთს კიბერშეტევებთან დაკავშირებით „არა მხოლოდ ექსპერტული შეფასებები მიაწოდოს, არამედ ითანამშრომლოს მთელ რიგ სფეროებში“.

ზახაროვას ეს კომენტარი მოჰყვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის მარტში გაკეთებულ განცხადებას. კითხვას, განიხილავდა თუ არა სომხეთი რუსეთისგან მსგავსი მხარდაჭერის თხოვნას ჰიბრიდულ შეტევებთან საბრძოლველად (როგორც ეს ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა), მირზოიანმა ასე უპასუხა:

„თუ რუსეთს აქვს გამოცდილება ჰიბრიდულ შეტევებთან ბრძოლაში და მზად არის გაგვიზიაროს, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ. დაე, გაგვიზიარონ და ვნახავთ, როგორია ეს გამოცდილება“. 

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.